მამაკაცის დაავადებები

მამაკაცის დაავადებები

მამაკაცის დაავადებათა ნაწილში, სხვა დანარჩენთან ერთად წარმოდგენილია ისეთი ხშირი დაავადებები, როგორიციაა ერექციული დისფუნქცია, სასქესო ასოს გამრუდება, ნაადრევი ეაკულაცია და მამაკაცის უნაყოფობა

უროლოგია, როგორც მედიცინის დარგი სწავლობს საშარდე გზების დაავადებებს, თირკმელების, შარდსაწვეთების, შარდის ბუშტისა და შარდსადენი მილის ჩათვლით, ასევე მამაკაცის სასქესო სისტემის დაავადებებს, პროსტატის, სათესლე ბუშტუკების, სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების, ასევე სასქესო ასოს პათოლოგიებს. შესაბამისად, მთელი რიგი მნიშვნელოვანი უროლოგიური დაავადებები გვხვდება მხოლოდ მამაკაცებში.

პროსტატის დაავადებები, მათი მაღალი გავრცელების, განსხვავებული კლინიკური სურათის, დიაგნოსტიკის მეთოდებისა და მკურნალობის მთელი რიგი თავისებურებების გამო მოცემულ ვებ-გვერდზე ცალკე ჯგუფადაა გამოყოფილი. აგრეთვე ცალკე განვიხილავ მამაკაცის სასქესო სისტემის ორგანოების ონკოლოგიურ დაავადებებს. ვებ-გვერდის ამ ნაწილს კი დავუთმობ მამაკაცის უროლოგიურ დაავადებათა იმ ნაწილს, რომლებიც არც წინამდებარე ჯირვალს და არც სიმსივნეს უკავშირდება და, შესაბამისად, წინა ორ ჯგუფში არაა აღწერილი.

ამ კატეგორიას, პირველ რიგში, განეკუთვნება სასქესო ასოს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის ბალანოპოსტიტი, ფიმოზი, სასქესო ასოს გამრუდება (პეირონის დაავადება), სასქესო ასოს მოტეხილობა, პრიაპიზმი, ერექციული დისფუნქცია და ტკივილი ერექციის დროს. ასევე ურეთრის სტრიქტურა, რომელიც პრაქტიკულად მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება. ვებ-გვერდის ამ ნაწილშივეა წარმოდგენილი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებები, მამაკაცის უნაყოფობა, ნაადრევი ეაკულაცია, და გენიტალური ტკივილის სხვადასხვა სინდრომი.