თირკმელების სიმსივნე

თირკმელების სიმსივნე

თირკმელების სიმსივნე გასაკუთრებით ხშირია შუახნის და მოწიფულ პაციენტებში. დროული დიაგნოსტირებისა და სწორი მკურნალობის პირობებში პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა უმჯობესდება.

თირკმელების სიმსივნეთა უმეტესობა ავთვისებიან სიმსივნეებს წარმოადგენენ, თუმცა შემთხვევათა მცირე რაოდენობაში მათ შეიძლება კეთილთვისებიანი ბუნება ჰქონდეთ. მსგავსი სიმსივნეები თირკმლის სხვადასხვა შრეების უჯრედებისაგან ვითარდება და მათ შორის საკმაოდ არსებითი განსხვავებები არსებობს. ამჟამად სიმსივნეების დიდი ნაწილი შემთხვევით, ულტრაბგერითი გამოკვლევის ან ტომოგრაფიის დროს ვლინდება. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მსგავსი გამოკვლევების მონაცემები საშუალებას არ იძლევა ვიმსჯელოთ სიმსივნის ბუნებაზე და მხოლოდ მისი ქირურგიული მოცილების შემდეგ შეიძლება სიმსივნის ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი ხასიათის ზუსტი განსაზღვრა.

თირკმლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეების წამყვან ნაირსახეობას წარმოადგენს, რომლის ლოკალიზებაც თირკმელში ხდება (თუმცა მსგავსი კიბოს მეტასტაზებს სხვა ორგანოების დაზიანებაც შეუძლიათ).

თირკმლის კიბო შეადგენს ყველა ავთვისებიანი სიმსივნის 2-3%. დაავადების პიკი მოდის ასაკობრივ შუალედში 60 და 70 წლებს შორის. ამასთან მამაკაცები თირკმლის კიბოთი ქალებზე ხშირად ავადდებიან.

თირკმლის კიბოს წარმოშობის მიზეზები და განვითარების რისკის ფაქტორები:

  • სიგარეტის მოწევა. დღეს უკვე დადგენილია მკვეთრი კავშირი თირკმლის კიბოსა და მოწევას შორის, რომელიც დაავადების წარმოშობის რისკს 40%-ით ზრდის;
  • სიმსუქნე დაავადების განვითარების რისკ ფაქტორს 20%-ით ზრდის;
  • არასწორი კვება. როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენეს, ზედმეტად შემწვარ პროდუქტებს დაავადების წარმოშობის პროვოცირება შეუძლიათ;
  • პროფესიონალური ზიანი, იონიზირებადი გამოსხივება;
  • ზოგიერთი პრეპარატის არაკონტროლირებადი მიღება, კერძოდ დიურეტიკები, პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ამფეტამინს და სხვა;
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები: შარდ-კენჭოვანი დაავადებები, ტრავმები ინფექციები, პოლიკისტოზი, თირკმლის უკმარისობა;
  • მემკვიდრეობითობა და დარღვევები გენეტიკურ დონეზე;
  • იმუნოდეფიციტური მდგომარობები, შაქრიანი დიაბეტი;
  • ასაკი და სქესი. მამაკაცები უფრო ხშირად ხდებიან დაავადების მსხვერპლნი ვიდრე ქალები, დაავადების პიკი 70 წელზე მოდის;

როგორია თირკმლის კიბოს სიმპტომები?

თირკმლის კიბო მიმდინარეობს სიმპტომების კლასიკური ტრიადით: ტკივილი გვერდში, მაკროსკოპიული ჰემატურია და პალპირებადი აბდომინალური სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნი. თუმცა ამჟამად ეს ნიშნები აღენიშნება მხოლოდ პაციენტთა 10-20%-ს, ამასთან დაავადების არც ისე გვიან სტადიაში.

პარანეოპლასტკური სიმპტომები (ისეთი, როგორიცაა ჰიპერტენზია, წონის დაკარგვა, ჰიპერთერმია, ნეირომიოპათია, ანემია, პოლიციტემია, ამილოიდოზი, ერითროციტების დალექვის მაღალი სისწრაფე და ღვიძლის დარღვეული ფუნქცია) გვხვდება დაახლოებით თირკმელების კიბოს მქონე პაციენტთა 20-30%-ში.

