ბლოგი უროლოგიაზე

კენჭი



ამ პოსტში მინდა კენჭის შესახებ მოგითხროთ. კენჭი მხოლოდ შავი ზღვისა და მდინარეების სანაპიროზე როდი გვხვდება, ისინი საშარდე სისტემის ორგანოებშიც შეიძლება აღმოგვაჩნდეს. რა თქმა უნდა, ამგვარი კენჭები ბუნებაში არსებულთაგან აგებულებითა და ზომით განსხვავდება. თირკმელში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტსა და ურეთრაში კენჭის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩემი სტატიებიდან შეგიძლიათ მიიღოთ, ამ პოსტში კი მინდა ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ, რომელიც ორიოდ თვის წინ ერთ-ერთი კლინიკის მიმღებ განყოფილებაში გვქონდა.

- უროლოგი კობალაძე! თქვენ გთხოვენ მიმღებ განყოფილებაში! უროლოგი კობალაძე!

გავიგონე თუ არა ჩემი გვარი, წამსვე მიმღებში გავქანდი. ქალბატონი, რომელიც იქ დამხვდა, ტკივილებისგან იკრუნჩხებოდა. მისთვის უკვე გადასხმა დაედგათ და ექთანმაც შემატყობინა, რომ პაციენტი 10 წუთის წინ მოიყვანეს და ჯერჯერობით მხოლოდ გადასხმა დაუდგეს. სასწრაფოდ მოვუხმე რადიოლოგს და საშარდე სისტემის ულტრაბგერითი კვლევა ჩავატარებინე, ხოლო ექთანს გადასხმის შეწყვეტა და ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება ვთხოვე. ჩავატარეთ ლაბორატორიული კვლევები (შარდისა და სისხლის საერთო კვლევა). ნათესავმა, რომელიც პაციენტს ახლდა, მკითხა, თუ რატომ შევწყვიტეთ გადასხმა. ავუხსენი, თუ ულტრაბგერითი კვლევით დილატაცია (შარდსაწვეთის ან თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის გადიდება შეკავებული შარდის გამო) დადგინდება, დამატებითი სითხის გადასხმა არ შეიძლება-მეთქი. ამასობაში პაციენტისა და ჩემდა სასიხარულოდ, ტკივილგამაყუჩებელმაც იმოქმედა, ტკივილი დაუამდა და მხოლოდ ყრუ სახით დარჩა. ლაბორატორიულმა კვლევამ სისხლსა და შარდში ანთების ნიშნები არ გამოავლინა. სამაგიეროდ, რადიოლოგმა შემატყობინა, რომ 5-მილიმეტრიან კენჭს, რომელიც შარდსაწვეთში გაჭედილიყო, მისი ზემო მესამედისა და თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის დილატაცია გამოეწვია.

პაციენტის საერთო მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდა, ლაპარაკი და კთხვების დასმაც შეძლო. ავუხსენი, თუ რა სჭირდა. ვუთხარი, რომ ამგვარ ტკივილს თირკმლის ჭვალი ჰქვია, რომელსაც გაჭედილი კენჭის გამო შარდის გამოყოფის გაძნელება იწვევს, ეს კი, თავის მხრივ, შარდსაწვეთის ან თირკმლის მენჯ-ფიალოვანი სისტემის დილატირების მიზეზი ხდება. ასევე ავუხსენი, რომ სწორი მკურნალობის შემთხვევაში, საკმაოდ დიდი იყო ამ კენჭის დაბადების, ანუ შარდთან ერთად ბუნებრივად გამოყოფის შანსი. თუ ეს ვერ მოხერხდებოდა, მაშინ ლიტოტრიფსია (კენჭის დარტყმით-ტალღოვანი დისტანციური დაშლა) ან ენდოსკოპიური (რენტგენ-ენდოსკოპიური მცირე ინვაზიური მეთოდი) ჩარევა დაგვჭირდებოდა.

