პრიაპიზმი

პრიაპიზმი (სასქესო ასოს ხანგრძლივი მტკივნეული ერექცია)

პრიაპიზმი (სასქესო ასოს პათოლოგიურად ხანგრძლივი და მტკივნეული ერექცია რომელიც გრძელდება 4 საათზე მეტ ხანს) წარმოადგენს განსაკუთრებულ უროლოგიურ დარღვევას და საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას ექიმ-უროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრიაპიზმს უწოდებენ სასქესო ასოს პათოლოგიურად ხანგრძლივ და მტკივნეულ ერექციას, რომელიც არ სრულდება ეაკულაციის შემდგომ. ეს არის ძლიერი საფრთხის შემცველი მდგომარება, ვინაიდან გამოწვეულია მამაკაცის ჰენიტალიების არეში სისხლის მიმოქცევის დარღვევით.

აღნიშნული პათოლოგიის სახელწოდება წარმოიქმნა ძველი ბერძნული ღმერთის, პრიაპის სახელიდან. ბერძნულ მითოლოგიაში, ის ითვლება ნაყოფიერების ღმერთად რომელსაც მუდმივად ერეგირებული სასქესო ასო აქვს.

დაავადების ნაირსახეობები

პრიაპიზმის დროს მამაკაცის ჰენიტალიების არეში სისხლის მიმოქცევა მკვეთრად დარღვეულია – შეიძლება ხდებოდეს არტერიების მეშვეობით სისხლის ნაკადის ძლიერი მატება, ან ვენების მეშვეობით მისი ნაკადის უკან გადინების მძაფრი შეფერხება. აქედან გამომდინარე განასხვავებენ პრიაპიზმის ორ სახეს:

  1. პრიაპიზმის არაიშემიური (არტერიალური, უმტკივნულო) სახე და
  2. პრიაპიზმის იშემიური (ვენურ – ოკლუზიური, ან მტკივნეული) სახე, რომელიც პრიაპიზმის ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეა.

სისხლის ხანგრძლივი (4 - 6 საათზე მეტი) შეგუბებისა და ერექციის დროს იწყება სასქესო ასოს ქსოვილთა დაზიანება, რომელიც შესაძლოა დასრულდეს სასქესო ასოს ფუნქციის დაკარგვით, ან ნეკროზითა და განგრენით.

დაავადების გამომწვევი მიზეზები

პრიაპიზმის გამომწვევი მიზეზების მიხედვით შეიძლება განვასხვავოთ:

  • იდიოპათიური პრიაპიზმი;
  • პრიაპიზმი, რომელიც თან ახლავს ნევროლოგიურ ან ფსიქიურ დაავადეებს;
  • პრიაპიზმი, რომელიც შესაძლოა განვითარდეს სისხლის დაავადებების დროს (იმ შემთხვევებში, როდესაც მკვეთრათ იცვლება სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი). ასეთ დაავადეებს მიკუთვნება ლეიკოზი, ანემიის ნამგლისებურ-უჯრედოვანი ფორმა, ალერგიის ზოგიერთი ნაირსახეობანი.
  • პრიაპიზმის მედიკამენტოზური ფორმა, რომელიც ხვადასხვა პრეპარატების მიღების შედეგადაა გამოწვეული. განსაკუთრებით ხშირად, პრიაპიზმს იწვევს ესა თუ ის ფსიქოთერაპევტული საშუალება, ასევე ის წამლები, რომლებიც გამოიყენება ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ, ინტრაკავერნოზური ინექციის წესით (სასქესო ასოში ინექციის სახით).

პრიაპიზმის სიმპტომები

პრიაპიზმს ახასიათებს ხანგრძლივი ერექცია, რომელიც გრძელდება 3 - 4 საათის განმავლობაში, მას თან ერთვის უსიამოვნო გრძნობა და ტკივილი. სხვა ძირითად ნიშნებს განეკუთვნება შემდეგი:

