ბლოგი უროლოგიაზე

500 ლარი თუ 5 ლარი?



კაკუნი ჩემი კაბინეტის კარზე.

- შეიძლება კოტე ექიმო? - შეშფოთებული შემოვარდა ჩემი ძველი პაციენტი.

რა მოხდა მეთქი? -დავიღუპეო! გუშინწინ, ჩემი მეგობრის დაბადების დღე აღვნიშვნეთ, მერე გასართობად წავედით, დაუცველი სექსი მქონდა და მეორე დღეა გამონადენი მაქვს შარდსადენი მილიდანო.

სიმპტომების დაწვრილებით გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოშარდვისას საშინელი წვა და ტკივილიც აწუხებს და ყოველ ჯერზე აქვს შარდის ბუშტის ბოლომდე ვერ დაცლის შეგრძნება.

- რა მეშველება კოტე ექიმო? - პანიკური შიშით შემომჩივლა ბოლოს.

სანამ საქმეს შევუდგებოდით, პირველ რიგში ავუხსენი, რომ ამ შემთხვევაში სამი მიმართულებაა გამოსაკვლევი - უნდა დადგინდეს ბაქტერიული ფონი, უნდა შემოწმდეს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების არსებობა, და უნდა გამოირიცხოს ვირუსები.

რადგან პროსტატაც ჩართული იყო ანთების პროცესში, დიაგნოსტირება ეაკულატის (სპერმის) ბაქტერიოლოგიური კვლევით დავიწყეთ. გამოვლინდა ნაწლავის ჩხირი და ჰონოკოკები.

მომდევნო ეტაპზე გავაკეთეთ ურეთრის ნაცხის კვლევა პჯრ მეთოდიკით, სექსუალური გზით გადამდები მიკრობების გამოსავლენად. პჯრ მეთოდიკა რაღა ჯანდაბააო, დაინტერესდა. ავუხსენი, რომ ამ კვლევის ინფორმატიულობა 90%-ს აღემატება და ჩვეულებრივი ნაცხის ბაქტერიოსკოპიაზე სამჯერ უფრო სარწმუნო მეთოდია. ამ გამოკვლევის შედეგად დადგინდა ქლამიდია, ტრიქომონა და სოკო. დადასტურდა ჰონორეაც. მოკლედ მთელი „ბუკეტი“ მივიღე საჩუქრადო, იხუმრა, და, ეშაფოტისთვის განწირულივით კისრის გადაწევით, ვირუსებზე შემოწმებისთვის მზადყოფნა დამიდასტურა.

ვირუსების გამოსარიცხად საჭირო კვლევები სამი თვით გადავდეთ, რადგან ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ ავლენს თავს და, სამწუხაროდ, მისი დიაგნოსტირება დაუყოვნებლივ ვერ ხდება. ამიტომ მკურნალობის პროცესი იმ პრობლემებთან ბრძოლით დავიწყეთ რაც უკვე დადგინდა.

ჰონორეის (ტრიპერი), პროსტატიტის, ქლამიდიოზის, ტრიქომონიაზისა და სოკოს მკურნალობა დადებითი დინამიკით წარიმართა. ჩივილებმა გაუარა, გამონადენი აღარ ჰქონია, შარდვაც მოუწესრიგდა. საკონტროლო კვლევებმა დაადასტურა ჩვენი სრული გამარჯვება.

სიფილისზე, ჰეპატიტ B, C და აივი ვირუსზე 3 თვის შემდეგ ჩატარებულმა ანალიზებმა უარყოფითი შედეგები აჩვენა, რამაც ორივე ძალიან გაგვახარა. მივულოცე საბოლოო გამოჯანმრთელება და დავემშვიდობე.

- კოტე ექიმო, შეიძლება ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რომ დავითვალე ჩემი გამოჯანმრთელება 500 ლარზე მეტი დამიჯდა და მეყიდა ის ოხერი პრეზერვატივი 5 ლარად, ხომ ყველაფერი კარგად იქნებოდაო? - გამიღიმა და დამემშვიდობა.

დავფიქრდი, მართლაც რამდენად საოცარია, რომ ხშირად ჩვენი დაუდევრობითა და/ან არაინფორმირებულობით ვუშვებთ შეცდომებს რომლის გამოსწორებაზეც ათჯერ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო (და ხშირად არა მხოლოდ ფინანსური).

არის ისეთი კლინიკური შემთხვევებიც, რომლის დროსაც სრულ გამოჯანმრთელებას ვერ ვაღწევთ. ერთ-ერთმა პაციენტმა დააგვიანა მკურნალობა და ანთების შედეგად განუვითარდა შარდსადენი მილის (ურეთრის) სტრიქტურა, 2 ჯერ ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, იმდენად დიდი იყო სტრიქტურის ზომა, რომ სრულიად დადებით შედეგს მაინც ვერ მივაღწიეთ. მახსოვს შემთხვევებიც როცა ერთი დაუცველი სექსის შედეგად პაციენტებს სიფილისი, ჰეპატიტ B, აივი ვირუსი დაუდგინდათ.

ეს პროფესიული გამოცდილება იმის დასტურია, თუ რამდენად დიდ რისკებს შეიცავს და რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ დაუცველმა სექსმა.

დიდი ხანია აფთიაქში ყოველი შესვლისას მახსენდება ჩემი პაციენტის შედარება 500 და 5 ლარის შესახებ. ვირჩევ 5 ლარის დახარჯვას და მშვიდ, აუღელვებელ ცხოვრებას.

მათ კი, ვისაც გსურთ საკუთარ პარტნიორთან დაუცველი სექსუალური ცხოვრების დაწყება, გირჩევთ, ამ მნიშნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე აუცილებლად ჩაიტაროთ დიაგნოსტიკა და შეაფასოთ როგორც თქვენი ისე თქვენი პარტნიორის ჯანმრთელობა. რადგან ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯი შეიძლება გაცილებით „ძვირი“ აღმოჩნდეს, ვიდრე წარმოგიდგენიათ, ხოლო მშვიდი ცხოვრება ყოველგვარი ინფექციური „ბუკეტების“ საფრთხის, ნაცხის კვლევის, და ვირუსებზე შემოწმებების გარეშე, ნამდვილად ღირს ამ მცირე „წინდახედულობად“.

გისურვებთ ჯანმრთელ და ბედნიერ სექსუალურ ცხოვრებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: დაუცველისექსი, პრევენცია, პროსტატიტი, სექსუალურიგზითგადამდებიინფექციები, სოკო, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ჰონორეა