ბლოგი უროლოგიაზე

უროლოგია და ქალბატონები



ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადამიანი უროლოგებს კაცების ექიმად მიიჩნევს. ამ პოსტში მინდა უროლოგიის ქალბატონებთან კავშირზე გესაუბროთ. დავიწყოთ იქიდან, თუ რა არის უროლოგია. მედიცინის ეს ნაწილი სწავლობს და ებრძვის იმ პათოლოგიებს, რომლებიც საშარდე სისტემასა (თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი, შარდსადენი მილი) და მამაკაცის სასქესო სისტემას (პროსტატა, სათესლე ჯირკვლები, სათესლე ბუშტუკები, სასქესო ასო) აზიანებენ. ქალთა საშარდე სისტემის დაავადებების მართვის პრეროგატივა ექიმ-უროლოგებს ეკუთვნით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ანატომიური სხვაობის გამო, ბევრი პათოლოგიური პროცესი ქალებში განსხვავებულად მიმდინარეობს. უპირველესად, გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი კლინიკური მდგომარეობა მხოლოდ ქალის ორგანიზმში ვითარდება (მაგ.: ორსულობა, მშობიარობა, მენოპაუზა, ჰისტერექომია). ამიტომ, უროლოგიური პრობლემებიც, ხშირ შემთხვევაში, სპეციფიკურია და განსხვავებული კლინიკური მიდგომაა საჭირო.

განვიხილოთ ისეთი უროლოგიური პრობლემები, რომლებიც ქალთათვის განსაკუთრებულად აქტუალურია:

საშარდე გზების ინფექციები, შარდის ბუშტის ანთებები.



შარდსადენი მილის (ურეთრის) მცირე ზომის გამო ქალებს ინფექციების უფრო ხშირად უვითარდებათ, ვიდრე მამაკაცებს. ამგვარი პათოლოგიური პროცესი საშარდე გზებში ბაქტერიების მოხვედრით იწყება. ქალები უჩივიან გაძნელებულ შარდვას, წვასა და დისკომფორტის შეგრძნებას მოშარდვისას, ხშირ შარდვას, მოშარდვის იმპერატიულ შეგრძნებებს. ასეთ შემთხვევებში, შარდის საერთო ანალიზის შემდეგ კეთდება მისი ბაქტერიოლოგიური კვლევა (შარდის დათესვა). ანტიბიოტიკოგრამის მიხედვით ტარდება სათანადო მკურნალობა. საშარდე გზების ინფექციებს ძალზედ მძიმე გართულებები შეიძლება მოჰყვეს (ლეტალური შედეგების ჩათვლით).

ჰიპერაქტიური შარდის ბუშტი.



პაციენტი უჩივის ხშირ შარდვას დღე-ღამის ნებისმიერ დროს (დილით, დღის განმავლობაში, ღამე). ამ პათოლოგიის დროს არ ვლინდება შარდსასქესო სისტემის ქსოვილის ან ლორწოვანის რაიმე სახის ანთებითი ცვლილება, მაგრამ მუსკულატურა იკუმშება, რადგან შარდის ბუშტის ის კუნთი, რომელიც შარდის ბუშტში წნევის მატებაზე აგებს პასუხს, იგზნება. მკურნალობა მოიცავს როგორც მედიკამენტოზურ, ისე მცირე ინვაზიურ მეთოდებს. იშვიათად, ქირურგიული ჩარევაც ხდება საჭირო.

უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა).



პაციენტი უჩივის შარდის უნებლიე გამოყოფას. ეს პრობლემა შესაძლოა ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, თუმცა, უმეტესად ხნიერ ქალებში ვლინდება. მკურნალობა მოიცავს როგორც კონსერვატიულ (სამკურნალო პრეპარატები, მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიში, მენჯის ფსკერის ელექტრული სტიმულაცია), ისე ქირურგიულ მეთოდებს (შარდის ბუშტისა და ურეთრალური ანატომიის აღდგენის, კორექციის, კუნთოვან-მყესოვანი აპარატის ფიქსაციის ოპერაცია, სლინგური (მარყუჟოვანი) ოპერაციები, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია და სხვ.).

მენჯის ფსკერის სისუსტე/შარდის ბუშტის პროლაპსი (დაწევა).



ეს პათოლოგიური პროცესი იწყება მაშინ, როდესაც საშოს ზედა ნაწილი კარგავს თავის ანატომიურ ფორმას და ქვემოთ იწევს. მიმდინარეობს შარდის ბუშტის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის მაფიქსირებელი აპარატის დისფუნქცია. არსებობს მენჯის ფსკერის პროლაპსის რამდენიმე ტიპი, მაგალითად განასხვავებენ შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავისა და საშვილოსნოს პროლაპსს. მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.

მენჯის ქრონიკული ტკივილი/ინტერსტიციალური ცისტიტი.



ინტერსტიციალური ცისტიტი არის შარდის ბუშტის კედლის ხანგრძლივი ანთებითი პროცესი. ის განსხვავდება შარდის ბუშტის მწვავე ანთებისაგან და ცალკე დაავადებას წარმოადგენს. მას ასევე მოიხსენიებენ როგორც მტკივნეული შარდის ბუშტის სინდრომს. ამ პათოლოგიის დროს ჩივილები ძალზედ ჰგავს ბაქტერიული ინფექციების მქონე პაციენტების ჩივილებს (მაგ: წვისა და ტკივილის შეგრძნება მოშარდვისას). ადრე ინტერსტიციალური ცისტიტი იშვიათ დაავადებად ითვლებოდა. დღეს სტატისტიკური სურათი შეცვლილია და, სამწუხაროდ, ამ პრობლემას უფრო ხშირად ვხვდებით.

ძვირფასო ქალბატონებო, თუ გრძნობთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდათ და მოშარდვისას რაიმე დარღვევას აღმოაჩენთ, ნუ დაელოდებით, რომ „თავისით გაივლის“ და მიმართეთ ექიმ-უროლოგს.

დროული მიმართვა, სწორი დიაგნოსტიკა და სათანადო მკურნალობა თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.
გამოგზავნილია: საშარდესისტემისდარღვევებიქალებში, ქალთაუროლოგია