ურეთრიტი

ურეთრიტი (შარდსადენი მილის - ურეთრის ანთება)

ურეთრიტი შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთებაა რომელიც შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური აგენტებით იყოს გამოწვეული და რომელიც, თავის მხრივ, შარდვის დარღვევებისა და ურეთრალური არხიდან უხვი, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენის მიზეზი შეიძლება გახდეს.

ურეთრიტი – შარდსადენი მილის (ურეთრის) ანთებაა, რომელიც გამოწვეულია მილის კედლის დაზიანებით და შესაძლოა საფუძვლად როგორც ინფექციური ასევე არაინფექციური მიზეზები დაედოს. ეს დაავადება ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული უროლოგიური პრობლემაა, რომელიც გვხვდება როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, თუმცა სტატისტიკურად შედარებით ხშირია მამაკაცებში.

ურეთრიტის სახეები:

როგორც უკვე აღვნიშნე ძირითადად განასხვავებენ

  • ინფექციური წარმოშობის (მიკრობული, ვირუსული, სოკოვანი) და
  • არაინფექციური წარმოშობის (ალერგიული, ტრავმული, შეხორცებითი, უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად წარმოქმნილი, შარდში ქვიშით ან მარილით გამოწვეული გაღიზიანების შედეგად წარმოქმნილი, შეგუბებითი, მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევის დარღვევით გამოწვეული) ურეთრიტს.

გარდა ამისა, ინფექციური ურეთრიტი იყოფა ორ დიდ ჯგუფად:

  • სპეციფიკური - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით გამოწვეული (გონორეა, გარდნერელოზი, ტრიქომონიაზი);
  • არასპეციფიკური - ნაწლავებისა ან კანის მიკროფლორით გამოწვეული (ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი).

ურეთრიტის კლინიკური სიმპტომები

ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება:

  • წვა ურეთრაში;
  • ტკივილი შარდვისას;
  • ტკივილები ურეთრის შიგნით, განსაკუთრებით ასოს თავსა ან სასქესო ბაგეებში;
  • დილაობით ურეთრალური არხიდან უხვი, ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი;
  • გამონადენის არასასიამოვნო სუნი.

ურეთრიტის დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ატარებს ექიმი უროლოგი. აუცილებელია გარეგანი დათვალიერება და ნაცხის აღება ურეთრიდან, შარდის საერთო ანალიზის გაკეთება და შარდის დათესვა ფლორაზე ანტიბიოტიკებისადმი მგრძნობელობის დადგენით.

დამატებით ინიშნება შარდის ბუშტისა და თირკმლების ულტრაბგერითი გამოკვლევა, ხოლო მამაკაცებს უტარდებათ ასევე პროსტატის გამოკვლევა, აღნიშნულ ორგანოებზე ინფექციის გადასვლის გამორიცხვის მიზნით.

მკურნალობა და შესაძლო გართულებები

ურეთრიტის მკურნალობის საფუძველს როგოც მამაკაცებში, ასევე ქალებში წარმოადგენს ანტიმიკრობული თერაპია. ექიმის მიერ ანტიბიოტიკების შერჩევა ხდება პრობლემის გამომწვევის გათვალისწინებით. ურეთრიტის დროს პრეპარატების დოზას ექიმი განსაზღვრას ინდივიდუალურად.

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცებსა და ქალებში ურეთრიტის გამომწვევი მიზეზი გონორეაა, მას ხშირად თან ახლავს ქლამიდიოზი და აუცილებელია აქტიური ანტიქლამიდური თერაპიის ჩართვა მკურნალობის პროცესში.

ძირითად მკურნალობას შეიძლება დაემატოს მიკრობსაწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი ეფექტის მქონე უროანტისეპტიკები, ქიმიური და მცენარეული წარმოშობის ნივთიერებები.

მნიშვნელოვანია დავიცვათ საკმაოდ მკაცრი დიეტაც, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ალკოჰოლი, მინიმუმამდე დავიყვანოთ მარილიანი, ცხარე და გამაღიზიანებელი საკვების მოხმარება, მივიღოთ მეტი მცენარეული საკვები და რძის ნაწარმი.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია, თავი შეიკავოთ სქესობრივი ცხოვრებისგან, ხოლო სქესობრივი ინფექციის გამოვლენისას, აუცილებელია, პარტნიორ(ებ)ის გამოკვლევა და მკურნალობა. მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ უნდა ჩაბარდეს საკონტროლო ანალიზები, ინფექციის სრულად აღმოფვრის დადასტურებისთვის.

მკურნალობის დაგვიანების ან მასზე უარის თქმის შემთხვევაში, ურეთრიტის გამოვლენა ზემოთ მოყვანილ სიმპტომებში შესაძლოა თანდათან ჩაცხრეს ან გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში. დროთა განმავლობაში ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მამაკაცების შემთხვევაში შარდსასქესო სისტემის სიღრმეში და დააზიანოს პროსტატა და სათესლე ბუშტუკები, ხოლო ქალების შემთხვევაში, არის საშიშროება ინფექცია გავრცელდეს შარდის ბუშტსა და საშოს კარიბჭის ჯირკვალზე.

მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებისას წარმოიქმნება ანთების რეციდივი, რაც ასევე ზრდის შარდის ბუშტზე, შარდსადინარსა და თირკმელებზე ინფექციის გავრცელების რისკს.