ბლოგი უროლოგიაზე

ერექციული დისფუნქცია - 7 მთავარი მიზეზი



მამაკაცთა უმეტესობას ერთხელ მაინც განუცდია მარცხი ქალთან ისე რომ ვერ მიმხვდრა, თუ რატომ დაემართა ეს. თუ ჩვენი მამაკაცური სიამაყე მშვენიერი ქალის წინაშე არ რეაგირებს, არ ვიცით რა ვქნათ, ვიწყებთ საჭირო ინფორმაციის ინტერნეტით მოძიებას, რჩევას მეგობრებს ვთხოვთ, ჩვენი ფიქრებიც მხოლოდ ამ საკითხს უტრიალებს და რაც ყველაზე ცუდია – ჩვენს ცნობიერებას სექსისადმი შიში იპყრობს.

ჩემი პაციენტები, კონსულტაციის დროს, ხშირად მეკითხებიან თუ რა შეიძლება გახდეს მათი სექსუალური სიძლიერის დაქვეითებისა და სრული განადგურების მიზეზი. რამ შეიძლება, მცირედი ფორმითაც კი, მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ერექციულ ფუნქციაზე.

სწორედ ამიტომ, მინდა გაგაცნოთ ერექციული დისფუნქციის 7 უმთავრესი მიზეზი, შვიდი ფაქტორი, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ამ ფუნქციის შესასრულებლად, შვიდი ვითარება, რომლებსაც მამაკაცის სქესობრივ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

I მიზეზი - ფსიქოგენური.

მამაკაცის ერთ–ერთი უმთავრესი სუსტი წერტილი მისივე ფსიქოლოგიაში იმალება. ჩვენ ყოველთვის და ყველაფერზე ვღელავთ. სამწუხაროდ, ნერვიულობა ჩვენს სექსობრივ ცხოვრებაზეც აისახება.

ფსიქოგენურ მიზეზებს შორის გამოირჩევა:

- დეპრესია, დათრგუნული მდგომარეობა. ასეთი გარემოება პრობლემებს უფრო აძლიერებს და კიდევ უფრო გვთრგუნავს;

- ქრონიკული ნევროზი, ფსიქოზი. ამ დროს აუცილებელია ფსიქოთერაპევტისა და ფსიქიატრის კვალიფიცირებული დახმარება;

- სტრესული სიტუაციები, ოჯახური კონფლიქტები. ასეთ ვითარებაში ძალიან რთულია გონებაში შესატყვისი ფანტაზიები აღიძრას. უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, კონფლიქტები დაარეგულიროთ და სტრესებისაგან გათავისუფლდეთ.

- ნარკომანია, ალკოჰოლიზმი. ეს ორი პათოლოგიური მდგომარეობა გამოირჩევა თავისი უმძიმესი და დამანგრეველი შედეგებით.

- წარუმატებლობისა და სქესობრივი უძლურების შიში. ეს ფაქტორი ფსიქოგენური ერექციული დისფუნქციის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზია. მასთან გამკლავება ხშირად გარკვეულ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს.



II მიზეზი - ნეიროგენური.

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიებს ერექციული ფუნქციის დაქვეითება შეუძლია, ასეთებია:

- თავისა და ზურგის ტვინის დაავადებები, სხვადასხვა სახის ტრავმა (მათ შორის, ოპერაციები);

- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

- გაფანტული სკლეროზი - ნერვული სისტემის აუტოიმუნური წარმოშობის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადება, რომელიც თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსს აზიანებს;

- პარკინსონის დაავადება - ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადება, რომელსაც ახლავს შუა ტვინის შავ სუბსტანციაში არსებული უჯრედების კვდომა;

- პერიფერიული ინერვაციის დარღვევები (ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნეიროპათიები, შაქრიანი დიაბეტის ფონზე და სხვ.).



III მიზეზი - ორგანული.

სასქესო ასო მამაკაცის ორგანიზმის ერთ–ერთი უმთავრესი ორგანოა და მას სათანადო მეთვალყურეობა სჭირდება. სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება შეუძლია ისეთ პათოლოგიურ პროცესებს, როგორებიცაა:

- კავერნოზული ფიბროზი - სასქესო ასოს ნორმალური კავერნოზული ქსოვილის სკლეროზი;

- პეირონის დაავადება - სასქესო ასოს გამრუდება ბალთების წარმოქმნის ადგილებში ფიბროზული გარსის გაზრდის შედეგად.



IV მიზეზი - ენდოკრინული.

სამწუხაროდ, ენდოკრინული პათოლოგიები არცთუ იშვიათია, მათ შორის, ერექციულ ფუნქციაზე მოქმედებს:

- ჰიპოგონადიზმი (მამაკაცებში ტესტოსტერონის დონის შემცირება).

- შაქრიანი დიაბეტი.

- პროლაქტინომა (ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი).

- თირკმელზედა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია.



V მიზეზი - სისხლძარღვოვანი.

სისხლის მიმოქცევა ერექციული ფუნქციის წარმართვის ერთ–ერთი შემადგენელია. მისი შეფერხება პოტენციის დარღვევის საწინდარია. ასეთი შეიძლება იყოს:

- სასქესო ასოს სისხლძარღვოვანი სისტემის კომბინირებული დაზიანება;

- მიკროცირკულაციის დარღვევა სასქესო ასოში;

- ჰიპერტონიული დაავადება;

- კავერნოზული სხეულების პათოლოგიური ვენური დრენაჟი.

ერექციული დისფუნქციის ერთერთ საუკეთესო პროფილაქტიკურ ნაბიჯად, შეიძლება ჩაითვალოს არტერიული წნევისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი.



VI მიზეზი - მედიკამენტოზური.

ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ წამლის გვერდითი მოვლენები. სამწუხაროდ, ზოგიერთ მედიკამენტოზურ მკურნალობას შესაძლოა ერექციული ფუნქციისა და ლიბიდოს დაქვეითება მოჰყვეს. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, ამ ფაქტორების აღმოფხვრა შესაძლებელია.

- შესაძლოა წარმოიქმნას ფსიქოტროპული, ჰორმონალური, ანტიდეპრესანტებისა და წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების ფონზე.



VII მიზეზი - ტრავმული.

მოერიდეთ სასქესო ასოს, სათესლე ჯირკვლებისა და შორისის არის ტრავმულ დაზიანებებს. თუ ასეთი რამ მაინც მოხდა, დროული მკურნალობის ჩასატარებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

- შესაძლებელია განვითარდეს სასქესო ასოსა და შორისის რბილი ქსოვილების მიდამოში სხვადასხვა ტრავმის მიღების შედეგად.

მამაკაცებს გირჩევთ, გაითვალისწინოთ ეს მთავარი მიზეზები და გარემოებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ერექციულ ფუნქციაზე, ხოლო თუ რომელიმე ფაქტორი თქვენს მამაკაცურ ღირსებას მაინც დაემუქრა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ–უროლოგს.

გისურვებთ ჯანმრთელ სქესობრივ ცხოვრებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე

გამოგზავნილია: ერექციული_დისფუნქცია, იმპოტენცია, იმპოტენციის_მიზეზები