ბლოგი უროლოგიაზე

ხშირი შარდვა ქალებში



ღამით საწოლიდან ადგომის და საპირფარეშოთი რამოდენიმეჯერ სარგებლობის აუცილებლობა ხშირად მხოლოდ ასაკოვანი მამაკაცების პრობლემად ითვლება. სამწუხარო ფაქტია, რომ ხშირი შარდვის პრობლემა და მასთან დაკავშირებული სირთულეები მამაკაცების ექსკლუზივი ნამდვილად არ არის.

სტატისტიკურად ყოველი სამი 40 წელს გადაცილებული ქალბატონიდან ორი ერთხელ მაინც იღვიძებს ღამით სავსე შარდის ბუშტით, მათი თითქმის ნახევარი კი იძულებულია ღამის განმავლობაში ორჯერ და მეტჯერ ისარგებლოს საპირფარეშოთი. ყოველი მესამე ქალბატონი თქვენ გარშემო ასაკის მიუხედავად ცხოვრების რომელიმე ეტაპზე მაინც აწყდება ხშირი შარდვის პრობლემას და მასთან დაკავშირებულ დისკომფორტებს.

ეს პოსტი სწორედ ქალბატონებს ეხება - რას ნიშნავს ხშირი შარდვა ქალებში, რატომ არის ეს პრობლემა ასეთი ხშირი, და რა გვიშლის ხელს სწორად, დროულად, და ეფექტურად ვუმკურნალოთ არა მხოლოდ ინდივიდუალურ პაციენტს, არამედ ზოგადად ხშირი შარდვის პრობლემას ქალბატონებში?

დაახლოებით 6-7 თვის წინ აი ასეთი წერილი მივიღე ელექტრონულ ფოსტაზე:

„გამარჯობა,

ჩემს პრობლემას საკმაოდ გრძელი ისტორია აქვს, ვეცდები მოკლედ მოვყვე იმ იმედით რომ თქვენგან მოვისმენ კომპეტენტურ რჩევას რომელიც მართლა მიშველის.

ვარ 43 წლის ქალი, მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი. არანაირი ქრონიკული ან მნიშვნელოვანი პრობლემა არ მქონია აქამდე. დაახლოებით ორი/ორ-ნახევარი თვის წინ იყო პირველად როცა შევამჩნიე რომ ჩვეულებრივზე გაცილებით ხშირად ვიყენებ საპირფარეშოს. რამოდენიმე ხანს უბრალოდ ველოდი, რომ გაივლიდა, არავისთვის მითქვამს. როგორია ხმამაღლა იმის სააშკარაოზე გამოფენა, რომ ხშირად გინდება/გჭირდება მოშარდვა. გამიგია ასეთი რამ შეიძლება გაციების ან შარდის ბუშტის ანთების გამო მოხდეს და ვიფიქრე გამივლიდა. სითბომ და თავის მოვლამ სახლის პირობებში არ მიშველა. იგივე რომ დარჩენილიყო სიტუაცია ალბათ უფრო დიდ ხანს არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ უფრო და უფრო გართულდა. ლამის ყოველწუთას მჭირდებოდა საპირფარეშოში სირბილი დღეც და ღამეც. დაახლოებთ 1 თვის შემდეგ რჩევა ჯერ მეგობრებს ვკითხე. ერთის რჩევით 5 ნოკი ვსვი რაღაც პერიოდი. წამალია ასეთი გეცოდინებათ ალბათ და ინსტრუქციის მიხედვით დავლიე. ამან რომ არ შეცვალა არაფერი, მეორემ ანტიბიოტიკი მირჩია - ციპრინოლი. ამან მიშველა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით.

მერე წავედი ოჯახის ექიმთან. აქვეა პოლიკლინიკაში ჩემი სადაზღვევოს ოჯახის ექიმი და უფრო ადვილად გავბედე მისვლა. ჩამიტარეს რაღაც გამოკვლევა, ზოგადი შარდის ანალიზი, თუ არ ვცდები. დამინიშნეს სხვა ანტიბიოტიკის სრული კურსი. მერე ვიყავი გინეკოლოგთანაც, „ქალების ექიმია“ და ეგ თუ გიშველისო ათასმა ვინმემ მირჩია. მისი დანიშნული მკურნალობაც სრულად ჩავიტარე. არც ერთმა მცდელობამ არაფერი შეცვალა. პარალელურად ვცადე ყველაფერი რაც ჩემს ახლობლებს გაახსენდათ და თავში აზრად მოუვიდათ, რაღაც ოჯახურ-ხალხურ-მცენარეული მეთოდები. ვფიქრობდი თუ არ მიშველის არც მავნებს რამესთქო.

საბოლოოდ ისევ იქ ვარ სადაც ყველაფერი დაიწყო. ღამით ნორმალურად ვეღარ მძინავს და დღისითაც ძალიან შემაწუხებელია ეს პრობლემა.

ბოლო დროს ინტერნეტში დავიწყე კითხვა ხშირი შარდვის შესახებ. რაც მეტს ვკითხულობ მით მეტ დაავადებას ვაწყდები რომლის სიმპტომიც შეიძლება იყოს ასეთი გახშირებული შარდვა და მით მეტად მისკდება გული. ასევე წავიკითხე რომ ხშირად უროლოგიურ დაავადებებს ახასიათებთ ასეთი სიმპტომი ამიტომ გწერთ იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე უფრო რეალური - რისი ბრალია, რა ვქნა და რით ვიმკურნალო.

