თირკმლის კენჭები

თირკმლის კენჭები

თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლითიაზი) - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი უროლოგიური დაავადებაა, რომელიც თირკმელში კონკრემენტების დაგროვებით ვლინდება. შარდ-კენჭოვან დაავადებას ყოველდღიურ უროლოგიურ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მოსახლეობისდაახლოებით 10%-ს ცხოვრების რომელიმე ეტაპზე აღენიშნება კენჭები თირკმელში. გარდა ამისა შარდ-კენჭოვანი დაავადებების მქონე ბევრ პაციენტში შეინიშნება მრავალრიცხოვანი რეციდივი.

რისკფაქტორები და კლასიფიკაცია

კენჭების წარმოქმნის ფაქტორები განსხვავდება კენჭის ქიმიური შემადგენლობისა და დაავადების სიმძიმის ხარისხის მიხედვით. თირკმელში კონკრემენტები შეიძლება, იყოს სხვადასხვა ფორმის (კუთხოვანი, მრგვალი, ბრტყელი), სხვადასხვა ზომისა და სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის.

შემადგენლობის მიხედვით კენჭები იყოფა შემდეგ ჯგუფებად:

  • ფოსფატური
  • ურატული
  • ცისტინური
  • სტრუვიტული
  • ქსანტინური
  • ოქსალატური, შეადგენს თირკმლის ყველა კენჭის 80%-მდე

დაავადების მიმდინარეობის მიუხედავად, ზოგიერთი პაციენტი, რისკის სპეციფიკური ფაქტორებიდან გამომდინარე განსაკუთრებულ და მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. რათა მოხდეს დროული დიაგნოზირება და განმეორებითი რეციდივის რისკის შესამცირება. ასეთ შემთხვევებს განეკუთვნება:

  • დაავადების ისტორიაახალგაზრდა ასაკში
  • ბრუშიტის შემცველი კენჭების არსებობა
  • მხოლოდ ერთი ფუნქციონირებადი თირკმელი
  • კენჭების წარმოქმნასთან დაკავშირებული სხვა დაავადებების არსებობა, როგორიცაა:
    1. ჰიპერპარათირეოზი
    2. თირკმლის არხოვანი აციდოზი (სრული/ნაწილობრივი)
    3. კრონის დაავადება
    4. ნაწლავების რეზექცია
    5. საჭმლის მონელების დარღვევა
    6. სარკოიდოზი
  • კენჭების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამედიცინო საშუალებები
    1. კალციუმის დანამატები
    2. D ვიტამინის დანამატები
    3. ასკორბინის მჟავა დიდი დოზებით (>4 გ დღეში)
    4. სულფანილამიდური პრეპარატები (სულფანილამიდები)
    5. ტრიამტერენი
    6. ინდინავირი
  • კენჭების წარმოშობასთან დაკავშირებული ანატომიური დარღვევები
    1. საშარდე გზების ობსტრუქცია
    2. თირკმლის ფიალის დივერტიკული/თირკმლის ფიალის კისტა
    3. ნალისებრი თირკმელი

თირკმლის კენჭების სიმპტომები და დიაგნოსტიკა

შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, უმთავრეს ჩივილს წარმოადგენს თირკმლის ჭვალი (თირკმლის კოლიკა), რომელიც გამოიხატება ძლიერ, გადაცემითი ხასიათის, ტკივილში. ასევე შესაძლოა განვითარდეს ღებინება და ციებ-ცხელება. კლინიკური დიაგნოზი ვიზუალიზაციის შესაბამისი პროცედურებით უნდა გამყარდეს.

უროლითიაზზე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში პაციენტებს უტარდებათ:

  • საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • ექსკრეტორული უროგრაფია
  • მიმოხილვითი უროგრაფია

ასევე არსებობს მთელი რიგი ლაბორატორული კვლევები, რომელიც უროლოგს პაციენტის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასებაში ეხმარება:

  • შარდის საერთო ანალიზი (შარდის ნალექის გამოკვლევით)
  • შარდის ბაქტერიოლოგიური კვლევა (ბაქტერიურიის დროს)
  • კრეატინის განსაზღვრა სისხლში (თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის დასადგენად)
  • С-რეაქტიული ცილა CRP და სისხლის ანალიზი (ციებ-ცხელების მქონე პაციენტებისთვის)

მკურნალობა

როგორც უკვე ავღნიშნე, თირკმლის ჭვალი წარმოადგენს შარდ-კენჭოვანი დაავადების მქონე პაციენტების ყველაზე ხშირ სიმპტომს. სწორედ ჭვალთან დაკავშირებული ტკივილებია ის ძირითადი სიმპტომი რომლითაც პაციენტები ექიმს მიმართავენ. თირკმლის კოლიკის მკურნალობა ცალკე ტექსტშია განხილული. აქ საუბარი გვექნება კონკრეტულად თირკმლის კენჭების მქონე პაციენტების მკურნალობის მეთოდებზე. განასხვავებენ ნეფროლითიაზის მკურნალობის ორ - თერპიულ და ქირურგიულ - მეთოდს.

თერაპიული მკურნალობა - ძირითადად რეკომენდებულია მცირე ზომის კენჭებისთვის, რომელთაც შეუძლიათ საშარდე გზების დამოუკიდებლად გავლა, მკურნალობა გულისხმობს გაუტკივარების პრეპარატების გამოყენებას იმ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რომლებიც კენჭების მოცილებას აადვილებს. გარდა ამისა, კენჭების ზოგიერთი ტიპისთვის გამოიყენება მკურნალობა, რომელიც კენჭის დაშლის, და შესაბამისად ქირურგიული მკურნალობის თავიდან არიდების საშუალებას იძლევა.

ქირურგიული მკურნალობა - რამოდენიმე ქვეტიპს მოიცავს, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

  • დისტანციური დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია (კენჭების დაშლა თირკმელებსა და შარდსაწვეთში), რომელიც წარმოადგენს საშუალო ზომის კენჭების მკურნალობის საკმაოდ ეფექტურ მეთოდს. დარტყმითი ტალღები ფოკუსირდება კენჭზე სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით და შემდეგ კენჭის ნარჩენები დამოუკიდებლად გამოიყოფა.
  • მკურნალობის რენტგენ-ენდოსკოპიური, მცირე ინვაზიურმეთოდთა ჯგუფი, რომლებიც ნაკლებად ტრავმულია და, ღია ოპერაციებთან შედარებით,ნაკლებ გართულებებს უკავშირდება.ამგვარ მეთოდებს განეკუთვნება:
    • კანქვეშანეფროლითოტრიფსია
    • კონტაქტური (ტრანსურეთრალური) ურეთერო და ნეფროლითოტრიფსია
    • ლაპაროსკოპული ოპერაცია თირკმელზე (უროლოგიური დაავადებების მკურნალობის ლაპაროსკოპიული მეთოდები დიდი პოპულარობით სარგებლობს ექიმებსა და პაციენტებში)
  • და ბოლოს, ღია ქირურგიული ჩარევები, მათ შორის ნეფროლითოტომია და პიელოლითოტომია, რომლებიც (ამჟამად შეზღუდულად გამოიყენება)

საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნა, საქართველოში, ერთ-ერთ გავრცელებულ სამედიცინო პრობლემას წარმოადგენს. როგორც სხვა მრავალ შემთხვევაში, დროული და სწორი მკურნალობა, გართულებების განვითარების თავიდან აცილების საკვანძო ფაქტორია. ნეფროლითიაზის გართულებები, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე და სასიკვდილოც კი შეიძლება აღმოჩნდეს.