შარდის ბუშტის კენჭი

შარდის ბუშტის კენჭი

შარდის ბუშტის კენჭი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მამაკაცებს აღენიშნებათ და შარდის პასაჟის დარღვევის შედეგია

შარდის ბუშტის კენჭი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც უპირატესად მამაკაცებში გვხვდება. აღნიშნული პრობლემა იწვევს საკმაოდ მტკივნეულ სიმპტომებს. მკურნალობის არარსებობისას ხშირად პროგრესირებს და შეიძლება, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

შარდის ბუშტში კენჭების გაჩენის ორი ძირითადი მექანიზმი არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში კენჭი თავდაპირველად წარმოიქმნება თირკმელში, შემდეგ შარდსაწვეთის გავლით ჩადის შარდის ბუშტში და რჩება მასში. მსგავსი რამ, შედარებით იშვიათად გვხვდება რადგან კენჭი, რომელსაც შეუძლია გაიაროს შარდსაწვეთი, როგორც წესი, მცირე ზომისაა და ადვილად გამოიდევნება შარდსადენი მილის გავლით, რომელიც შარდსაწვეთთან შედარებით არსებითად დიდი ზომისაა.

უფრო ხშირ შემთხვევაში კენჭების თავად შარდის ბუშტში ყალიბდება რაც შარდის შეგუბებითაა გამოწვეული. შარდის შეგუბება ჩვეულებრივ გაძნელებული შარდვის შედეგია რაც, მაგალითისთვის, ხშირად აღენიშნებათ ურეთრის სტრიქტურის, პროსტატის ადენომის და/ან პროსტატის კიბოს მქონე პაციენტებს.

შარდის ბუშტში კენჭების ჩამოყალიბების კიდევ ერთი მიზეზია მასში უცხო სხეულების არსებობა, როგორიცაა კათეტერი (ურეთრალური ან ცისტოსტომით შეყვანილი).

შარდის ბუშტში კენჭების არსებობის სიმპტომები

პაციენტების უმრავლესობაში, შარდის ბუშტში კენჭების არსებობა მიმდინარეობს მტკივნეული სიმპტომებით, ყველაზე ხშირად მუცლის ქვედა ნაწილსა და ბოქვენის მიდამოში. ტკივილის გადაცემა ხდება შორისისა და ასევე გენიტალიების არეში. როგორც წესი, ტკივილის შეგრძნება ჩნდება მოძრაობისას და ძლიერდება შარდვისას.

შარდის ბუშტში კენჭების მქონე პაციენტების უმრავლესობას, ასევე აწუხებს ხშირი შარდვა. საკმარისია ავადმყოფმა სწრაფად გაიაროს, ჩაჯდეს ავტომობილში, მძიმე ასწიოს, რომ მას უჩნდება მოშარდვის ძლიერი სურვილი. კენჭების არსებობის კიდევ ერთ ნიშანს წარმოადგენს სპეციფიკური ტიპის შარდვის დარღვევები – ეგრეთწოდებული შეწყვეტილი ნაკადის სიმპტომი. ამ დროს შარდის ბუშტი ჯერ კიდევ არ არის დაცლილი, მაგრამ შარდის ნაკადი წყდება და მოშარდვის აქტის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ სხეულის მდგომარეობის შეცვლის შემდეგ. თუ დაავადება მიშვებულია, და კენჭმა მიაღწია საკმაოდ დიდ ზომას, შარდვა მხოლოდ წოლით მდგომარეობაში იქნება შესაძლებელი.

შარდის ბუშტის კენჭების დიაგნოსტიკა

შარდის ბუშტში კენჭების მქონე პაციენტებს შარდის საერთო ანალიზში, როგორც წესი, არსებითი გადახრები აღენიშნებათ. მათ შორის ერითროციტების რიცხვის გაზრდა (ჰემატურია) და ლეიკოციტების რაოდენობის მომატება (პიურია). მსგავსი გადახრა არასპეციფიკურია და შარდის ბუშტში კენჭის არსებობის ეჭვს ბადებს. საბოლოო დიაგნოზს ადგენენ სპციალური გამოკვლევების შედეგად, როგორიცაა, შარდის ბუშტის ულტრაბგერითი კვლევა ან მენჯის კომპიუტერიული ტომოგრაფია. ეს უკანასკნელი გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, ზუსტად დავადგინოთ შარდის ბუშტში კენჭების ზომა და რაოდენობა, რაც შემდგომ განსაზღვრავს მკურნალობის მიდგომებს.

შარდის ბუშტის კენჭების მკურნალობა

უმეტეს შემთხვევაში შარდის ბუშტის კენჭებს კურნავენ ქირურგიული ჩარევით. ოპერაციის ტიპის შერჩევა (ენდოსკოპიური ან ღია) დამოკიდებულია კენჭების ზომასა და რაოდენობაზე. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, თანმხლები უროლოგიური პრობლემების არსებობა, როგორიცაა პროსტატის ადენომა ან ურეთრის სტრიქტურა.

შარდის ბუშტში კენჭის წარმოქმნის პროფილაქტიკა

ჯანსაღი ცხოვრების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული შემოწმება პროფილაქტიკის მთავარი შემადგენელი კომპონენტებია. უფრო კონკრეტულად, ქემოთ მოყვანილი ნაბიჯები დაგეხმარებათ შარდის ბუშტში კენჭის წარმოქმნის პროფილაქტიკასა და დროულ დიაგნოსტიკაში, რაც წარმატებული მკურნალობის საწინდარია:

  • მიიღეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (დღე-ღამეში დაახლოებით 2,5 ლ წყალი რეკომენდებულია არა მხოლოდ შარდის ბუშტის კენჭების პროფილაქტიკისთვის);
  • მოახდინეთ დიეტის ოპტიმიზაცია და გაითვალისწინეთ ჯანსაღი კვების მარტივი, თუმცა სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი რეკომენდაციები;
  • შარდვის პრობლემის წარმოშობისას, დროულად მიმართეთ ექიმ უროლოგს;
  • ჩაიტარეთ რეგულარული გამოკვლევა სისხლში პსა-ს დონის განსაზღვრისთვის (მაშინაც კი როცა არ გაქვთ მწვავე სიმპტომები რეგულარულად შემოწმებამ შესაძოა მნიშვნელოვანი პრობლემები აგარიდოთ თავიდან);
  • მნიშვნელოვანი ფაქტორია კათეტერისა და ურეთრალური სტენტის დროული შეცვლა ან ამოღება, რათა კენჭების გამოწვევის ეს პოტენციური მიზეზი გამოირიცხოს (რა თქმა უნდა, ტექნიკურად ეს ექიმის/სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობაა, თუმცა თქვენი ინფორმირებულობა პროცესის დროული და სწორი მიმდინარეობისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია).