ბლოგი უროლოგიაზე

ხუთი მთავარი ნაბიჯი შარდსასქესო სისტემის დასაცავად



ჩემი პაციენტები სულ უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ თავიანთ ჯანმრთელობას, პროფილაქტიკური მედიცინის აქტუალობაც იზრდება. მე მინდა ამ პოსტში ხუთი მთავარი ნაბიჯი გაგაცნოთ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას, კერძოდ, თქვენი ორგანიზმის შარდსასქესო სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებას ძალზე წაადგება.

პირველი ნაბიჯი - საკმარისი სითხის მიიღება. სითხის ნაკლებობა ზოგადი ჯანმრთელობის სტატუსზეც აისახება, ჩვენს სფეროში კი ყურადღებას ორ ფაქტორზე გავამახვილებ:

- არასაკმარისი სითხის მიღებისას ირღვევა შარდის ქიმიური ბალანსი და საშარდე სისტემაში კენჭების გაჩენის საფრთხე იმატებს.

- არასაკმარისი სითხის მიღებისას იმატებს საშარდე სისტემის ინფექციის განვითარების რისკი. მამაკაცებში საშარდე სისტემის ინფექცია კი, თავის მხრივ, შესაძლოა პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების ანთებითაც კი გართულდეს.

მეორე ნაბიჯი - ზოგადი გასინჯვა. შხაპის მიღების დროს, კარგი იქნება, მამაკაცებმა ისევე გაისინჯონ სათესლე ჯირკვლების არე და სასქესო ასო, როგორც ქალები იმოწმებენ სარძევე ჯირკვლებს ზოგადი გასინჯვით. თუ ასეთი გასინჯვისას რაიმე სახის წანაზარდს, გამობურცულობას, სიმაგრეს, სიწითლეს აღმოაჩენთ ან დისკომფორტსა და ტკივილს იგრძნობთ, მიმართეთ ექიმ-უროლოგს.

მესამე ნაბიჯი - უარი თქვათ მავნე ჩვევებზე (თამბაქო, ალკოჰოლი და სხვ.). თუ ერთბაშად ვერ გადადგამთ ამ ნაბიჯს, მინიმუმამდე მაინც შეამცირეთ:

- გამოუცხადეთ უკომპრომისო ბრძოლა ჭარბ წონას - ივარჯიშეთ და ნაკლებად მიიღეთ მავნე საკვები. ცხიმების, ტკბილეულის, მარილის დიდი დოზით მიღება ძალზედ ვნებს თქვენს ჯანმრთელობას და მკვეთრად ზრდის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის განვითარების რისკს, როგორებიცაა დიაბეტი, უროლითიაზი, ათეროსკლეროზი და სხვ.

- მედიკამენტების, ფიტოპრეპარატების თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული. თუ ჩივილები გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა ჩატარდეს დიაგნოსტიკა, დაისვას სწორი დიაგნოზი და დაინიშნოს სწორი, დროული და სათანადო მკურნალობა. ნებისმიერი მედიკამენტის მიღება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს. ქართული ენაც მოწმობს, რომ „წამალსა“ და „საწამლავს“ შორის მცირედი სხვაობაა.

- თამბაქო. კლინიკური კვლევები გვიჩვენებს, რომ მწეველთა შორის თირკმლისა და შარდის ბუშტის კიბოს განვითარების რისკი 50%-ით მაღალია. თითქმის იმავე პროცენტით მეტია პროსტატის კიბოს განვითარების რისკი მწეველებში. კიბო - ავთვისებიანი სიმსივნე, უბრალო გაციება არ არის. ის სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის და თუ მისი განვითარების რისკს რაიმე 50%-ით ზრდის, უმჯობესია უარი ვთქვათ მასზე. ისიც გავითვალისწინოთ, რომ თამბაქოს მოხმარება აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, მამაკაცებში კი ერექციულ დისფუნქციას იწვევს.

მეოთხე ნაბიჯი - წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტარეთ სხვადასხვა ტესტი და კლინიკური კვლევა, როგორებიცაა:

- საერთო პსა-ს განსაზღვრა (40 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში)

- შარდის საერთო ანალიზი, სისხლის საერთო ანალიზი

- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა

- წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ულტრაბგერითი კვლევა (40 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებში).

და ბოლოს, მეხუთე ნაბიჯი - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სიწყნარე. სამწუხაროდ, ჩვენი ცხოვრება სავსეა სტრესით, ხშირად გვიწევს ნერვიულობა, რაც უძილობას იწვევს. უძილობისას მთელ ჩვენს ორგანიზმში ფუნქციონალური რღვევა იწყება და, რასაკვირველია, ვეღარც იმ შემაწუხებელი პრობლემის მოგვარებას ვახერხებთ, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩაგვაგდო. ასე იკვრება წრე, რომელსაც ჩვენ, დაღლილები და განადგურებულები, თავს ვეღარ ვაღწევთ. ამიტომ აუცილებელია მივმართოთ სამედიცინო დახმარებას, რათა ცხოვრების გამოწვევები და პრობლემები ჯანმრთელობაზე მკვეთრად არ აისახოს.

გაითვალისწინეთ ეს ხუთი რჩევა და მეტი ყურადღება გამოიჩინეთ თქვენი ჯანმრთელობის მიმართ.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: პრევენცია, შარდსასქესოსისტემა