ბლოგი უროლოგიაზე

სპერმატოცელე არ არის სიმსივნე



პაციენტი სპერმატოცელეს დიაგნოზით დაახლოებით ერთი თვის წინ მყავდა. ეს იყო 60 წლის მამაკაცი, რომელიც ფერდაკარგული, სასოწარკვეთილი მოვიდა ჩემთან, დარწმუნებული, რომ სიმსივნე აქვს და მისი სიცოცხლე დასრულებულია.

თურმე შხაპის მიღების დროს სათესლე ჯირკვლების არეში ბურთულისებრი წარმონაქმნი აღმოაჩინა. მივარდა ოჯახის ექიმთან, მან ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება ურჩია და გამოთქვა ეჭვი სიმსივნის თაობაზე. ასე დაიწყო მისი უძილო ღამეები. რადიოლოგმა ულტრაბგერითი კვლევა (ექო) ჩაატარა და უროლოგთან დროულად მისვლა ურჩია. ჩვენ ძალიან დიდხანს ვსაუბრობდით ამ პრობლემის გარშემო, ჩავუტარე ონკომარკერების ტესტიც, რათა დამერწმუნებინა, რომ სპერმატოცელე არა სიმსივნე, არამედ კეთილთვისებიანი კისტაა. ავუხსენი ყველა კლინიკური მხარე, პათოგენეზი, მკურნალობისა და დინამიკაში მეთვალყურეობის საკითხები, სავარაუდო გართულებების ფაქტორები. ძლივს დავაწყნარე და დავამშვიდე. სწორედ ამიტომ, დღეს, გადავწყვიტე გესაუბროთ ამ დაავადების შესახებ, თუ რა არის სინამდვილეში სპერმატოცელე.

სპერმატოცელე (ეპიდიდიმალური კისტა) არის სათესლის ჯირკვლის დანამატის კისტა. სპერმატოცელე სხვადასხვა ზომისა და მოცულობისაა. როგორც წესი, არ არის მტკივნეული, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს და ტკივილისა და დისკომფორტი გამოიწვიოს. ის შეიძლება იყოს გლუვი, მასში შეიძლება გროვდებოდეს სპერმა ან სპერმის შემცველი მოთეთერო ბლანტი სითხე.

სპერმატოცელე შეიძლება გამოიწვიოს სათესლე ჯირკვლის დანამატის დახშობამ, სათესლე ჯირკვლის ანთებამ ან ტრავმამ. აღსანიშნავია, რომ ის მეტად გავრცელებული პათოლოგიაა. სტატისტიკის მიხედვით იგი ათიდან ოთხ მამაკაცს შეიძლება დაემართოს.

დიდი ხნის განმავლობაში სპერმატოცელე არ ავლენს კლინიკურ სიმპტომებს, ამიტომ შეიძლება ვერ მიხვდეთ, რომ ეს დაავადება გაქვთ. შეიძლება მხოლოდ სიმაგრე იგრძნოთ ხელით გასინჯვისას სათესლე ჯირკვალთან. თუ იგი ზომაში გაიზრდება, შეიძლება იგრძნოთ:

• ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება სათესლე ჯირკვლების არეში

• სიმძიმის შეგრძნება სათესლე ჯირკვლების არეში

• მოცულობითი წარმონაქმნი (ბურთულისებრი)

თუ ამ სიმპტომთაგან რომელიმე აღმოგაჩნდათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ უროლოგს. აუცილებელია გამოირიცხოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა სათესლე ჯირკვლის კიბო, ჰიდროცელე, ვარიკოცელე, ორქიეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლისა და მისი დანამატის ანთება) ან ტუბერკულოზი. ამ პათოლოგიური პროცესების დიფერენცირებისას ყველაზე საშიში და საყურადღებო, რა თქმა უნდა, ონკოლოგიური პროცესებია. სხვა დაავადებები კეთილთვისებიანი გენეზისის და ნაკლებ სახიფათოა. სპერმატოცელესა და სიმსივნეს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ისინი სხვადასხვა ანატომიური სტრუქტურებიდან წარმოიქმნება, სიმსივნე - სათესლე ჯირკვლიდან, სპერმატოცელე კი სათესლე ჯირკვლის დანამატიდან.

სპერმატოცელეს კლინიკური დიაგნოზის დასმა ხდება პირადი გასინჯვისა და ულტრაბგერითი კვლევის საფუძველზე. ზუსტად დგინდება მისი მოცულობა, შემადგენლობა (სითხითაა სავსე თუ სპერმით). შემდგომ ხდება მკურნალობის სწორი შერჩევა. თუ პარალელურად დადგინდა ანთებითი პროცესი, ინიშნება ანტიბიოტიკოთერაპიული კურსი, ასევე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. ზოგ კლინიკურ შემთხვევაში, მზარდი და გამოხატული სპერმატოცელეს დროს, საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქგვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: სათესლე_ჯირკვლის_კიბო, სპერმატოცელე