შარდსაწვეთის კენჭი

შარდსაწვეთის კენჭი შარდკენჭოვანი დაავადებების შედარებით ხშირი ფორმაა, რომელიც უმეტესად თირკმლის ჭვალით ვლინდება

შარდსაწვეთის კენჭი (ურეთეროლითიაზი) შარდ-კენჭოვანი დაავადების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. ჩვეულებრივ, კონკრემენტები თირკმელებიდან ხვდება შარდსაწვეთში, რაც იწვევს ძლიერ შეტევით ტკივილს (თირკმლის ჭვალი). კონკრემენტები შესაძლოა, მდებარეობდეს შარდსაწვეთის ზედა მესამედში, შუა ან ქვედა ნაწილში. ხშირად კენჭები შარდსაწვეთის მთლიან სიგრძეზე თანაბრადაა განლაგებული, რაც ართულებს შარდის დინებას.

როგორც აღვნიშნე, უმეტესად შარდსაწვეთში კენჭები თირკმელებიდან ხვდება, თუმცა არის შემთხვევები, როცა კენჭები თვით შარდსაწვეთში ყალიბდება (ჩვეულებრივ ასეთი სიტუაცია გვხვდება შარდსაწვეთის დაავადებათა მქონე პაციენტებში).

ურეთეროლითიაზის სიმპტომები

შარდსაწვეთში მცირე ზომის კენჭის არსებობის დროს დამახასიათებელია ტკივილი. ხოლო სანათურის კენჭით დაცობისა და შარდის დინების დარღვევისას ვითარდება თირკმლის ჭვალი.

ზედა საშარდე გზებიდან შარდის დინების მწვავე დარღვევა იწვევს მენჯ-ფიალათა სისტემის შარდით გადავსებას ოკლუზიის ადგილის ზემოთ, თირკმლის მენჯში წნევის მატებასა და თირკმელში სისხლის მიმოქცევის დარღვევას. ამგვარად, თირკმლის ჭვალი არ არის მარტივი ტკივილის სინდრომი, არამედ თირკმლის მრავალი ფუნქციის სერიოზული დარღვევაა, რომელსაც შეიძლება, თან ახლდეს პაციენტის სიცოცხლისთვის საშიში და მძიმე გართულებები (მწვავე ჩირქოვანი პიელონეფრიტი, ბაქტერიემიული შოკი, პერირენალური ფლეგმონა).

თირკმლის ჭვალი, როგორც წესი, უეცრად წარმოიქმნება. ტკივილს აქვს შეტევითი ხასიათი გამწვავებისა და მიყუჩების პერიოდებით. შეტევის ხანგრძლივობა შეიძლება რამდენიმე წუთიდან დღე-ღამემდე გაგრძელდეს, ან უფრო მეტხანს გასტანოს. ტკივილი იმდენად ინტენსიური და მწვავეა, რომ პაციენტი ადგილს ვერ პოულობს და ტკივილის გასაყუჩებლად ირჩევს სხვადასხვა იძულებით მდებარეობას. ხშირად ცდილობს მოხვრას და ხელს იდებს წელის არეში, სადაც აუტანელ ტკივილს გრძნობს. ტკივილის ლოკალიზაცია დამახასიათებელია შარდსაწვეთის არეში თეძოს, საზარდულისა და ბოქვენზედა მიდამოში ირადაციით. ჭვალს ხშირად თან ახლავს გახშირებული შარდვა ან ტკივილები შარდსადენი მილის არეში.

