კანდიდოზი

კანდიდოზი

კანდიდოზი

კანდიდოზი (რძიანა) – სოკოვანი ინფექციების ერთ-ერთი ნაირსახეობა, რომელსაც იწვევს Candida-ს ტიპის საფუარისმაგვარი მიკროსკოპული სოკო (პირველ რიგში - Candida albicans) ქალებთან შედარებით მამაკაცებში ეს დაავადება საკმაოდ იშვიათად გვხვდება და თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს. დაავადება განპირობებულია არამხოლოდ Candida-ს ტიპის სოკოების არსებობით, არამედ მათი დიდი რაოდენობით გამრავლებითაც, ასევე სოკოს პათოგენური შტამების მოხვედრით. უფრო ხშირად კანდიდოზი წარმოიქმნება ზოგადი და ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითების დროს.

კანდიდოზის განვითარების მიზეზები:

ნორმის მიხედვით სოკოვანი მიკროფლორის წარმომადგენლები არსებობენ თითოეული ადამიანის ორგანიზმში. თუმცა სანამ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები იმყოფებიან `ძილის რეჟიმში`, ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად არ არიან საშიში. მხოლოდ გარკვეული პირობების ზემოქმედებით სოკო იწყებს გამრავლებას, შედეგად აზიანებს შინაგან ორგანოებსა და ლორწოვან გარსს. დაავადების გამომწვევი მიკროფლორის გავრცელებისთვის ხელსაყრელი ფაქტორების არსებობისას სოკოთი ორგანოების ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი ძალიან მატულობს. კანდიდოზი ჩვეულებრივ ვითარდება შემდეგი მიზეზების გამო:

  • ინფიცირებულ პარტნიორთან დაუცველი სქესობრივი აქტი;
  • ანტიბიოტიკების მიღება, რომელიც აზიანებს ნაწლავების ბუნებრივ მიკროფლორას;
  • შაქრიანი დიაბეტი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლა;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
  • სტრესი და გადაღლა;
  • იმუნიტეტის დასუსტება;
  • გადატანილი ინფექციური დაავადებები;
  • კლიმატის შეცვლა;
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატების გამოყენება;
  • რაციონში ნახშირწყლების სიჭარბე;
  • დისბაქტერიოზი.

კანდიდოზის კლინიკური მიმდინარეობა

კანდიდოზი მამაკაცებსა და ქალებში მსგავსი სცენარით ვითარდება. პირველ რიგში სოკო აზიანებს სასქესო ორგანოების ლორწოვანს გარსს, ხოლო შემდეგ შესაძლოა, გავრცელდეს სხეულის ნაკეცებზე (იღლიისა და მუხლქვეშა ფოსოში, დუნდულებს შორის და ა.შ.). ასეთ შემთხვევებში მამაკაცებში ანთებით პროცესს თან სდევს შემდეგი სიმპტომები:

  • წვა და ქავილი სასაქესო ასოს თავისა და ჩუჩის მიდამოში;
  • სასაქესო ასოს თავისა და ჩუჩის სიწითლე;
  • სასაქესო ასოს თავსა და ჩუჩაზე თეთრი ნადები;
  • ტკივილი სქესობრივი აქტისას;
  • ტკივილი შარდვისას;
  • შარდვისას სპერმის მსგავსი თეთრი ფერის გამონადენი.

მამაკაცებში კანდიდოზს საკმაოდ ხშირად თან ახლავს მიკოზური ურეთრიტი მტკივნეული და მოხშირებული შარდვით, ასევე კანდიდოზური სტომატიტით, რომლის დროსაც ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი.

კანდიდოზის დიაგნოსტიკა

მამაკაცებში კანდიდოზის დიაგნოსტიკას საფუძვლად უდევს კლინიკური სურათი (პაციენტის გასინჯვა), ხოლო დამატებით – ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. ტესტირება ხორციელდება ტამპონის დახმარებით (პლასტიკის ღერო ბოლოში ბამბის ტამპონით) სხეულის დაზიანებული უბნიდან ქსოვილის პატარა ნიმუშის მისაღებად. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სოკოვანი ფლორა თავისი შემადგენლობით მიეკუთვნება ნორმალურ მიკროფლორას, დიაგნოზის დასასმელად მნიშვნელოვანია რაოდენობითი მიკრობიოლოგიური ანალიზი.

თუ სოკოების დონე არ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს, ორგანიზმში სოკოების აღმოჩენა ჯერ კიდევ არ მიუთითებს ინფექციური დაავადების არსებობაზე. ნორმის მნიშვნელოვანი გადაჭარბება – მეტყველებს კანდიდოზურ დაზიანებაზე. ამ შემთხვევაში ტარდება არამარტო ნაცხის მიკროსკოპია, არამედ ბაქტერიოლოგიური გამოკვლევაც, რომელიც საშუალებს იძლევა, განისაზღვროს აღმოჩენილი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებზე.

კანდიდოზის მკურნალობა

მამაკაცებში კანდიდოზის მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდს წარმოადგენს კომპლექსური თერაპია. ის მოიცავს სისტემური და ადგილობრივი სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას. კანდიდოზური ბალანოპოსტიტის დროს (სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ანთება) საკმარისია დაზიანებული უბნების ადგილობრივი მკურნალობა. კანდიდოზის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური, ეტაპობრივი, მოიცავადეს არამარტო სოკოს მოცილებას, არამედ მიდრეკილების მქონე ფაქტორების ლიკვიდაციასა და თანმხლები დაავადების მკურნალობასაც.