ბლოგი უროლოგიაზე

თირკმლის კიბო - ფარული სიმსივნე



თირკმლის კიბო ერთ–ერთია ათ ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს შორის. ამ საშიში პათოლოგიით მამაკაცები უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე ქალები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თირკმლის კიბოთი დაავადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი თანდათან მატულობს.

ბევრი სხვა ონკოლოგიური დაავადებისაგან განსხვავებით (როგორებიცაა, მაგალითად, სარძევე ჯირკვლის, პროსტატის ან სათესლე ჯირკვლების კიბო), თირკმლის კიბოს სრულფასოვანი სკრინინგტესტი არ არსებობს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ თირკმლის სიმსივნის ადრეული სტადია არანაირი სიმპტომით არ ხასიათდება და დაავადების პროგრესირება პაციენტისათვის შეუმჩნეველია.

თირკმლის კიბოს პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს:

- ჰემატურია (სისხლიანი შარდი). მაკროჰემატურიის დროს თვალისათვის შესამჩნევი ხდება შეფერილი შარდის გამოყოფა, მიკროჰემატურიის აღმოჩენა კი მხოლოდ შარდის საერთო ანალიზის ჩატარებით არის შესაძლებელი;

- წელისა და გვერდების არეში დისკომფორტისა და ტკივილის პერიოდული შეგრძნება;

- ანემია, მადის დაკარგვა, არტერიული ჰიპერტენზია (რომელიც ძნელად იკურნება).

თირკმლის კიბოს განვითარების რისკს ზრდის არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სხვადასხვა გენეტიკური პათოლოგია, მემკვიდრეობითი ფაქტორები:

- თამბაქოს მოხმარება. დღეს უკვე დადგენილია მკვეთრი კავშირი თირკმლის კიბოსა და თამბაქოს მოხმარებას შორის, რომელიც დაავადების წარმოშობის რისკს 40%-ით ზრდის;

- ჭარბი წონა. იგი დაავადების განვითარების რისკფაქტორს 20%-ით ზრდის;

- ზოგიერთი პრეპარატის უკონტროლო მიღება (მაგალითად, დიურეტიკებისა და სხვ.);

- მემკვიდრეობითობა და გენეტიკური დარღვევები;

- იმუნოდეფიციტური დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი;

- ასაკი და სქესი. მამაკაცები უფროხშირად ხდებიან დაავადების მსხვერპლნი, ვიდრე ქალები, დაავადების პიკი 70 წლის ასაკზე მოდის.

თირკმლის კიბოს დიაგნოსტირებისათვის ტარდება ისეთი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები, როგორებიცაა:

- საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა (რომელსაც ხალხი „ექოს“ უწოდებს);

- კომპიუტერული ტომოგრაფია;

- მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია;

- გულმკერდის რენტგენოგრაფია (ფილტვებში მეტასტაზების გამოსარიცხად);

- ძვლების სცინტიგრაფია (ძვლებში მეტასტაზების არსებობის გამოსარიცხად).

პაციენტებში თირკმლის კიბოს მკურნალობა ყოველ კლინიკურ შემთხვევაში ინდივიდუალურად განისაზღვრება და მკურნალობის მეთოდის არჩევისას მხედველობაში მიიღება დაავადების სტადია, პაციენტის ასაკი, გართულების რისკი, თანმხლები დაავადებები.

მინდა გირჩიოთ, რომ პროფილაქტიკის მიზნით წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა და შარდის საერთო ანალიზი. მერწმუნეთ, პროფილაქტიკა უპირველესია თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე. თირკმლის კიბოს ადრეული გამოვლენის შემთხვევაში, შესაძლოა მოხდეს მისი ნაწილობრივი ამოკვეთა და ორგანოს შენარჩუნება. ექიმთან დროული მიმართვა და ზუსტი დიაგნოსტირება ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მაჩვენებლებს ზრდის.

გისურვებთ, ჯანსაღ თირკმელებს და მათ ცხოვრების ბოლომდე შენარჩუნებას!

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: თირკმლის_კიბო, თირკმლის_სიმსივნე