პიელონეფრიტი

პიელონეფრიტს უწოდებენ თირკმელში მიმდინარე ანთებით პროცესებს, რაც დაგვიანებული ან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში შესაძლოა სერიოზულ გართულებებში გადაიზარდოს.

რა არის პიელონეფრიტი?

მწვავე პიელონეფრიტი წარმოადგენს უეცრად წარმოქმნილ მძიმე ინფექციას, რომელიც აზიანებს თირკმელს. აღნიშნულ დაავადებას შეუძლია, დააზიანოს თირკმლის სტუქტურა და ავადმყოფის სიცოცხლესაც კი შეუქმნას საფრთხე. მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ სიმპტომები, რომლის განვითარების შემდეგ აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. როცა მწვავე პიელონეფრიტის შეტევა მეორდება, ან თირკმლის ინფექცია არასაკმარისი მკურნალობის შედეგად არ იკურნება, წარმოიშობა ქრონიკული პიელონეფრიტი. თუმცა ქრონიკული ფორმა საკმაოდ იშვიათია.

პიელონეფრიტის სიმპტომები

  • ტკივილი გვერდისა და ზურგის არეში
  • გულისრევა და ღებინება
  • ციებ-ცხელება (>38C0)
  • მღვრიე შარდი
  • ხშირი და მტკივნეული შარდვა

ქრონიკული პიელონეფრიტით დაავადებულებს შესაძლოა, პიელონეფრიტის ყველა სიმპტომი არ აღენიშნებოდეს, ან საერთოდ არ უჩიოდნენ დაავადების აშკარა სიმპტომებს.

რა იწვევს პიელონეფრიტს?

ყველაზე ხშირად ინფექცია ვრცელდება ქვედა საშარდე გზებიდან, და ხვდება თირკმელში, ხოლო მანამდე ვრცელდება შარდის ბუშტსა და შარდსაწვეთებზე. თუმცა მწვავე პიელონეფრიტის გამოწვევა შეუძლია სისხლის ნაკადში არსებულ ნებისმიერ სერიოზულ ინფექციას.

ქრონიკული პიელონეფრიტი ხშირად გვხვდება ბავშვებში ან პაციენტებში, რომელთაც შარდგამომყოფი გზებით შარდის დინებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ (მაგალითად, შარდკენჭოვანი დაავადებისას).

ვინ იმყოფება პიელონეფრიტით დაავადების რისკის ზონაში?

რისკის ზონაში, როგორც წესი, იმყოფებიან თირკმლის კენჭების, საშარდე სისტემის ანომალური განვითარებისა და სხვა უროლოგიური პათოლიგიების მქონე ადამიანები. გარდა ამისა, ნებისმიერი ფაქტორი, რომელიც აფერხებს შარდის ნორმალურ გამოყოფას, შესაძლოა პიელონეფრიტის მიზეზად იქცეს.

მწვავე პიელონეფრიტით უფრო მეტად ავადდებიან ქალები, ვიდრე მამაკაცები, რაც გამოწვეულია შარდსადენი მილის თავისებურებებითა და ასევე ორსულობით.

მამაკაცებსა და ქალებში პიელონეფრფიტის განვითარების რისკი იზრდება ხანდაზმულობის ასაკში, იმუნიტეტის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას, ან თანმხლები დაავადებების დროს, როგორიცაა დიაბეტი.

სპეციფიკურ ფაქტორებს, რომელიც ინფექციისადმი ორგანიზმის მოწყვლადობას ზრდის, მიეკუთვნება:

  • საშარდე კათეტერის გამოყენება
  • ცისტოსკოპია და სხვა უროლოგიური ოპერაციები
  • მამაკაცებში პროსტატის ჰიპერპლაზია
  • ზოგიერთი სამკურნალო საშუალება
  • ზურგის ტვინის დაზიანება
  • შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობა

პიელონეფრიტის ქორონიკული ფორმა უმეტესად გვხვდება საშარდე გზების ობსტრუქციის მქონე ადამიანებში და ხშირად ბავშვებში.

პიელონეფრიტის დიაგნოსტიკა

უმეტეს შემთხვევაში პიელონეფრიტის სიმპტომების მქონე პაციენტების კვლევისას დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი, ასევე ბაქტერიოლოგიური კვლევა - ინფექციის გამომწვევის აღმოჩენის მიზნით. ზოგიერთ შემთხვევაში ასევე აუცილებელია რადიოლოგიური გამოკვლევა, როგორიცაა ულტრაბგერითი ან კტ კვლევა. თუმცა კომპიუტერული ტომოგრაფია იშვიათად გამოიყენება პაციენტის ორსულობისას, რადიოლოგიური კველვის ძირითად მეთოდს ამ დროს განეკუთვნება ულტრაბგერითი ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა

პიელონეფრიტის მკურნალობის საფუძველს წარმოადგენს ანტიბაქტერიული თერაპია. პრეპარატის ტიპსა და მიღების მეთოდს ადგენს უროლოგი. გასათვალისწინებელია მთელი რიგი ფაქტორები, დაავადების სიმძიმისა და პაციენტის მდგომარეობის სხვა თავისებურებების ჩათვლით.

პიელონეფრიტის პროფილაქტიკა

პროფილაქტიკის ზომებს განეკუთვნება:

  • ნებისმიერი ინფექციური დაავადების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა
  • გადაციების თავიდან აცილება
  • პირადი ჰიგიენის წესების დაცვა
  • ორსულობის პერიოდში შარდის კლინიკური ანალიზის პერიოდული ჩაბარება