პაციენტის საერთო მდგომარეობა თანდათან დამაკმაყოფილებელი გახდა. გადავეცი კვლევის ყველა შედეგი, მივეცი შარდის შეგროვების ინსტრუქცია რაც შარდთან ერთად გამოყოფილი კენჭის დაფიქსირების საშუალებას მოგვცემდა, და ერთ კვირაში საკონტროლო ულტრაბგერითი და ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად დავიბარე. გახარებული და დამშვიდებული პაციენტი სამკურნალო სქემით გავუშვი სახლში.

სამიოდე საათის შემდეგ პაციენტმა დამირეკა და მითხრა, აფთიაქში ვარ, აქ გაკვირვებული არიან, კაცის წამალი ქალს რატომ დაგინიშნეს, თუ შეიძლება, დააზუსტეთ, ექიმს ხომ არაფერი შეეშალაო. ლამის ხალათიდან ამოვხტი: რას ნიშნავს კაცისა და ქალის წამლები–მეთქი? ვთხოვე, ტელეფონი აფთიაქის თანამშრომლისათვის გადაეცა. სამწუთიან მონოლოგში ავუხსენი, რომ ეს კონკრეტული მედიკამენტი პროსტატის მკურნალობის გარდა ურეთრალური კენჭის მკურნალობის დროსაც გამოიყენება და მსოფლიოში მსგავსი შემთხვევების მკურნალობის ერთ-ერთ სტანდარტადაა აღიარებული.

შვიდი დღის შემდეგ პაციენტი საკონტროლო ვიზიტზე სასიხარულო ინფორმაციით მოვიდა - აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მოშარდვის შემდგომ შარდში პატარა შავი კენჭი შეამჩნია, რომელიც თან მოიტანა. ულტრაბგერითმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ყველაფერი რიგზე იყო - აღარც კენჭი და აღარც დილატაცია! კენჭი გაიგზავნა ქიმიური გამოკვლევისთვის და ერთ კვირის შემდეგ, როცა პაციენტი მორიგ კონტროლზე კაბინეტში მესტუმრა, ქიმიური შეფასების დასკვნის საფუძველზე, უკვე შესაძლებლობა მქონდა მისთვის დეტალური და კონკრეტულად მის შემთხვევაზე მორგებული რეკომენდაციები მიმეცა, თუ როგორ დაიზღვიოს შემდგომში თავი იგივე პრობლემის განმეორებისგან.

პაციენტს ძალიან გაუხარდა, რომ მისი პრობლემა მხოლოდ თერაპიული გზით გადაიჭრა, რადგან, მისივე თქმით, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მსგავსი სამედიცინო დიაგნოზის სამკურნალოდ დედამისს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა რაც გაცილებით დიდი გამოწვევაა ნებისმიერი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით როცა მისი თავიდან აცილების საშუალებები არსებობს.

დასასრულ, მინდა ზოგადი რეკომენდაციები მოგაწოდოთ, რომლებიც თქვენი მდგომარეობის სწორად შეფასებაში გამოგადგებათ. საშარდე გზებში კენჭის წარმოქმნა საქართველოში ერთ-ერთი გავრცელებული სამედიცინო პრობლემაა. როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, დროული და სწორი მკურნალობა გართულებების განვითარების თავიდან აცილების საკვანძო ფაქტორია. უროლითიის – საშარდე გზებში კენჭის წარმოქმნის – გართულებები, ხშირად, საკმაოდ მძიმე და სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. კენჭების მქონე პაციენტებში რეციდივის პროფილაქტიკა კონსერვატული მეთოდებით უნდა დავიწყოთ. ფარმაკოლოგიური ზომები მხოლოდ მაშინ უნდა მივიღოთ, თუ კონსერვატული რეჟიმი უშედეგო იქნება. გამოყოფილი შარდის მოცულობის სადღეღამისო ნორმა მოზრდილისათვის 2500 მლ-ს აჭარბებს. შარდის ასეთი მოცულობის შესანარჩუნებლად შარდსაწვეთის კენჭების მქონე პაციენტი საკმაო რაოდენობით სითხეს უნდა იღებდეს. ასევე მნიშვნელოვანია დაბალანსოს დღიური რაციონი და მოერიდოს მარილიან საკვებს.

ასე რომ, სვით საკმარისი სითხე, შეამცირეთ მარილი და ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ულტრაბგერითი კვლევა.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: თირკმლისკოლიკა, კენჭი