გმადლობთ წინასწარ“

წერილის მიღებიდან 2-3 დღის შემდეგ ეს ქალბატონი ჩემთან მოვიდა კონსულტაციაზე. ჩავატარეთ კვლევების სრული სპექტრი რომ დაგვედგინა იყო თუ არა ხშირი შარდვა ანთებითი პროცესების ბრალი, გამოგვერიცხა ონკოლოგიური მიზეზები, დიაბეტი, და ამ სიმპტომის სხვა პოტენციური წყაროები. შარდის ბაქტერიოლოგიურმა კვლევამ აჩვენა ნაწლავის ჩხირი (E. Coli), რომელიც მხოლოდ კონკრეტული მედიკამენტების მიმართაა მგრძობიარე (არც ერთი მის მიერ მანამდე მიღებული მედიკამენტი სამწუხაროდ ამ სიაში არ შედიოდა). პაციენტს ჩაუტარდა მკურნალობის სრული კურსი. უკვე 6 თვეზე მეტია მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ჩვენი რეკომენდაციით სწორად იცავს თავს შემდგომი რეცედივებისაგან და პერიოდულად იტარებს უროლოგიურ შემოწმებას პროფილაქტიკის მიზნით, რადგან დარწმუნდა რომ ქალებს მხოლოდ ისეთი პრობლემები არ აწუხებთ რომლებსაც „ქალების ექიმი“ მკურნალობს.

ასეთ პაციენტი ბევრია, თუმცა ამ კონკრეტულმა წერილმა და შემდგომ მკურნალობის პროცესში ამ ქალბატონთან ურთიერთობამ განსაკუთრებულად კარგად დამანახა რომ ხშირი შარდვის სიმპტომის მქონე ქალბატონებისთვის გზა უროლოგამდე გაცილებით "რთული" და "გრძელია"იგივე პრობლემის მქონე მამაკაცებთან შედარებით. ხშირად უკვე ჩემს კაბინეტში მოსული პაციენტის ანამნეზის შეგროვებისას ვისმენ ისტორიებს იმის შესახებ, რომ

• სიმპტომის ხასიათით გამოწვეული სირცხვილი და მორიდებულობა,

• გარშემომყოფების არაკომპეტენტური რჩევები

• ხშირი შარდვის შესაძლო გამომწვევი დაავადებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა,

• განკურნების უიმედობა, და/ან

• არცოდნა თუ ვის მიმართონ დახმარების სათხოვნელად

ხშირად ხდება მიზეზი რის გამოც ქალები არ მიმართავენ ექიმს და დროთა განმავლობაში „იჯერებენ“ რომ საპირფარეშოთი ხშირი სარგებლობა არათუ განსაკუთრებული პრობლემაა, არამედ ეს არის კიდეც „ნორმა“.

სინამდვილეში ეს არ არის „ნორმა“. თანამედროვე უროლოგიას შეუძლია ხშირი შარდვის სიმპტომის მოხსნა შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში.

გარდა ამისა, იშვიათად, მაგრამ ხშირი შარდვა შესაძლოა იყოს სერიოზული პათოლოგიების ერთ-ერთი სიმპტომი, როგორიცაა მაგალითად შარდის ბუშტის კიბო, კენჭის არსებობა შარდის ბუშტში და სხვა. ამ დაავადებების მკურნალობაში ადრეული დიაგნოსტიკა ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ არის მნიშნელოვანი რომ ორგანიზმის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს (რამდენად არაკომფორტული და დელიკატური ხასიათისაც არ უნდა იყვნენ ისინი) ადეკვატურად და დროულად ვუპასუხოთ სპეციალისტებთან ერთად.

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ექიმი უროლოგი ხშირი შარდვით შეწუხებული ქალბატონებისთვის ხშირად მოსანახულებელ ექიმთა სიის ბოლოშია (თუ საერთოდ წერია იქ), ოჯახის ექიმის, გინეკოლოგის და სხვა სპეციალისტების შემდეგ. პირველადი მიმართვა სხვა სპეციალისტებთან ხშირად საკმაოდ ახანგრძლივებს დიაგნოსტიკის პროცესს და როცა პაციენტი საბოლოოდ ხვდება უროლოგთან (რაც უმეტეს შემთხევაში მხოლოდ ოჯახის ექიმის ან გინეკოლოგის რეკომენდაციით ბოლოს მაინც ხდება) ხშირი შარდვის გამომწვევი პირველადი პათლოგია შესაძლოა მნიშვნელოვნად იყოს პროგრესირებული, რაც მკურნალობის პოზიტიური გამოსავლის შანსსაც ამცირებს.

ამიტომ თუ თქვენ გაწუხებთ ხშირი შარდვა,

თუ გერიდებათ ამ პრობლემის გაზიარება,

თუ ფიქრობთ რომ ეს აღარ შეიცვლება,

თუ არ იცით, რომ ეს მხოლოდ დისკომფორტი არაა და გაცილებით მნიშვნელოვან პრობლემას შეიძლება მიანიშნებდეს,

ან თუ გინდათ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ, მაგრამ არ იცით როგორ,

ეს პოსტი არის ჩემი მცდელობა, რომ გითხრათ - არაფერი გვათავისუფლებს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ვალდებულებისგან! ხშირი შარდვა განკურნებადია, და მასთან ერთად დაძლევადია ყველა ის არასასიამოვნო შეგრძნება რაც ცხოვრების ხარისხს უარყოფითად ცვლის. ამიტომ მიმართეთ უროლოგს,

რომ დროულად ჩაგიტარდეთ სათანადო დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

რომ გაუმჯობესდეს თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ხარისხი

რომ თავისუფლად გააგრძელოთ იმის კეთება რაც გინდათ/უნდა აკეთოთ,

რომ დაგიბრუნდეთ ხალისი და სიმშვიდე.

ჯანმრთელობა ხშირად უფრო ახლოსაა ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია.



თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.



უროლოგი კონსტანტინე კობალაძე



გამოგზავნილია: ხშირიშარდვა