ბლოგი უროლოგიაზე

მოულოდნელი მარცხი



ამ პოსტში მინდა კიდევ ერთხელ განვიხილო მამაკაცის სქესობრივი დისფუნქციის საკითხი. იგი ჩემი პაციენტებიდან ყოველ მესამე მამაკაცს აღენიშნება და ნაადრევი ეაკულაციით ან ერექციული დისფუნქციით არის გამოხატული.

სქესობრივი პრობლემებით დამძიმებული პაციენტების ცხოვრების ხარისხი ყოველმხრივ უარესდება. პრობლემები ექმნებათ ოჯახში, რაც მათ საზოგადოებრივ მოღვაწეობასა თუ კარიერაზეც აისახება. ერთ-ერთ პოსტში მე ვრცლად ვისაუბრე იმ გარემოებებზე, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ერექციული ფუნქციის შესრულებაზე.

გამოსავალი არის! მთავარია პაციენტი თავის თავში არ ჩაიკეტოს და ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მყოფი, მარტო არ დარჩეს. არც სხვადასხვა მედიკამენტების თვითნებურად მიღებას გირჩევთ, ეს თქვენი ჯანმრთელობისათვის შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ ერექციის მიღწევა უმარტივესი პროცესია. მერწმუნეთ, ეს ასე არ არის. ერექცია რთული ქიმიური პროცესების ხარჯზე ხდება. ინერვაციის მეშვეობით სასქესო ასოს დიდი რაოდენობით სისხლი აწვება და თუ ყველაფერი სწორად წარიმართა, სასქესო ასო ერეგირებულ მდგომარეობას აღწევს.

ერთი კლინიკური შემთხვევის შესახებ გიამბობთ. გასულ თვეში ჩემთან ვიზიტზე მოვიდა 43 წლის მამაკაცი, რომელიც უკვე 2 თვის განმავლობაში ერექციული ფუნქციის დაქვეითებას უჩიოდა. ანამნეზიდან (ცხოვრების ისტორია) გაირკვა, რომ პირველივე მოულოდნელმა მარცხმა ისე დათრგუნა, რომ მას შემდეგ ყოველი აქტის წინ მხოლოდ ერექციაზე ფიქრობდა, „მარცხებიც“ გრძელდებოდა. გარდა ამისა, სხვადასხვა პრეპარატის თვითნებურად მიღებამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეარყია. გამოკითხვის დროს ასევე აღმოჩნდა, რომ 2 წლის წინ შაქრიანი დიაბეტი დაუდგინეს, ის კი, უკვე წელიწადი იყო გასული, რაც ენდოკრინოლოგთან არც კი მისულა.

პაციენტს რამდენიმე დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარება ვურჩიე. მათი შედეგების საფუძველზე სისხლში დაურეგულირებელი შაქრის დონე დადგინდა. გლუკოზა (შაქარი) შარდის საერთო ანალიზშიც კი გამოვლინდა. ასევე დადგინდა სისხლის მიმოქცევის მკვეთრი ცვლილებები სასქესო ასოში. უპირველესად ვურჩიე ენდოკრინოლოგისათვის მიემართა და ისიც ავუხსენი, რომ აუცილებელი იყო კომბინირებული თერაპიის ჩატარება.

ერთი თვის მკურნალობის შემდეგ ენდოკრინოლოგიური სტატუსი დასტაბილურდა და დადებითი დინამიკით ვითარდებოდა. ჩემი მხრივ, სათანადო სქემით მკურნალობა დავუნიშნე. მისი სქესობრივი ფუნქციაც დარეგულირდა. მოწესრიგდა ფსიქოლოგიური მხარეც. მისი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელი გახდა.

ერექციული დისფუნქცია (იმპოტენცია) ბევრს დიდი ასაკის მქონე მამაკაცების დაავადებად წარმოუდგენია. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების დაკვირვების შედეგად, მისი განვითარება 20-30 წლის მამაკაცებშიც ძალზე გახშირდა. ასეთ კლინიკურ შემთხვევებში ფსიქოლოგიური ფაქტორიც უფრო რთულად ვლინდება.

ამ პოსტის პოზიტიურად დასასრულებლად გეტყვით, რომ არსებობს ერექციული ფუნქციის სამკურნალო მრავალი სქემა, რომლებიც მოიცავენ როგორც მედიკამენტოზურ, ასევე ქირურგიულ მიდგომებს.

დროულად მიმართეთ ექიმ უროლოგს და სათანადო მკურნალობა ჩაიტარეთ. არ იღელვოთ, არ იფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა.

გისურვებთ წარმატებულ და მრავალფეროვან სქესობრივ ცხოვრებას!

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: ერექციული_დისფუნქცია, იმპოტენცია, ნაადრევი_ეაკულაცია, სექსუალური_დარღვევები, სექსუალური_დისფუნქცია