ბლოგი უროლოგიაზე

„სქესობრივი დისფუნქციის სერიიდან“...



ერექციული დისფუნქცია ის მდგომარეობაა, როდესაც მამაკაცს არ შესწევს სასქესო ასოს ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების უნარი. ამ პრობლემას ვრცელი სტატია და რამდენიმე პოსტი მივუძღვენი. ვფიქრობ, თავისი აქტუალობის გამო, ამ საკითხს კიდევ არაერთი პოსტი, სტატია, კლინიკური კვლევა, მონოგრაფია, კონსილიუმი, კონფერენცია თუ კონგრესი მიეძღვნება. ჩვენს რთულ ცხოვრებაში, სტრესებსა და გამოწვევებში, ეს პათოლოგიური პროცესი უფრო და უფრო გახშირდა. ამ თვეში პაციენტების 70%-ზე მეტმა ერექციული დისფუნქციის გამო მომმართა. მსოფლიოში კი ეს პრობლემა ყოველწლიურად დაახლოებით 80 მილიონ მამაკაცს აწუხებს და მათ უმეტესობას რცხვენია და ექიმთან არ მიდის. ერექციული დისფუნქცია ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს და სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს.

ამ პოსტში ჩემი 28 წლის პაციენტის ისტორიას გიამბობთ. ორი თვის წინ მისი ცხოვრება მშვენიერი და შთამბეჭდავი იყო. ლაღად და ბედნიერად დააბიჯებდა თბილისის ქუჩებში, ვირდე „ის“ - ლამაზი და ხუჭუჭა გოგო არ გაიცნო. გავიდა დრო და ის სანუკვარი წამიც დადგა, როდესაც მხოლოდ „შენ“ და „ის“ რჩებით პირისპირ და ფიზიკური შეცნობის ახალი ეტაპზე უნდა გადაინაცვლოთ. მას კი არაფერი გამოუვიდა. სასქესო ასო „ექვსის ნახევარს“ უჩვენებდა. გოგონამ ვითარება ღიმილითა და დაცინვით დაამძიმა. იმ საღამოს შემდეგ ჩემს პაციენტს ერექციული დისფუნქცია განუვითარდა. რა აღარ სცადა, ვისთან აღარ სცადა, მაგრამ „იმ მომენტში“, მხოლოდ ერთი აკვიატებული ფიქრი აწუხებდა - „ადგება?“, „არ ადგება?..“ სამწუხაროდ მუდამ „ექვსის ნახევარი“ იყო. შემდეგ „გუგლს“ მიმართა. დაიწყო თვითნებური მკურნალობა - გელები, საცხები, აბები, მცენარეები და სხვ. უშედეგოდ. ისევ - „ექვსის ნახევარი“, ერთთვიანი მცდელობისა და წვალების შემდეგ. ფსიქოლოგიური კომპლექსის მიუხედავად, გადაწყვიტა ექიმისათვის მიემართა. ასე აღმოჩნდა ეს პაციენტი ჩემს კაბინეტში.

ანამნეზის შეკრების შემდეგ დავუნიშნე პირველი სამკურნალო სქემა (ევროპის უროლოგთა ასოციაციის რეკომენდაციების მიხედვით), რომელმაც, ჩემდა გასაკვირად, შედეგი არ გამოიღო. შემდეგ ჩავატარეთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა, რომ საფუძვლიანად გამოგვერიცხა სხვა შესაძლო მიზეზები. ყველაფერი ბრწყინვალედ ჰქონდა, როგორც ჰორმონების, ისე სისხლის მიმოქცევის მხრივ. აშკარად, მხოლოდ ფსიქოგენური ფაქტორი გვებრძოდა. ყველა სქემა და რეკომენდაცია გამოვიყენე. ფსიქოთერაპიული სეანსებიც ჩავატარეთ. ისევ უშედეგოდ. მორიგი ვიზიტის შემდეგ ძლივს დავითანხმე, რომ თავის მეგობარ გოგოსთან ერთად მოსულიყო. მართლაც, ერთად მოვიდნენ. მე მას ყველა გამოკვლევის შედეგი ვუჩვენე. დავარწმუნე, რომ მისი მეგობარი ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანი იყო და მასთან სქესობრივ ცხოვრებაში ფსიქოგენური ფაქტორი უშლიდა ხელს. ვურჩიე, ერთმანეთთან გულახდილი ყოფილიყვნენ და სექსუალური ფანტაზიებისათვის ფარდა აეხადათ, გაეხანგრძლივებინათ და გაემრავალფეროვნებინათ პრელუდია. მედიკამენტოზური მკურნალობის მორიგი კურსის თანხლებით და სექსუალური ფანტაზიების განხორციელების შედეგად, როგორც იქნა დამყარდა მათ შორის კავშირი. საათი წინ წავიდა და უკვე „ექვს ათი აკლიას“ უჩვენებდა. მალე მედიკამენტებიც აღარ იყო საჭირო და „ქეისიც“ დაიხურა.

ამ კლინიკური შემთხვევისა და უამრავი სხვა მაგალითის, ასევე მრავალი კვლევის საფუძველზე ნათლად ჩანს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფსიქოგენური ფაქტორი ერექციული დისფუნქციის განვითარებაში.

მინდა მოგცეთ რამდენიმე რჩევა, რათა ფსიქოლოგიურად უკეთ იყოთ მობილიზებული:

- პრელუდიის დროს არასოდეს იფიქროთ, შეძლებთ თუ არა დაამყაროთ სქესობრივი კავშირი. თუ ეს აზრი მოგეძალებათ, დროულად განაგდეთ და ყურადღება მთლიანად თქვენი პარტნიორის მშვენიერ სხეულზე გადაიტანეთ;

- არ მიაქციოთ ყურადღება დილის ერექციას და ტყუილად არ მიეცეთ სასოწარკვეთას;

- გაანდეთ ერთმანეთის სექსუალური ფანტაზიები და განახორციელეთ;

- სექსის წინ არ იფიქროთ კომუნალურ გადასახადებზე, საბანკო ვალებსა და სხვა პრობლემებზე;

- ნუ დაიღლით გონებას თქვენი სასქესო ორგანოს ზომებსა და ფორმაზე ფიქრით. მერწმუნეთ, არცერთ ქალბატონს ჩანთაში სახაზავი არ უდევს. მათ თქვენი სითბო და მოფერება სურთ;

- აუცილებლად დაარეგულირეთ ღამის ძილი. უძილო და თეთრად გატარებული ღამეები დამანგრეველია ჯანმრთელობისათვის.

გისურვებთ, რომ თქვენი „საათი“ ყოველთვის სასურველ დროს აჩვენებდეს.

P.S

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: ერექცია, ერექციის_ფსიქოგენური_ფაქტორები, ერექციული_დისფუნქცია, სექსუალური_პარტნიორი, სექსუალური_ფანტაზია, სქესობრივი_დისფუნქცია, ხანგრძლივი_პრელუდია