ბლოგი უროლოგიაზე

უროლოგია ბორჯომში - ბორჯომ პალასის სამედიცინო ცენტრი



ბორჯომის ხეობა, დიდებული სილამაზე, ჯანსაღი ჰაერი, კეთილი და სტუმართმოყვარე მოსახლეობა. მეც, ამ ზაფხულის დაწყებისთანავე, ბორჯომის სტუმართა რიცხვს შევუერთდი. „ბორჯომ პალასის“ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობამ შემომთავაზა ექიმი უროლოგ-ანდროლოგის პოზიციაზე მუშაობა. წინადადება იმთავითვე საინტერესო ჩანდა. სამედიცინო ცენტრში არსებული სიტუაციის, აღჭურვილობის, სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ამ ცენტრის პოტენციალის უფრო დეტალურმა გაცნობამ კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემი პირვანდელი შეფასების სისწორეში და მათი შემოთავაზება მივიღე.

გარდა იმისა, რომ შემოთავაზება ობიექტურად საინტერესო იყო და, როგორც პროფესიონალს უდავოდ ბევრ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო თამამად მივიღე გადაწყვეტილება დედაქალაქს მიღმა დროის თითქმის ნახევარზე მეტის გატარების მომხიბლავი პერსპექტივის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი მშობლები ამ რეგიონიდან არიან და, შესაბამისად, ჩემი ბავშვობის თითქმის ყოველი ზაფხული აქაურობას უკავშირდება.



მას შემდეგ, რაც პროფესია ავირჩიე, განათლება მივიღე და უკვე პრაქტიკული საქმიანობაც დავიწყე, დიდი ხნის განმავლობაში ხშირად მესმოდა ჩემი ნათესავებისა და ბავშვობის ნაცნობებისგან, რომ რეგიონში კვალიფიციური უროლოგიური მომსახურების მიღება რთულია. მიყვებოდნენ, რომ სპეციალისტთან ვიზიტი ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა, რომ ექიმთან გასასაუბრებლად და საჭირო კვლევების თუ პროცედურების ჩასატარებლად ხშირად თბილისში უწევთ ჩასვლა და მთელი დღე დამქანცველ რიგში დგომა, ამიტომ უბრალოდ „ივიწყებენ“ სატკივარს და იქამდე არ მიდიან ექიმთან, ვიდრე „დავიწყება“ შეუძლებელი არ გახდება.

როცა ბორჯომში მუშაობა შემომთავაზეს, სწორედ ეს იყო პირველი, რაც გამახსენდა. ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით აქაური მოსახლეობის სამსახურში ჩადგომის სურვილი გადამწყვეტი იყო და, აი, უკვე რამდენიმე თვეა ბორჯომის ხეობის ხშირი სტუმარი ვარ.



თბილისში საკმაოდ დაკავებული სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, გადაწყდა რომ პაციენტებს აქ შაბათ-კვირასა და ორშაბათს მოვემსახურები.



მინდა რამდენიმე სიტყვით გიამბოთ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ უკვე მას შემდეგ, რაც „ბორჯომ პალასის“ სამედიცინო ცენტრში მუშაობა დავიწყე. მოგეხსენებათ, ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის მთავარი მიზანი, საწყის ეტაპზე, სწორი კლინიკური დიაგნოზის განსაზღვრაა. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევებია. შესაბამისად, ჩემი პირველი „შიში“ სწორედ ამ კაბინეტებს უკავშირდებოდა. თუმცა პირველივე პაციენტის მიღებისა და მისი სრული დიაგნოსტირების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ლაბორატორიაცა და ულტრაბგერითი კვლევის კაბინეტიც სათანადოა და ჩემი ყველა შიში და ნერვიულობა ბორჯომის ხეობის სილამაზეში გაიფანტა. აღარაფერს ვიტყვი ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციის დონეზე, რომელთა პრაქტიკის უმთავრესი პრინციპი პაციენტების ინტერესების დაცვაა.



გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს „ბორჯომ პალასის“ სამედიცინო ცენტრის ვიზიტორებისათვის ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებათა მრავალფეროვნება. უროლოგიური, სექსოლოგიური და გასტროენტეროლოგიური მიმართულებების გარდა, მუშაობს ენდოკრინოლოგიური, კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური და ფიზიოთერაპიული სამსახური ფიზიოთერაპიის სრული და შესანიშნავი აღჭურვილობით. გამაჯანსაღებელი და სამკურნალო პროცედურების სრულად ჩამოთვლა ამ პოსტს უშველებელ სტატიად აქცევს, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ ტექნიკურ საკითხებზე საუბრით. მხოლოდ იმაზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას, რომ ლაზერული თუ მაგნიტურიდან დაწყებული, დეტოქსიკაციის პროგრამებით დამთავრებული, აქ თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და აუცილებელ უამრავ სერვისს შემოგთავაზებენ. კვალიფიციური პერსონალის მიერ მოწოდებულ ამ მომემსახურება ერთობლიობა შესაძლებელს ხდის პაციენტის ამბულატორიული მეთვალყურეობას, სრულ დიაგნოსტიკასა და თერაპიულს მკურნალობას.



პირადი გამოცდილების საფუძველზე, დღეს დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ცენტრში ადგილობრივი და მთელი რეგიონის მოსახლეობის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების ერთ-ერთი საუკეთესო პირობებია. სწორედ ამიტომ გირჩევთ, თუ ჩივილები გაქვთ, გვერდს ნუ აუვლით და ნუ წახვალთ შორს.



უპირველეს ყოვლისა კი გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობასა და ექიმების მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით მონახულებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: ბორჯომი, სამცხე-ჯავახეთი, უროლოგი, ფიზიოთერაპია, ქვემო_ქართლი, შიდა_ქართლი