პროსტატიტი

პროსტატიტი (პროსტატის ანთება)

მწვავე და ქრონიკული პროსტატიტი იმ უროლოგიურ პრობლემებს მიეკუთვნება რომლებიც ხშირად გვხვდება მამაკაცებში ასაკის მიუხედავად. მკურნალობა უნდა შეირჩეს ექიმი უროლოგის მიერ ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

პროსტატა ძალზედ ხშირად ხდება სამიზნე ინფექციური, და უპირველეს ყოვლისა ბაქტერიული დაავადებებისათვის. ხშირად ანთება პროსტატაში ინფექციის გარეშე წარმოიშვება. პროსტატის ანთებას პროსტატიტს უწოდებენ. გამოყოფენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმას. ეს ორი სავსებით განსხვავებული პრობლემაა, თუმცა მწვავე პროსტატიტი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

მწვავე პროსტატიტი მძიმედ მიმდინარეობს - პაციენტს აღენიშნება ტკივილები და ჭრა შარდვისას, ხშირი შარდვა, სხეულის მომატებული ტემპერატურა.

ქრონიკული პროსტატიტიტ ვლინდება სხვაგვარად, სიმპტომები უფრო მრავალფეროვანია და შეიძლება მოიცავდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთს ან რამოდენიმეს:

  • შარდვის დარღვევა, რომლიც დაკავშირებულია ურეთრის სანათურის შევიწროვებასთან:
    • შარდვის დაწყების გაძნელება
    • წყვეტილი შარდვა
    • შარდის სუსტი ნაკადი
    • შარდვა წვეთებით
    • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
    • შარდის უნებლიე გამოყოფა
  • ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვევით, საზარდულის ადგილებში, ბარძაყების შიდა ზედაპირზე და წელზე;
  • სექსუალური დარღვევები - ნაადრევი ეაკულაცია, ტკივილი სქესობრივი აქტის ან ეაკულაციის დროს, ერექციული დისფუნქცია.

რა შეიძლება გახდეს პროსტატიტის გამომწვევი მიზეზი?

  • ბაქტერიული ინფექცია
  • სისხლის მიმოქცევის დარღვევა მცირე მენჯის ორგანოებში (შეგუბებითი მოვლენები პროსტატაში მის ანთებას იწვევენ)
  • ცხოვრების ნაკლებმოძრავი და მჯდომიარე წესი
  • ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება, შეწყვეტილი სქესობრივი აქტი ან სქესობრივი აქტის ხელოვნური გაგრძელება.
  • ორგანიზმის ხშირი გაციება
  • სტრესი: ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვები

ხშირ შემთხვევაში პროსტატიტის განვითარების კონკრეტული მიზეზის დადგენა შეუძლებელია. თუმცა, ჩემი შეხედულებით და გამოცდილებით, პაციენტთა უმრავლესობას პროსტატიტი უვითარდება რომელიმე ზემოთაღწერილი მიზეზების შედეგად.

პროსტატიტის დიაგნოსტიკა

პროსტატიტის დიაგნოსტირების მეთოდებს შორის აღსანიშნავია შემდეგი:

  • ფიზიკალური გამოკვლევა, ანამნეზის შეკრება.
  • გამოკვლევის ინსტრუმენტალური მეთოდები:
    • მათ შორის პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება საერთო კლინიკური სურათის შეფასებისა და მწვავე პროსტატიტის გართულების (პროსტატის აბსცესი) შესახებ ეჭვის დროს.
    • უროფლოუმეტრია, ნარჩენი შარდის მოცულობის განსაზღვრა
  • ლაბორატორული გამოკვლები:
    • მიკროსკოპია და პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა
    • შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი
    • შარდის დათესვა, ცალკეულ შემთხვევებში ეაკულატის დათესვა
    • შემოწმება ინფექციაზე, რომელიც სქესობრივი გზით გადადის
    • პროსტატის სპეციფიური ანტიგენი (პსა) - საშუალებას იძლევა ჩატარებული იქნას პროსტატიტის და წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნის დიფერენციალური დიაგნოსტიკა, ასაკობრივი ჯგუფის პაციენტებში.

როგორ ვუმკურნალოთ პროსტატიტს?

  • დიდი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების სტილის შეცვლას, რომელიც საშუალებას იძლევა თავიდან ავიცილოთ ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ ქრონიკული პროსტატიტის მიმდინარეობის გამწვავებას.
  • ანტიბაქტერიული თერაპია წარმოადგენს პროსტატიტის მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს. უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეპარატის და მკურნალობის ხანგრძლივობის სწორად შერჩევა. ჩემს პრაქტიკაში მე ხშირად ვხედავ პაციენტებს, რომლებიც არასისტემურად იღებენ ყველაზე განსხვავებულ ანტიბიოტიკებს. მსგავსი მკურნალობა არამარტო შედეგს არ მოიტანს, არამედ ასევე ჯანმრთელობისათვის ძალიან საშიშია. მწვავე პროსტატიტის დროს სწორედ ანტიბაქტერიული თერაპია შეადგენს მკურნალობის საფუძველს.
  • აასს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება)- საშუალებას იძლევა შევამსუბუქოთ სიმპტომები;
  • კომბინირებული თერაპია ანტიბიოტიკებით და ალფა-1-ბლოკატორებით- განსაკუთრებით ეფექტურია შარდვის დარღვევის მქონე პაციენტებში.
  • ფიზიოთერაპიის სხვადასხვა ფორმები წარმოადგენენ ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ეფექტურ მეთოდს. ბევრ შემთხვევაში პაციენტებს სჭირდებათ მსგავსი მკურნალობის კურსი, რომლებიც გამეორებული უნდა იქნას აუცილებლობისდა მიხედვით. წინამდებარე ჯირკვლის მასაჟი ასევე, ფიზიოთერაპიის ერთ ერთი ფორმაა.
  • ქირურგიული მკურნალობა გამოიყენება გართულებების განვითარების შემთხვევაში.

მენჯის ქრონიკული ტკივილის პრობლება, რომელიც მამაკაცებში მჭიდროდაა დაკავშირებული ქრონიკულ პროსტატიტთან, ცალკეა განხილული და შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე შესაბამისი სათაურით.