სათესლე ჯირკვლის კიბო

სათესლე ჯირკვლის სიმსივნე

სათესლე ჯირკვლის კიბო ყველაზე ხშირი ავთვისებიანი სიმსივნეა ახალგაზრდა მამაკაცებში. წარმატებული შედეგის მისაღწევად აუცილებელია შეძლებისდაგვარად დროული დიაგნოსტიკა და სწრაფი, აგრესიული მკურნალობა.

სათესლე ჯირკვლის კიბო ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ვითარდება სათესლე ჯირკვლების (სათესლე პარკში განლაგებული მამაკაცის სასქესო ჯირკვლები) ქსოვილებისგან. ეს შედარებით იშვიათი დაავადებაა და შეადგენს მამაკაცებში გავრცელებული ყველა სახის კიბოს დაახლოებით 1-1,5%-ს. მიუხედავად ამისა უკანასკნელ ათწლეულში შეინიშნება სათესლე ჯირკვლის კიბოთი დაავადების შემთხვევათა სიხშირის სტაბილური ზრდა. ასეთი სიმსივნის უმრავლესობა წარმოიქმნება სასქესო უჯრედებისგან (სემინომა და არასემინომური ჰერმინოგენული ტესტიკულარული კიბო).

რა ფაქტორები ზრდის სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს?

მაღალი რისკის ხელშემწყობ ფაქტორთა შორისა მოიაზრება

  • კრიპტორქიზმი
  • კლაინფელტერის სინდრომი
  • ნათესავებში სათესლე ჯირკვლის კიბოს არსებობა
  • უშვილობა (რისკის უმნიშვნელო ზრდა)

კლასიფიკაცია

ტესტიკულარული ეპითელური კიბო კლასიფიცირდება სამ კატეგორიად, მათ შორის - (ა) ჰერმინოგენული სიმსივნეები; (ბ) სასქესო ჭიმის სიმსივნეები და (გ) სასქესო ჭიმისგან და ჰერმინოგენული უჯრედებიდან წარმოქმნილი შერეული სიმსივნეები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციის სისტემის თანახმად ჰერმინოგენული სიმსივნეები სათესლე ჯირკვლის კიბოს შემთხვევების 90-95%-ს შეადგენს.

სათესლე ჯირკვლის კიბოს სიმპტომები

სხვა ტიპის სიმსივნეებისგან განსხვავებით, სათესლე ჯირკვლის კიბოს სწრაფად გამოხატული სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც პრაქტიკულად პრობლემის წარმოშობისთანავე იჩენენ თავს. მათ შორის ყურადსაღებია შემდეგი:

  • სათესლე ჯირკვლის შეშუპება და ასიმეტრია;
  • მასში სიმკვრივის შეგრძნება;
  • სათესლე პარკში ან მუცლის ქვედა ნაწილში დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება;
  • მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონების დონის მატებით გამოწვეული სარძევე ჯირკვლების გადიდება;
  • თუ დაავადება ვითარდება ვაჟებში, მათ უჩნდებათ ისეთი სიმპტომი, როგორიცაა, ნაადრევი სქესობრივი მომწიფება: ბოქვენსა და სახეზე თმის ნაადრევი ამოსვლა და ამასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები.

ამგვარად, სათესლე ჯირკვლის კიბოს ნიშნები შედარებით უფრო თვალსაჩინო და ადვილად შესამჩნევია. მსგავსი სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.

ტესტიკულარული კიბოს დიაგნოსტიკა

სათესლე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს სათესლე ჯირკვლის კლინიკური გამოკვლევა და ზოგადი გამოკვლევა გადიდებული ლიმფური კვანძებისა და აბდომინალური სიმსივნური მასების გამორიცხვის მიზნით. სათესლე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ადასტურებს სიმსივნის არსებობას. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, გაკეთდეს სისხლის ანალიზი სათესლე ჯირკვლის კიბოს მარკერების განსაზღვრაზე, ასევე ჩატარდეს გამოკვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენს ფილტვებისა და რეტროპერიტონეალური ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების გამოვლენა.

მკურნალობა

სათესლე ჯირკვლის კიბო განკურნებადია 95%-ზე მეტ შემთხვევში. მკურნალობა, როგორც წესი, კომპლექსურია და მოიცავს ქირურგიულ ჩარევას, ასევე სხივურ ან ქიმიოთერაპიას.

პროფილაქტიკა

დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ მეთოდად ითვლება სათესლე ჯირკვლების რეგულარული დამოუკიდებელი გამოკვლევა. სათესლე ჯირკვლების დათვალიერება რეკომენდებულია, თუნდაც თვეში ერთხელ, უმჯობესია, თბილი აბაზანისა ან შხაპის მიღების შემდეგ. დამოუკიდებელი დათვალიერება შედგება შემდეგი ეტაპებისგან:

  1. ხელზე დაიდეთ სათესლე პარკი, განსაზღვრეთ თითოეული სათესლე ჯირკვლის ყველა მაჩვენებელი. ნორმალურია, როცა ერთი სათესლე ჯირკვალი მეორეზე ოდნავ დიდია. მომწიფების მიღწევის შემდეგ, რომელიც სრულება 15 წლის ასაკში, სათესლე ჯირკვლები უნდა დამძიმდეს და უნდა შეინარჩუნოს ზომები.
  2. ხელის თითების დახმარებით საგულდაგულოდ გასინჯეთ თითოეული სათესლე ჯირკვალი, შეისწავლეთ მისი სიმკვრივე – ის უნდა იყოს ოდნავ მაგარი, ჰქონდეს დრეკადი ფორმა.
  3. სათესლე ჯირკვლების ხელით გასინჯვისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ფაქტს _ სათესლე ჯირკვლის უკანა და ზედა ნაწილში უნდა ისინჯებოდეს მაგარი წარმონაქმნები (სათესლე ჯირკვლის დანამატები). ამის გათვალისწინება აუცილებელია რათა სათესლე ჯირკვლის დანამატი არ აგერიოთ სიმსივნეში.
  4. სათესლე ჯირკვლები უნდა იყოს აბსოლუტურად გლუვი.
  5. თუ ეჭვი გეპარებათ ერთ-ერთი სათესლე ჯირკვლის სახეცვლასთან დაკავშირებით – შეადარეთ, ხელით გასინჯეთ მეორე სათესლე ჯირკვლის ზუსტად იგივე მონაკვეთი.
  6. იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ სიმკვრივეს, ან მოსინჯვისას იგრძნობთ ტკივილს, არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ გაქვთ სათესლე ჯირკვლის კიბო, ამიტომ დაუყოვნებლივ მიმართეთ უროლოგს.