დიაგნოსტიკა

  • პაციენტის გასინჯვა - შესაძლოა, პაციენტს აღენიშნებოდეს დამახასიათებელი ტკივილი წელის არეში, ზოგჯერ - ტემპერატურის მატებაც;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა - საშუალებას იძლევა, გამოვავლინოთ კონკრემენტები თირკმლის სტრუქტურებში, მენჯ-შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის სეგმენტებში, მოვახდინოთ ზედა შარდგამომყოფი გზების გაფართოების (ჰიდრონეფროზის) დიაგნოსტირება;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია - ზუსტად განსაზღვრავს კონკრემენტის არსებობას, ლოკალიზაციას, მის დიამეტრსა და სიმკვრივეს;
  • შარდის ანალიზი - აუცილებელია, განისაზღვროს შარდის pH, ნიტრიტების არსებობა, ლეიკოციტების, ერითროციტების რიცხვი. ინფექციის ეჭვის დროს გაკეთდეს ბაქტერიოლოგიური კვლევა;
  • სისხლის ანალიზი - საშუალებას იძლევა, შევაფასოთ თირკმელების ფუნქცია, ასევე განვსაზღვროთ საშარდე გზების ინფექციების ნიშნები.

მკურნალობა

შარდსაწვეთის კენჭების მკურნალობის სქემის არჩევა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. ურულოგი აუცილებლად ითვალისწინებს კენჭების ზომებს, მათი განლაგების თავისებურებებს და პაციენტის ზოგად მდგომარეობას. მხოლოდ საგულდაგულო გამოკვლევის შემდეგ ხდება შარდსაწვეთიდან კენჭების მოცილების ერთ-ერთი მეთოდის შერჩევა.

თერაპიული მკურნალობა: თუ კენჭის ზომა და მდებარეობა, მისი დამოუკიდებლად გამოდევნის საშუალებას იძლევა, მაშინ მკურნალობა უნდა დაიწყოს გაუტკივარებით, ასევე დაინიშნოს პრეპერატები, რომელიც აადვილებს კონკრემენტების გამოსვლას. ზედა საშარდე გზების ინფექციის განვითარებისას, ობსტრუქციის მოცილების შემდეგ, რეკომენდებულია ანტიბაქტერიული თერაპიის დაწყება (შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების შესაბამისად).

ქირურგიული მკურნალობა: საგანგებო სიტუაციებში, როცა აუცილებელია შარდის დინების დარღვევის დაუყოვნებელი აღმოფხვრა, შესაძლებელია სტენტით დრენირება ან კანქვეშა ნეფროსტომია.

კენჭების მოსაცილებლად გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი:

  • დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია (შარდსაწვეთსა და თირკმელებში კენჭების დაშლა);
  • მკურნალობის რენტგენ-ენდოსკოპიური მცირე ინვაზიური მეთოდი, რომელიც ღია ოპერაციებთან შედარებით ნაკლებად ტრავმულია და გართლების მცირე რისკებს წარმოშობს. თირკმელებიდან კენჭების მოცილების აღნიშნული მეთოდის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ორმხრივი, მრავალი კენჭების ერთდროული მოცილების შესაძლებლობა;
  • კონტაქტური (ტრანსურეთრალური) ურეთერო-ნეფროლითოტრიფსია წარმოადგენს ყველაზე ხშირ მიდგომას, რომელიც ამჟამად შარდსაწვეთის კენჭების სამკურნალოდ გამოიყენება;
  • თირკმელზე ლაპაროსკოპიული ოპერაცია უტარდებათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ხანგრძლივი ობსტრუქციის შემდეგ თირკმლის ფუნქცია მთლიანად დაკარგული აქვთ;
  • ღია ოპერაციები – ურეთეროლითოტომია.

კენჭების მქონე პაციენტებში რეციდივების პროფილაქტიკა უნდა დავიწყოთ კონსერვატიული მეთოდებით. ფარმაკოლოგიური ზომები მიღებულ უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კონსერვატიული რეჟიმი შედეგს არ იძლევა. 24 საათის განმავლობაში მოზრდილისთვის ნორმას წარმოადგენს 2000 მლ-ზე მეტი შარდის მოცულობა, შარდსაწვეთის კენჭების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმაო რაოდენობით სითხე, რათა შენარჩუნებული იქნას შარდის ასეთი მოცულობა. ასეთი პაციენტები უნდა იკვებებოდნენ სწორად, უპირველეს ყოვლისა, თავი უნდა შეიკავონ საკვებში მარილის დამატებისგან.