  • შარდში სისხლის გამოჩენა (ჰემატურია) ხშირად საწყის სიმპტომს წარმოადგენს, მაგრამ ერთჯერადი და ხანმოკლე დროით გამოჩენის შემთხვევაში, რაც არც თუ დიდი იშვიათობაა, ავადმყოფმა შესაძლოა ამ სიმპტომს ნაკლები ყურადღება დაუთმოს;
  • სიმსივნის ხელით შეხება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ წარმონაქმნმა შეხებად ზომებს მიაღწია. მსუქან პაციენტებში სამსივნის განსაზღვრა გაძნელებულია.
  • არტერიული ჰიპერტონია, რომელიც მკურნალობას ძნელად ექვემდებარება, თირკმლის კიბოს თან ახლავს ავადმყოფთა 15%-ში.
  • ქვედა ღრუ ვენაზე სიმსივნის ზეწოლისას აღინიშნება ვენების გაგანიერება მუცლის წინა კედელზე, ვარიკოცელე, ქვედა კიდურების შეშუპება.
  • დაავადების გვიან ეტაპებზე შესაძლებელია მდგრადი ციება, ანემია, სიგამხდრე, სისუსტე;
  • დიაგნოზის დასმის დროს ზოგიერთ პაციენტში აღმოჩნდება ხოლმე ცალკეული მეტასტაზები. მარჯვენა თირკმლის კიბოს თან ახლავს აორტოკავალური, ლატეროკავალური, პრეკავალური ლიმფური კვანძების დაზიანება, მაშინ, როდესაც მარცხენა თირკმლის კიბო მეტასტაზირებას უპირატესად პარააორტალურ ლიმფურ კვანძებში ახდენს.

განსაკუთრებული ადგილი კლინიკაში უჭირავთ სიმპტომებს, რომლებიც განპირობებულნი არიან მეტასტაზების გავრცელებით. ხველა და სისხლის ამოხველება ფილტვების დაზიანებისას, ნევროლოგიური გამოვლინებები დაზიანების არსებობისას თავში, ტკივილი ძვლებში, ზურგის ტვინის კომპრესია, პათოლოგიური მოტეხილობები მეტასტაზების არსებობისას ძვალში - ასეთი სიმპტომებია. თირკმელის დისფუნქცია გვხვდება ავადმყოფთა ნახევარში. კიბოს უჯრედების გავრცელებას თირკმლის ვენებში თირკმლის გადიდებამდე, სიყვითლემდე, ასციტამდე მივყავართ.

როგორია თირკმლის კიბოსა დიაგნოსტიკის ალგორითმი?

  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • მაგნიტურ-რეზონანსული (მრტ) და კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ);
  • მკერდის რენტგენოგრამა ან ტომოგრამა ფილტვების მეტასტაზური ჩათრევის გამოსარიცხად.
  • ძვლების სცინტიგრაფია ძვლებში მეტასტაზების არსებობის გამოსარიცხად.

მკურნალობა

თირკმლის კიბოს მკურნალბის მეთოდის არჩევისას გაითვალისწინება პროცესის სტადია, პაციენტის ასაკი, გართულებების რისკი, თანმხლები დაავადებები. ბევრ შემთხვევაში პაციენტს აქვს არჩევანი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებს შორის, რომელთა შორისაც არსებითი განსხვავებები ეფექტურობის მხრივ არ არსებობს.

ქვემოდ მოყვანილია თირკმლის კიბოს სამკურნალო ღონისძიებების ძირითადი დებულებანი:

ქირურგიული მკურნალობა წარმოადგენს თირკმელების სიმსივნის მკურნალობის სტრანდარტულ მეთოდს. თუ სიმსივნე დიდი ზომის არ არის, მაშინ შესაძლებელია მხოლოდ დაზიანებული ქსოვილის მოცილება, თუ ეს შეუძლებელია, მაშინ მთლიან თირკმელს აცილებენ. მსგავსი ოპერაციები შეიძლება ჩატარდეს ლაპაროსკოპიულად.

პაციენტებში მეტასტაზური ან ადგილობრივად გავრცელებული კიბოთი, რომლის მოცილებაც ქირურგიულად შეუძლებელია, იყენებენ მედიკამენტოზურ მკურნალობას და სხივებს. მსგავსი მეთოდიკის ეფექტურობა მაღალი არ არის.

ზოგიერთ შემთხვევაში, ასაკოვან პაციენტებში თირკმლის პატარა სიმსივნით, შესაძლებელია მოლოდინის ტაქტიკის გამოყენება, რომელიც შეიცავს რეგულარულ გამოკვლევებს, სიმსივნის ზომების ცვლილებების არარსებობის დამტკიცების მიზნით. თუ სიმსივნე ზრდის დემონსტრირებას ახდენს, მაშინ მას ქირურგიულად აცილებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკვირვებას აგრძელებენ.