  • პენისის თავი სისხლით არ არის სავსე. ის რბილია და ერთგვარად გადმოკიდებულია, ერეგირებული სასქესო ასოდან, ხოლო თავად ასო რკალისებურად გადაწეულია მუცლის მიმართულებით.
  • ნელ-ნელა იწყება “ფეხების გაბუჟების” მსგავსი ტკივილი, რომელიც უსიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ინტენსიურად მატულობს და არ წყდება ერექციის დასრულებამდე.
  • პენისის ფუძის არეში იწყება გამჭოლი, მძაფრი ხასიათის ტკივილი, ირადიაციით საზარდულისა და სწორი ნაწლავის არეში.
  • მამაკაცი არ განიცდის სექსუალურ ლტოლვას, თუმცა ისწრაფვის სქესობრივი აქტისკენ. სექსს არ მოაქვს სიამოვნებისა და შვების გრძნობა. რიგ შემთხვევებში არ ხორციელდება ეაკულაცია. სქესობრივი აქტი შეიძლება გადაიქცეს მტკივნეულ პროცესად.
  • პრიაპიზმის დროს შესაძლებელია მოშარდვა, თუმცა პენისის ერეგირებული მდგომარეობის გამო, შარდის ნაკადი მიმართული იქნება ზევით, რაც თავისთავად სირთულეს უქმნის შარდის პასაჟს.
  • პენისზე კანის ფერი ხდება წითელი, ხოლო პროცესის პროგრესირებისას იღებს ლურჯ ელფერს.

დაავადების დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკის საფუძველს წარმოადგენს პაციენტის მონათხრობი, სასქესო ასოს ვიზუალური დათვალიერება და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების არსებობის ანალიზი.

ზოგ შემთხვევაში აუცილებელია პენისის სისხლ-ძარღვების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება დაავადების ფორმის დადგენის მიზნით. ძალზედ მნიშვნელოვან მინიშნებას დაავადების ვენო-ოკლუზიურ ფორმაზე წარმოადგენს სასქესო ასოს ტკივილი. დიაგნოსტიკის მიზნით შეიძლება კავერნოზული სხეულის პუნქცია, სისხლის სინჯთან ერთად: ვენოზური სისლმიმოქცევის დარღვევისას სისხლი ალუბლისფერია, ხოლო არტერიული პრობლემის არსებობისას _ ალისფერი.

პრიაპიზმის მკურნალობა

ერექცია, რომელიც სექსის შემგომ არ სრულდება 3-4 საათის განმავლობაში, სქესობრივი აქტის ეაკულაციით დამთავრების შეუძლებლობა, პენისის ტკივილი - უროლოგისთვის სასწრაფო მიმართვის მიზეზებია. რაც უფრო ხანგრძლივად მიმდინარეობს პრიაპიზმი, მით უფრო მაღალია გართულებების რისკი და დაბალია მკურნალობის ეფექტურობა.

თავდაპირველად პრიაპიზმის მკურნალობას იწყებენ კონსერვატიული მეთოდებით. შეიძლება პენისს შემოეწყოს ცივი სათბუნები, ადგილობრივი ანესთეზიის გამოყენებით ჩატარდეს კავერნოზული სხეულის პუნქცია (სისხლის ევაკუაციის მიზნით). ეს მეთოდი ეფექტურია პრიაპიზმის განვითარებიდან პირველი დღე-ღამის განმავლობაში. თუ კი ცნობილია დაავადების მიზეზი, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, ან სრული განკურნების შეუძლებლობის შემთხვევაში დაინიშნოს სათანადო თერაპია. პრიაპიზმის განმეორებისას ან პროცესის გახანგრძლივებისას მიმართავენ ქირურგიულ მეთოდებს: უცილებელია კავერნოზული სხეულებიდან სისხლის მოცილება, ასევე მათსა და სხვა ვენებს შორის სისხლის უკან გადინების ახალი არხების შექმნა. კვალიფიციური მკურნალობისას შესაძლებელია პრობლემის აბსოლუტური აღმოფხვრა მამაკაცის სექსუალური ფუნქციის სრული შენარჩუნებით.

გართულებები

დაგვიანებული კონსულტაცისა და საკუთარი ძალებით პრობლემის მოგვარების მცდელობისას, რიგ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს ისეთი სახის გართულებები, როგორიცაა იმპოტენცია, კავერნოზული სხეულების ღრუთა ფიბროზი (ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილებით), ასევე სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიები როგორიცაა, პენისის ნეკროზი და განგრენა.

ყოველივე ზემოთქმულზე დაყრდნობით, მთავარი რეკომენდაციაა მიმართოთ ექიმ უროლოგს პირველივე ნიშნების აღმოჩენისთანავე, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და დაიწყოს ადეკვატური მკურნალობა, რაც პრობლემის სრული აღმოფხვრის შანნს მნიშვნელოვნად ზრდის.