ბლოგი უროლოგიაზე

პრობლემა სახელად „ქლამიდია“



დღეს მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა თემას. ამ პოსტში გაგაცნობთ დაავადებას, რომლის თავი და თავი ბაქტერია ქლამიდიაა.

ქლამიდიოზის დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე ხშირია ჩვენს პრაქტიკაში. ეს ინფექცია ძალიან ადვილად ვრცელდება, რადგან ინფიცირებულებს, უმეტესწილად, სიმპტომები და ჩივილები არ აქვთ ხოლმე. მართლაც, პაციენტთა 75%-ს არც ერთი სიმპტომი არ უვლინდება. სქესობრივმა პარტნიორებმა არც კი იციან ხოლმე, რომ ქლამიდიით არიან ინფიცირებული, რადგან ძალზედ რთულია რაიმე იეჭვო, როდესაც არაფერი გაწუხებს. ამასობაში, ქლამიდიით ინფიცირება შესაძლებელია ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი აქტის (ვაგინალური, ორალური, ანალური) დროს.

დაავადების კლინიკური გამოვლინება ზოგიერთ მამაკაც პაციენტს ქლამიდიით ინფიცირებიდან ერთი ან სამი კვირის თავზე ეწყება და შემდეგი ჩივილებით მიმდინარეობს:

- გამჭვირვალე ან მოთეთრო მცირედი გამონადენი შარდსადენი მილიდან (ურეთრიდან)

- ტკივილი და დისკომფორტი მოშარდვისას

- ქავილი და წვა სასქესო ასოს თავზე, ხვრელის გარშემო

- ტკივილი და მცირედი შეშუპება სათესლე ჯირკვლების გარშემო

ქლამიდიოზის დიაგნოზის დასასმელად ყველაზე გამართლებულად პჯრ დიაგნოსტიკა (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) არის აღიარებული. ეს მეთოდი სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების გამოსავლენადაც გამოიყენება (მაგ.: გონორეა, ტრიქომონიაზი).

ქლამიდიოზის წინააღმდეგ ანტიბაქტერიოლგიური თერაპია ტარდება. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხშირად შემხვედრია პაციენტები, რომლებსაც მკურნალობის არასწორი კურსი უტარდებოდათ, გარდა ამისა, მათი სქესობრივი პარტნიორები, არათუ ნამკურნალები, შემოწმებულიც კი არ იყვნენ.

დროული და სწორად წარმართული მკურნალობის შედეგად დაზღვეული იქნებით იმ გართულებებისაგან, რომლებიც ქლამიდიოზს შეუძლია გამოიწვიოს. თუ არ იმკურნალებთ და ჩათვლით, რომ ქლამიდია თავისით გაივლის, დაავადების გამწვავება არ უნდა გაგიკვირდეთ.

ქლამიდიოზით გამოწვეული გართულებები მამაკაცებში:

- ურეთრიტი (შარდსადენი მილის ანთება)

- ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება)

- პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის ანთება)

- უნაყოფობა

- პროქტიტი (სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება)

- რეაქტიული ართრიტი

- ვენერიული ლიმფოგრანულემატოზი (ლიმფური კვანძებისა და უროგენიტალური არეს რბილი ქსოვილების ჩირქოვან-ანთებითი დაავადება).

სქესობრივი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის გირჩევთ:

- გამოიყენეთ პრეზერვატივი

- თუკი ხშირად გაქვთ დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, ჯანმრთელობის შესამოწმებლად მიმართეთ ექიმს

- ქლამიდიოზისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს პჯრ მეთოდით

- თუ თქვენ ქლამიდიოზი დაგიდგინდათ, მაშინ სავალდებულოა ყველა თქვენი სქესობრივი პარტნიორის შემოწმება და მათთვის სათანადო მკურნალობის ჩატარება

- მკურნალობის დასრულებიდან ორი თვის შემდეგ რეკომენდებულია საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება

გისურვებთ უპრობლემო სქესობრივ ცხოვრებას.



პ.ს.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: ქლამიდია, ქლამიდიოზი, ქლამიდიოზისმკურნალობა