სისხლი შარდში

ჰემატურია (სისხლი შარდში)

ჰემატურია ანუ სისხლი შარდში წარმოადგენს სხვადასხვა უროლოგიური პრობლემების (მათ შორის შარდის ბუშტის და თირკმლის კიბოს) მნიშვნელოვან სიმპტომს.

სისხლი შარდში (ჰემატურია) – არის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი. ცნობილია, შარდში სისხლის გაჩენის 160-ზე მეტი სხვადასხვა მიზეზი. ზოგი მათგანი მოითხოვს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, დანარჩენი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებათა გამოვლინებებს და მიუთითებს თერაპიის ან ცხოვრების წესის კორექციის აუცილებლობაზე. ძალზედ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ დაუშვებელია ჰემატურიის იგნორინება. შარდში სისხლის შემჩნევისთანავე აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რადგან სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს სერიოზულ და სწრაფად პროგრესირებად დაავადებაზე, რომელიც მოითხოვს სასწრაფო მკურნალობას.

მიზეზები

შარდში სისხლის გაჩენა შესაძლოა, იყოს როგორც თერაპიული, ასევე ქირურგიული პათოლოგიის შედეგი. თერაპიულ (ნეფროლოგიურ) მიზეზთა შორის შეიძლება, დავასახელოთ გლომერულონეფრიტი, საშარდე გზების ინფექციები (პიელონეფრიტი, ცისტიტი, ურეთრიტი), თირკმელის სისხლძარღვების პათოლოგია, სისხლის დაავადებები.

ქირურგიული პათოლოგიიდან ყველაზე ხშირად ჰემატურიას (შარდში სისხლის გაჩენას) იწვევს შარდის ბუშტისა და თირკმლის კიბო, სისხლძარღვების ანომალიები, პროსტატის დაავადებები, შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ტრავმები და შარდკენჭოვანი დაავადება.

შარდში სისხლის გაჩენას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილის შეგრძნება, რომლის ლოკალიზაცია ხშირად გვეხმარება პათოლოგიური პროცესის ადგილმდებარეობის დადგენაში. ყველაზე ხშირად, ტკივილის სინდრომი შარდში სისხლის გაჩენასთან ერთად გვხვდება პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადების, ცისტიტის და ურეთრიტის დროს. მეორეს მხრივ, ონკოლოგიური დაავადებებისთვის დამახასიათებელია ჰემატურია ტკივილის გარეშე.

მიუხედავად ჰემატურიის შესაძლო მიზეზთა მრავალფეროვნებისა, სტატისტიკურად სისხლი შარდში ყველაზე ხშირად ხუთი სახის დაავადებატაგან ერთ-ერთზე მიუთითებს. მათ შორისაა:

დიაგნოსტიკა

ჰემატურიის მიზეზის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შარდის პორცია, რომელშიც ჩნდება სისხლი (პირველი, შუა ან ბოლო პორცია). თუ სისხლი შარდში დგინდება მხოლოდ შარდვის აქტის დასაწყისში (შარდის პირველ პორციაში) - პათოლოგიური პროცესი, როგორც ჩანს, ლოკალიზირდება ურეთრაში ან წინამდებარე ჯირკვალში. თუ სისხლი ჩნდება მხოლოდ შარდვის ბოლოს (შარდის ბოლო პორცია), მაშინ, უფრო ხშირად, სისხლდენის წყარო მდებარეობს ურეთრის ზედა ნაწილში ან შარდის ბუშტის ყელში. თუკი შარდი თანაბრად შეფერილია სისხლით შარდვის მთლიანი აქტის განმავლობაში, მაშინ, სავსებით შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს თირკმელების, შარდსაწვეთების ან შარდის ბუშტის დაავადებას.

შარდში სისხლის რაოდენობის მიხედვით, განასხვავებენ მაკრო და მიკროჰემატურიას. განსხვავება შარდის ფერის ვიზუალურ ცვლილებაშია. თუ შარდის ფერი ვარდისფერი ან წითელია, მაშინ საუბარია მაკროჰემატურიაზე. საკმარისია 200 მლ შარდში 1 მილილიტრი სისხლის არსებობა, რომ შარდის ფერის შეცვლა შესამჩნევი გახდეს შეუიარაღებელი თვალით. თუ შარდის ფერი არაა შეცვლილი, მაგრამ ლაბორატორიულად შარდში დგინდება ერითროციტები, მაშინ საუბარია მიკროჰემატურიაზე.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში შარდი იცვლის ფერს გარკვეული წამლებისა და პროდუქტების მიღების შედეგად. მიუხედავად ამისა, თუ შენიშნეთ შარდის ფერის ცვლილება დაუყოვნებლივ მიმართეთ უროლოგს, რათა დადგინდეს მოცემული სიმპტომის მიზეზი და, საჭიროების შემთხევაში, დროულად დაიწყოს შესაბამის მკურნალობა.