ბლოგი უროლოგიაზე

პროსტატის მკურნალობა ანთებების დროს



ამ პოსტში მინდა გესაუბროთ პროსტატის ანთებითი დაავადებების შესახებ. წინამდებარე ჯირკვალი, ანუ პროსტატა (prostata, s.glandulaprostatica), არის მამაკაცის სასქესო სისტემის უმთავრესი კუნთოვან-ჯირკვლოვანი ორგანო და მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ. ის ხშირად ხდება ინფექციური და, უმეტესწილად, ბაქტერიული დაავადებების სამიზნე. პროსტატის ანთებით პროცესს პროსტატიტს უწოდებენ. ეს დაავადება თითქმის ყველა მამაკაცს აქვს გადატანილი. უმეტესობას ერთხელ მაინც მიუმართავს ექიმისთვის შარდვის დროს წვის, ხშირი შარდვის, მუცლის ქვევით, საზარდულის მიდამოში, ბარძაყების შიდა ზედაპირზე, წელისა და შორისის არეში ტკივილისა და დისკომფორტის ჩივილით.

მოდით, განვიხილოთ ეს ანთებითი პროცესები. რა უნდა გააკეთოთ, როდესაც ასეთი ჩივილები გაქვთ? უპირველესად, ექიმ-უროლოგს უნდა მიმართოთ. თქვენი ჩივილებისა და გასინჯვის საფუძველზე მან უნდა დაგეგმოს დიაგნოსტიკა. პაციენტები ხშირად მეკითხებიან, თუ რისთვისაა საჭირო ეს დიაგნოსტიკა. ამ ეტაპის გარეშე შეუძლებელია ზუსტი კლინიკური დიაგნოზის განსაზღვრა და სათანადო მკურნალობის დანიშვნა. ეს ეტაპი პაციენტის ჩივილების მოსმენისა და გასინჯვის შემდეგ ინდივიდუალურად იგეგმება. დიაგნოსტიკის შედეგების საფუძველზე განვსაზღვრავთ, თუ რა პათოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე, რა გახდა მისი განვითარების მიზეზი და ვადგენთ შესაბამის სამკურნალო სქემას.

პროსტატიტის დიაგნოსტიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთ კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს, როგორებიცაა:პროსტატიტის დიაგნოსტიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთ კლინიკურ-ლაბორატორიულ კვლევებს, როგორებიცაა:

- გასინჯვა, გამოკვლევა, ანამნეზის შეკრება.

- პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევა (საერთო კლინიკური სურათის შეფასებისა და მწვავე პროსტატიტის გართულების (პროსტატის აბსცესი) შესახებ ეჭვის დროს).

- შარდისა და სისხლის საერთო ანალიზი (ზოგადი კლინიკური მდგომარეობის დასადგენად).

- შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა (დათესვა).

- ეაკულატის (სპერმის) ბაქტერიოლოგიური კვლევა (ანთებითი პროცესისა და ინფექციური აგენტის დასადგენად).

- პროსტატის სეკრეტის მიკროსკოპული და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა (ანთებითი პროცესისა და ინფექციური აგენტის დასადგენად).

- სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციაზე შემოწმება (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, ჰონორეა).

- უროდინამიკური კვლევა (მოშარდვის პროცესის დარღვევების შეფასებისა და განსაზღვრის დროს).

- პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის (პსა) განსაზღვრა (ორმოცი წლის ასაკს გადაცილებულ პაციენტებში).

დიაგნოსტიკური ეტაპის შედეგების საფუძველზე ექიმი-უროლოგი ადგენს სათანადო სამკურნალო სქემას, რომელშიც შეიძლება შედიოდეს:

- ანტიბაქტერიალური თერაპია. ის პროსტატიტის მკურნალობის ძირითადი კომპონენტია. პრეპარატების შერჩევა ხდება შარდის, ეაკულატისა და პროსტატის სეკრეტის ბაქტერიოლოგიური (დათესვა) კვლევის საფუძველზე. კიდევ ერთხელ გირჩევთ, არ მიიღოთ ანტიბიოტიკები ბაქტერიოლოგიის დასკვნის გაუთვალისწინებლად, მით უმეტეს, თვითნებურად.

- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ეს პრეპარატები პაციენტის სიმპტომების გამოხატულების შემცირებაში გვეხმარება.

- კომბინირებული თერაპია ანტიბიოტიკებითა და ალფა-1-ბლოკატორებით. აღნიშნული სამკურნალო მიდგომა განსაკუთრებით ეფექტიანია მოშარდვის დარღვევის მქონე პაციენტებში.

- ფიტოპრეპარატები (მცენარეული). ისინი მონოთერაპიულად არ გამოიყენება, რადგან შეუძლებელია ანთებითი პროცესი მხოლოდ ფიტოპრეპარატების გამოყენებით ჩაქრეს. ისინი პაციენტის ზოგად მდგომარეობას ამსუბუქებს, ზოგჯერ კი პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება.

- ფიზიოთერაპია. ის ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია. პაციენტებს ამგვარი მკურნალობის კურსი ხშირად სჭირდებათ. ფიზიოთერაპიის ერთი კურსი საშუალოდ 10 სეანსს მოიცავს და აუცილებლობის მიხედვით მეორდება. მისი ფორმებიც განსხვავებულია (ულტრაბგერითი, ლაზერული და სხვა), ექიმი-უროლოგი და ფიზიოთერაპევტი განსაზღვრავენ თუ ინდივიდუალურ შემთხვევაში რომელი მათგანის გამოყენებაა საჭირო.

- ქირურგიული ჩარევა პროსტატიტის გართულებების დროს გამოიყენება (მაგ.: პროსტატის აბსცესი).

ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვის აუცილებლობაზე, რადგან იგი მაქსიმალურად ამცირებს პათოლოგიური პროცესების გართულების სიხშირეს. გაციება, დაუცველი სექსი, უმოძრაობა, ხანგრძლივი სქესობრივი თავშეკავება, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა პროსტატის პრობლემებს ხშირად განაპირობებენ.

ყველა მამაკაცს გისურვებთ ჯანსაღ და ფუნქციონალურ პროსტატას.



P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

გამოგზავნილია: prostata, პროსტატა, პროსტატისმკურნალობა, პროსტატიტი, პროსტატიტისდიაგნოსტიკა, პსა