პსა

პროსტატის სპეციფიური ანტიგენი (პსა): პროსტატო-სპეციფიური მარკერი

პროსტატის სპეციფიური ანტიგენი (პსა) წარმოადგენს პროსტატის კიბოს მნიშვნელოვან რისკ-მარკერს, თუმცა მისი დონე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული.

პროსტატის სპეციფიური ანტიგენი (პსა) წარმოადგენს ცილას, რომელიც გამომუშავდება პროსტატის უჯრედების მიერ და შემდგომში ხდება მისი სეკრეცია სათესლე სითხეში. ამ ცილის ძირითადი ფუნქციაა სათესლე სითხის ბლანტი მასის გათხიერება.

პსა-ს გააჩნია არსებობის ორი ფორმა, თავისუფალი (5-35%) და პროტეაზთა ინჰიბიტორებით შეკრული, (65-95%). მათი ჯამური მაჩვენებელი იწოდება საერთო პსა-ად.

პსა-ს გამოყენება დიაგნოსტიკური მიზნებით დაიწყო 1980-იანი წლების ბოლოს, რამაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკასა და მკუნალობის სფეროში. მიუხედავად ამისა, პსა წარმოადგენს არა ონკოლოგიურ, არამედ პროსტატო – სპეციფიურ მარკერს. სისხლის შრატში პსა-ს რაოდენობის მომატება შეიძლება გამოწვეული იქნას როგორც პროსტატის არაკეთილთვისებიანი სიმსივნით, ასევე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით (წჯკჰ) ან ანთებით.

როდის იცვლება პსა-ს რაოდენობა სისხლში?

  • ანალიზის ჩატარებისას ხელოვნურად გაზრდილი პსა-ს დონის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია სპერმის ამოფქრვევისაგან თავის შეკავება ანალიზის ჩატარებამდე მინიმუმ 48 საათის განმავლობაში.
  • პროსტატის ფიზიოთერაპიის კურსის ჩატარებამ შესაძლოა გამოიწვიოს პსა-ს დონის მატება, რის გამოც რეკომენდირებულია კვლევის ჩატარება ფიზიოთერაპიის კურსის შემდეგ მინიმუმ 3 დღიანი შუალედით. ხოლო რექტალური კვლევა თითის მეშვეობით ახდენს მინიმალურ, კლინიკურად უმნიშვნელო გავლენას პსა–ს დონეზე.
  • პროსტატის ტრანსრექტალური ულტრაბგერითი კვლევა ახდენს გავლენას სიხლის შრატში პსა-ს დონეზე, ამიტომ რეკომენდირებულია პსა-ს კვლევა, ზემოაღნიშნული პროცედურიდან მინიმუმ 2 კვირის შემდეგ.
  • ბიოფსიის ჩატარებისას ხდება პსა-ს დონის მნიშვნელოვანი მატება, რის გამოც რეკომენდირებულია პსა-ს დონის კვლევის ჩატარება აღნიშნული ჩარევდან არა უახლოესი 6 კვირის განმავლობაში.
  • იმ პაციენტებს, რომლებიც პროსტატის მკურნალობის მიზნით 1 წლის განმავლობაში ღებულობდნენ 5-а რედუქტაზებს, პსა-ს დონე სისხლში უმცირდებათ 50 %-ით, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სკრინინგის შედეგების შეფასებისას.
  • ცისტოსკოპია ასევე იწვევს პსა-ს დონის აწევას.

პროსტატის კიბოს რისკი ვარირებს პსა-ს დონის მიხედვით. 40 წელს გადაცილებული მამაკაცების 97%-ისთვის პსა-ს დონე ნაკლებია 4.0 ნგ/მლ-ზე, რაც მიღებულია ზღვრულ ნიშნულად.

აღსანიშნავია, რომ არ არის დადგენილი პსა-ს ის დონე, რომელიც სრულად გამორიცხავს პროსტატის კიბოს არსებობას, თუმცაღა სპეციალისტების უმრავლესობა თვლის, რომ 2.5 ნგ/მლ-ზე პსა-ს რაოდენობა მიუთითებს კიბოთი დაავადების დაბალ რისკზე.

პსა-ს დონის გამოკვლევის ჩატარებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი შედეგები:

  • პსა-ს საერთო დონის დადგენისთვის კვლევა მიზანშეწონილია ჩაუტარდეს 50 წელს მიღწეულ მამაკაცებს. ამასთან ერთად აუცილებელია, რომ პაციენტს კარგად ჰქონდეს შეგნებული როგორც კვლევის მიზანი, ასევე მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
  • პსა-ს მაჩვენებლის განსაზღვრა იძლევა მნიშვნელოვან ინფორმაციას კიბოთი დაავადების ალბათობის დასადგენად. დიაგნოსის დადასტურების შემთხვევაში კვლევა შესაძლებელს ხდის დაავადების სტადიისა და მისი შემდგომი პროგრესირების რისკის შეფასებას. Kვლევა ტარდება მკურნალობის შემდგომ ავადმყოფობის მიმდინარეობაზე დაკვირვების მიზნითაც.
  • არ არსებობს პსა-ის ის დონე, რომლის საფუძველზეც 100 %-ის ალბათობით შესაძლებელია იმის მტკიცება, რომ პაციენტი არ არის პროსტატის კიბოთი დაავადებული.
  • პსა-ს დონის გამოკვლევა შესაძლებელს ხდის წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოვლვენას მისი განვითარების ადრეულ სტადიაზე, როდესაც შესაძლებელია ამ დაავადების სრული განკურნება. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები რომელთაც ადრეულ ეტაპზე დაუდგინდათ წინამდებარე ჯირკვლის კიბო პსა-ს მომატებული დონის საფუძველზე, არ საჭიროებენ შემდგომ მკურნალობას. თუმცა პსა-ს დონეზე პერიოდული დაკვირვება აუცილებელია გაგრძელდეს.