ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებაა რომელიც გვხვდება როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში და ეფექტური შედეგის მისაღწევად მოითხოვს თანამედროვე და სწორ მკურნალობას

ტრიქომონიაზი – არის შარდსასქესო სისტემის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტრიქიმონა ვაგინალისი (Trichomonas vaginalis). ტრიქომონიაზი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული, ყოველდღიურად ამ დაავადებით დაახლოებით 170 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (მჯო) მონაცემებით განვითარებულ ქვეყნებში ტრიქომონიაზით მოსახლეობის დაახლოებით 10%-ია დაავადებული, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - 40%-მდე. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით საყურადღებოა იმ შესაძლო მძიმე შედეგების გამო რაც ტრიქომონიაზს ახასიათებს, მათ შორის დაავადებამ შესაძოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები, როგორიცაა უნაყოფობა, ქალებში ორსულობის პათოლოგია და ა.შ. მამაკაცის ორგანიზმში ტრიქომონა ძირითადად ბინადრობს ურეთრაში, წინამდებარე ჯირკვლებსა და სათესლე ბუშტუკებში.

ტრიქომონიაზით დასნებოვნების გზები

ტრიქომონიაზი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. დედამიწაზე არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც არ იარსებებდა აღნიშნული მიკროორგანიზმი. ზოგიერთი მონაცემებით ტრიქომონიაზი გვხვდება, როგორც ახალგაზრდა და მოწიფული ასაკის მამაკაცებში, ასევე ქალებში, რომლებიც აქტიურ სქესობრივ ცხოვრებას ეწევიან. დაავადება უპირატესად გადადის სქესობრივი გზით, დაუცველი სქესობრივი კავშირის მეშვეობით.

არსებობს ინფექციის გადაცემის კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზაც, თუმცა ამ გზით დასნებოვნების რისკი უმნიშვნელოა, რადგან პარაზიტები ორგანიზმის გარეთ (ტანსაცმელზე, პირსახოცზე, ლოგინის თეთრეულზე) ცხოვრებას აგრძელებენ დროის ძალიან მცირე მონაკვეთში, დაახლოებთ 10-15 წუთის განმავლობაში.

ტრიქომონიაზის სიმპტომები

უმეტეს შემთხვევაში, დაავადება მამაკაცებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. იშვიათად ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

  • გამონადენი შარდსადენი მილიდან;
  • ტკივილი შარდვის დროს;
  • წინამდებარე ჯირკვლის დაზიანებისას – პროსტატიტის სიმპტომები;

ასევე, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლებელია სისხლის გამოყოფა შარდსადენი მილიდან.

გარკვეული დროის შემდეგ აღნიშნული სიმპტომები ცხრება, გამონადენი იღებს ლორწოვან ხასაითს, და შეინიშნება პროცესის ქრონიკული მიმდინარეობა.

ტრიქომონიაზის დიაგნოსტიკა

მამაკაცებს უტარდებათ შარდსადენი მილიდან ნაცხის, სპერმისა ან პროსტატის წვენის გამოკვლევა.

უროგენიტალური ტრიქომონიაზის დიაგნოზის ვერიფიკაცია დამყარებულია ლაბორატორიული კვლევების შედეგებზე – ტრიქომონას აღმოჩენა შემდეგი მეთოდების დახმარებითაა შესაძლებელი:

  • ახალი შეუღებავი პრეპარატის მიკროსკოპული კვლევა. მოცემული მეთოდის თავისებურებას წარმოადგენს, კლინიკური მასალის მიღების შემდეგ დაუყოვნებელი გამოკვლევა. ნატიური პრეპარატის მიკროსკოპული კვლევის უდიდესი მგრძნობელობა და სპეციფიურობა მიიღწევა დაავადების გამოხატული ფორმების დროს.
  • კვლევის მოლეკულურ-ბიოლოგიური მეთოდები – პჯრ და NASBA (ინგლ. NASBA). მთლიანობაში ხასიათდება დიაგნოსტიკური მგრძნობელობის, სპეციფიკურობისა და უტყუარობის მაქსიმალური მაჩვენებლებით. მიღებული შედეგი არ საჭიროებს სხვა მეთოდებით დადასტურებას.
  • კულტურალური გამოკვლევა (დაავადების მცირესიმპტომური და უსიმპტომო ფორმების დროს).

ტრიქომონიაზის მკურნალობა

ტრიქომონიაზის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს მედიკამენტოზური თერაპია. გართულებების განვითარების იშვიათ შემთხვევებში (მაგალითად, ურეთრის სტრიქტურისას) შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.