ქლამიდიოზი

ქლამიდიოზი (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადება).

ქლამიდიოზი არის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადება. დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს მნიშვნელოვანი გართულებები.

ქლამიდიოზი – ქლამიდიებით (Chlamydia trachomatis) გამოწვეული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებაა. ის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია დაავადებათა ამ ჯგუფში. ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით ქლამიდიოზით მსოფლიოში 100 მლნ ადამიანი ავადდება, ხოლო დაინფიცირებულთა სრული რიცხვი ერთ მილიარდს აღწევს.

ქლამიდიოზით დასნებოვნების გზები

უმეტეს შემთხვევაში ქლამიდიოზით დასნებოვნება ხდება სქესობრივი კონტაქტის დროს საშოსა და სწორ ნაწლავში. ორალური სექსის დროს ინფექციის გავრცელება შესაძლებელი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა.

მშობიაობის შემდეგ შესაძლოა ახალშობილის დაინფიცირება კონიუნქტივიტისა და ფილტვების ანთების განვითარებით.

საყოფაცხოვრებო გზით ინფექციის გადადება ნაკლებ მოსალოდნელია. მარტივი სასაუბრო ენით თუ ავხსნით, დაბალი რისკი განპირობებულია იმით, რომ ქლამიდიოზის განვითარება ორგანიზმში მხოლოდ გარკვეული („საკმარისი“) რაოდენობის ქლამიდიის მოხვედრისას შეიძლება, ქლამიდია კი ადამიანის ორგანიზმის გარეთ სწრაფად კვდება და საყოფაცხოვრებო პირობებში მისი დიდი რაოდენობით გადარჩენის მცირე შანსი მციეა. შესაბამისად უნიტაზის საჯდომი, საცურაო აუზი, აბანო, საერთო ჭურჭელი ან პირსახოცი და მსგავსი წყაროები ინფიცირების მიზეზი არ ხდება.

ქლამიდიოზის სიმპტომები

ქლამიდიოზი ხშირად მიმდინარეობს გამოხატული ნიშნების გარეშე და საერთოდ არანაირად ვლინდება. თუ პაციენტს აღენიშნება ქლამიდიოზის მწვავე ფორმა, მაშინ შესაძლოა გამოხატული სიმპტომი იყოს შარდსადენი მილიდან მცირე ოდენობით მინისებრი გამონადენი, უმეტსეად დილით. გამონადენის ფერი შეიძლება იყოს მოყვითალო. ასევე შარდვისას შესაძლოა ქავილი ან დისკომფორტი, შარდსადენ მილში წვისა და ტკივილის შეგრძნება, ურეთრის ბაგეების შეწებება.

საერთო მდგომარეობა ნაკლებად იცვლება თუმცა შესაძლოა გამოხატული იყოს სისუსტე, ინტოქსიკაციის მსუბქი ნიშნები, სხეულის ტემპერატურის უმნიშვნელო მატება. ქლამიდიოზის ნიშნები ნაკლებსპეციფიკურია და პრაქტიკულად არ განსხვავდება სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციებისგან.

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა

სასქესო ორგანოების ქლამიდური ინფექციის დიაგნოსტიკა საკმაოდ რთულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ქლამიდია არის უჯრედშიდა მიკროორგანიზმი. სწორედ ასეთი უჯრედშიდა ცხოვრების ფორმასთანაა დაკავშირებული შარდსასქესო ორგანოების ქრონიკულ დაავადებათა მრავალრიცხოვანი რეციდივი. კერძოდ, ქლამიდია იმყოფება უჯრედების შიგნით და როცა მისთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები, გამოდის უჯრედიდან და იწვევს ქრონიკული ანთებითი პროცესის გამწვავებას.

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის მეთოდებს მიეკუთვნება:

  • ექსპრეს-ტესტი
  • ნაცხი
  • იმუნური ფლუორესცენციის რეაქცია (იფრ)
  • სეროლოგიური მეთოდები (კომპლემენტის შებოჭვის რეაქცია – კშრ)
  • იმუნოფერმენტული ანალიზი (იფა)
  • კულტურალური მეთოდი (ბაქტერიოლოგიური ნათესი)
  • დნმ-მეთოდი (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია – პჯრ, ლიგაზური ჯაჭვური რეაქცია – ლჯრ, ტრანსკრიფციული ამპლიფიკაცია – ტა, დნმ - ზონდების მეთოდი)

დღესდღეობით შეუძლებელია, გამოვყოთ ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის საუკეთესო მეთოდი, ვინაიდან თითოეულ მეთოდს გააჩნია თავისი ღირსება და ნაკლი. ქლამიდიის გამოვლენის მაქსიმალური ეფექტურობისთვის საჭიროა მეთოდი შერჩეულ იქნას კონკრეტული კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე

ქლამიდიოზის მკურნალობა

მკურნალობა დამყარებულია ანტიბაქტერიული თერაპიის ინდივიდუალურად შერჩეულ კურსზე.