შარდ-კენჭოვანი დაავადება

შარდ-კენჭოვანი დაავადება

საქართველოში საკმაოდ ხშირად გვხვდება საშარდე გზების კენჭები. თირკმლის, შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის კენჭების სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დროული მკურნალობა, ხოლო შემდეგში, მათი განმეორებითი წარმოშობის თავიდან არიდება

შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტები ნებისმიერი უროლოგის პრაქტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს. ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა - განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აღენიშნებათ კენჭები თირკმელებში, შარდსაწვეთებში და/ან შარდის ბუშტში. საქართველო სამწუხაროდ მიეკუთვნება შარდ-კენჭოვანი დაავადების გამოვლენის მაღალი სიხშირის ქვეყნებს, რაც გამოწვეულია მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის შედარებით თბილი კლიმატი (რაც ხელს უწყობს გაუწყლოებას), დიეტის თავისებურებანი, და სხვა.

შარდ-კენჭოვანი დაავადების მნიშვნელობა საკმაოდ დიდია. თირკმელებისა და შარდსაწვეთების კენჭები იწვევს ძლიერ ტკივილს, რაც ცნობილია როგორც თირკმლის ჭვალი. კენჭებს ასევე შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული გართულებები სეფსისისა და თირკმლის უკმარისობის ჩათვლით. კენჭები შარდის ბუშტსა და ურეთრაში ხელს უწყობს შარდვის დარღვევის განვითარებას და შესაძლოა თირკმლის ფუნქციაზეც აისახოს.

თუ შარდ-კენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, მეტად მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ დროული უროლოგიური მკურნალობა. ეს თავიდან აგაცილებთ გართულებებს. გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში კენჭების ქირურგიული მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მის ზომაზე. შესაბამისად, სანამ კენჭები მცირე ზომისაა, მათი მოცილება ხშირად შესაძლებელია ენდოსკოპიური ჩარევით. მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში კენჭი დროთა განმავლობაში იზრდება და მისგან გასათავისუფლებლად, შესაძლოა, გაცილებით მასშტაბური ქირურგიული ჩარევის აუცილებლობამდე მივიდეთ.

ამ ნაწილში დაწვრილებით განვიხილავ შარდკენჭოვანი დაავადების სხვადასხვა ფორმებს. ასევე წაიკთხავთ რეკომენდაციებს მკურნალობის და პრევენციის შესახებ.