შარდის ბუშტის კიბო

შარდის ბუშტის სიმსივნე

შარდის ბუშტის კიბო არის ავთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც შარდის ბუშტის ეპითელიუმისგან მისსავე კედელში ყალიბდება და მეტასტაზირებს სხვა ორგანოებში.

შარდის ბუშტის კიბო წარმოადგენს შარდის ბუშტის ლორწოვან გარსში, ან მის კუნთოვან შრეში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნების გაჩენით განპირობებულ დაავადებას.

სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნული დაავადებით, უმეტესად 40 წელს ზემოთ მამაკაცები ავადდებიან.

შარდის ბუშტის კიბოს მიზეზები და სიმპტომები

შარდის ბუშტის სიმსივნის განვითარების მთავარი მიზეზი კანცეროგენული ნივთიერებების ზემოქმედებაა, რომლებიც შარდთან ერთად გამოიყოფიან და შარდის ბუშტის ლორწოვან გარსზე რეაგირებენ. მაღალი რისკის ჯგუფში შედიან:

  • მწეველები (დაავადების რისკი 10-ჯერ მაღალია)
  • ადამიანები, რომლებიც მუშაობენ არომატულ ამინებთან
  • შარდის ქრონიკული შეგუბებითა და ცისტიტით დაავადებულები
  • რადიაციული საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანები
  • შარდის ბუშტის შისტოსომოზით დაავადებულები

ყველაზე ხშირად, პაციენტები ექიმს შარდში სისხლის გაჩენის ჩივილებით მიმართავენ. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ ჰემატურია შესაძლებელია პერიოდულად შეწყდეს და შემდეგ ისევ დაიწყოს. ხშირად ასეთ პაციენტებს ენიშნებათ სისხლდენის შესაჩერებელი პრეპარატები და ამით სამკურნალო ღონისძიებები სრულდება, მაგრამ სიმსივნე ზრდას არ წყვეტს.

ზოგიერთი პაციენტი ხშირ შარდვას უჩივის. როცა სიმსივნე კუნთოვან შრეში ვრცელდება, ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ემატება ყრუ ტკივილი ბოქვენის არეში, რომელიც გადაეცემა გავის ძვლისა და შორისის არეს. ბოლო სტადიებზე პაციენტები იტანჯებიან ანორექსიით, სუსტდებიან, სწრაფად იღლებიან და წონაში კლებულობენ.

შარდის ბუშტის კიბოს სტადიები

შარდის ბუშტის კიბო თანდათანობით ვითარდება. ადრეულ სტადიებზე კიბოს უჯრედები ვითარდება მხოლოდ ლორწოვან გარსზე, რომელიც ფარავს შარდის ბუშტის კედელს. ამგვარი სიმსივნე შეიძლება, ენდოსკოპიური გზით სრულად ამოიკვეთოს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში შარდის ბუშტის კიბო პროგრესირებს და ვრცელდება კედლის კუნთოვან ნაწილში. მკურნალობის არარსებობისას, სიმსივნის შემდგომი ზრდა იწვევს შარდის ბუშტის გარშემო არსებული ქსოვილებისა და ორგანოების დაზიანებას, ასევე მეტასტაზირებას (კიბოს უჯრედების გავრცელებას) სხეულის ცალკეულ ნაწილში, მაგალითად ფილტვებში და ლიმფურ კვანძებში.

შარდის ბუშტის კიბოს დიაგნოსტირება

ზუსტი დიაგნოზის დასმა მხოლოდ უროლოგს შეუძლია. მაქსიმალური სიზუსტისთვის აუცილებელია დეტალური და სპეციფიკური გამოკვლევები. პირველ რიგში, ტარდება მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. თუ პაციენტი უჩივის გაუგებარ ჰემატურიას (სისხლს შარდში), ტარდება ექსკრეტორული უროგრაფია. გარდა ამისა, დიაგნოზის დასასმელად საჭიროა შარდის ციტოლოგიური გამოკვლევა, ცისტოსკოპია. დაავადების დიაგნოზი, უმთავრესად, დამოკიდებულია შარდის ბუშტის ცისტოსკოპიურ გამოკვლევაზე, ბიოფსიასა და შარდის ციტოლოგიურ გამოკვლევაზე. მეტასტაზირების დასადგენად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები, რაც აუცილებლად მოიცავს კომპიუტერულ ტომოგრაფიას (კტ) ან მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას (მრტ).

შარდის ბუშტის კიბოს მკურნალობა

მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა პირდაპირ დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე. გარდა ამისა, აუცილებელია პაციენტის ასაკობრივი მაჩვენებლების და მისი ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინება.

მკურნალობის მთავარი მეთოდებია

  • ოპერაციული ჩარევა
  • ინსტილაცია შარდის ბუშტში
  • სხივური თერაპია
  • ქიმიოთერაპია

უნდა გვახსოვდეს, რომ შარდის ბუშტის კიბო მიდრეკილია რეციდივისკენ – განმეორებით გამოვლენისკენ. სწორედ ამ მიზეზით ადამიანებმა, რომლებმაც ჩაიტარეს მკურნალობა, რეკომენდებულია, რეგულარულად მიმართონ უროლოგს და შესაძლო რეციდივების ადრეული გამოვლენის მიზნით ჩაიტარონ გამოკვლევა. პირველი ორი წლის განმავლობაში არანაკლებ 3-6 თვეში ერთხელ.

პროფილაქტიკური ზომები

შარდის ბუშტის კიბოს ალბათობის შესამცირელად უნდა გავითვალისწინოთ ზოგიერთი რეკომენდაცია და დავიცვათ მარტივი პროფილაქტიკური ზომები. მათ შორის - მოერიდეთ ქიმიურ წარმოებაში მავნებელ სამუშაოს, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და დროულად იმკურნალეთ თუ შარდის ბუშტის რაიმე ქრონიკული ან ანთებითი დაავადება გაწუხებთ.