პროსტატა

პროსტატა (წინამდებარე ჯირკვალი)

პროსტატა (წინამდებარე ჯირკვალი) მამაკაცის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და შესაძლოა გახდეს ისეთი სერიოზული დაავადებების მიზეზი, როგორიცაა პროსტატის სიმსივნე, პროსტატიტი და ადენომა.

პროსტატა (წინამდებარე ჯირკვალი, prostata, s.glandulaprostatica) - მამაკაცის სასქესო სისტემის უმთავრესი კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანოა, რომლის სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული, არამხოლოდ სექსუალური შესაძლებლობები, არამედ მამაკაცთა ნორმალური ცხოვრებაც. წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების (პროსტატიტი, ადენომა და წინამდებარე ჯირკვლის კიბო) შემთხვევების სიხშირე თანდათანობით მატულობს.

რით არის პროსტატა ასეთი განსაკუთრებული ორგანო? რა ფუნქცია აკისრია მას და რატომ უნდა მოვეკიდოთ მას ყურადღებით? იმისთვის, რომ გავერკვეთ რა არის პროსტატის პათოლოგიების გაჩენის მიზეზები, აუცილებელია გავეცნოთ მის სტუქტურას, ფუნქციონირებასა და დანიშნულებას.

სად მდებარეობს პროსტატა და როგორია მისი სტუქტურა?

წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ და უკავია ურეთრის (შარდსადენი მილი) ზედა ნაწილი. არასწორი მომრგვალებული ფორმით წააგავს წაბლს (ფუძის მხარე ზედაპირისკენაა მიმართული).

პროსტატაში გამოყოფენ 4 ძირითად ზონას:

  1. ცენტრალური ზონა,
  2. პერიფერიული ზონა,
  3. გარდამავალი ზონა,
  4. წინა ფიბრო-მუსკულარული სტრომა.

პროსტატისთვის დამახასიათებელია რთული ნერვული აპარატი. ის მკვეთრად მგრძნობიარეა თუნდაც უმნიშვნელო პათოლოგიურ ცვლილებებზე, რეაგირებს როგორც საერთო, ასევე ადგილობრივ დარღვევებზე.

სამედიცინო თვალსაზრისით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, წინამდებარე ჯირკვლის ორი ზონა - პერიფერიული და გარდამავალი. პერიფერიული ზონა შეიძლება გამოკვლეულ იქნას რექტალურად (ყველაზე ხშირად, ამ ზონაში ვითარდება პროსტატის კიბო). გარდამავალ ზონაში კი - წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, ასევე ცნობილი, როგორც პროსტატის ადენომა.

რა როლს ასრულებს პროსტატა მამაკაცის ცხოვრებაში?

  • პროსტატის უპირველესი ფუნქციაა რეპროდუქციული ფუნქცია. იგი გამოყოფს განსაკუთრებულ, მკვებავ სეკრეტს, რომელიც სპერმატოზოიდების სასიცოცხლო ფუნქციისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის. ამის წყალობით, ისინი, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებენ განაყოფიერების უნარს.
  • გარდა ამისა პროსტატა ასრულებს ბარიერულ ფუნქციას. ეაკულაციის დროს ერთდროულად ხდება სპერმატოზოიდების გამოდინება სათესლე ჯირკვლებიდან და სითხის გამოსვლა პროსტატიდან. პროსტატა ბლოკავს შარდის ბუშტის ყელს, რათა არ დაუშვას ეაკულატში შარდის მოხვედრა.
  • მესამე ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ წინამდებარე ჯირკვალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოშარდვის პროცესში. შარდის ნორმალური გამოყოფა მოითხოვს პროსტატის მოდუნებას. თუ ეს ასე არ ხდება, ან პროსტატის ზომა გადიდებულია ანთების გამო, ან პროსტატაში ადენომა ან კიბოა განვითარებული, მოშარდვის პროცესი რთულდება, ხდება მტკივნეული და გახშირებული.

როდის უნდა შევიტანოთ ეჭვი, რომ პროსტატა ჩვენი პრობლემების მიზეზია?

თუ თქვენ აღგენიშნებათ შემდეგი სახის ჩივილები, აუცილებელია მიმართოთ ექიმ-უროლოგს:

  • ტკივილი მოშარდვის დროს;
  • შარდის ნაკადისა და მისი ინტენსივობის შემცირება;
  • მოშარდვის დაწყების შენელება;
  • შარდის წყვეტილი ნაკადი;
  • შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება;
  • ხშირი შარდვა;
  • გართულებული შარდვა;
  • ტკივილები წელის ქვედა ნაწილში, შარდის ბუშტის ან შორისის არეში (ანალურ ხვრელსა და სასქესო ორგანოს შორის);
  • წვის შეგრძნება მოშარდვის დროს;
  • ეაკულაციის შემდეგ თავის ტკივილი და დისკომფორტი;
  • ეაკულატის რაოდენობის შემცირება ან მისი არ არსებობა;
  • სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება;
  • ემოციური აშლილობები (გაღიზიანება, დეპრესია და სხვა).

რა ზრდის პროსტატის სხვადასხვა პათოლოგიის განვითრების რისკს?

  • ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი: „მჯდომარე“ პროფესიების მქონე მამაკაცებს (პროგრამისტები, მწერლები, მძღოლები) დარღვეული აქვთ წინამდებარე ჯირკვლის კვება, აუცილებელი ნივთიერებებითა და ჟანგბადით;
  • გადაცივება. დაუშვებელია ცივ საგნებზე ჯდომა. რეკომენდირებულია ჩაცმა ამინდის მიხედვით;
  • არასწორი კვება. მამაკაცების რაციონი უნდა იყოს მრავაფეროვანი, შეიცავდეს ზღვის პროდუქტებს, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს. სასურველია შევზღუდოთ მწარე, მჟავე, მარილიანი კერძები და ალკოჰოლური სასმელები;
  • მავნე ჩვევები;
  • საკმაოდ ხშირი სქესობრივი აქტები;
  • რეგულარული სქესობრივი ცხოვრების არ ქონა მუდმივ პარტნიორთან, ან თავშეკავება;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;

თუმცა, წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების, უპირველეს ყოვლისა კი, კიბოსა და ადენომის განვითარების ძირითად რისკ-ფაქტორად, ასაკს მიიჩნევენ. ასაკის მატებასთან ერთად მამაკაცთა უმრავლესობას აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები და ჩივილები მოშარდვასთან დაკავშირებით, რომლებიც თანდათან ვლინდება და პროგრესირებს. თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმ-უროლოგს და არ მიიღებს სწორ მკურნალობას, ეს პრობლემები სხვადასხვა გართულებების მიზეზი გახდება.

ცალკე საკითხია, პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის მნიშვნელობა, ცნობილი როგორც PSA. ჩვენს საიტზე მას ცალკე თავი მიეძღვნა.