კენჭები ურეთრაში

კენჭები ურეთრაში

შარდსადენი მილის კენჭები შარდკენჭვანი დაავადებების საკმაოდ იშვიათი ფორმაა, თუმცა სათანადო მკურნალობა კრიტიკულად მნიშნელოვანია სერიოზული გართულებების თავიდან ასაცილებლად

შარდსადენი მილის კენჭები ურეთრაში ლოკალიზებული სხვადასხვა ზომის მკვრივი წარმონაქმნებია. ისინი შეიძლება ჩამოყალიბდნენ ურეთრაში, მაგრამ უფრო ხშირ შემთხვევაში დაღმავალი გზით ხვდებიან შარდსადენ მილში შარდის ბუშტიდან, შარდსაწვეთიდან ან თირკმლიდან.

შარდსადენი მილის კენჭების ეპიდემიოლოგია

შარდსადენი მილის კენჭები შეიძლება იყოს მეორადი ან პირველადი. პირველადი წარმონაქმნი ყალიბდება შარდსასქესო სისტემისა ან ნაწლავების სხვადასხვა დაავადების ფონზე. კენჭების შედარებით დიდი ზომის, ან მათი დიდი რაოდენობით დაგროვების გამო იზრდება იმის ალბათობა, ტომ კენჭი შარდსადენ მილში გაიჭედოს, რაც დაკავშირებულია ძლიერ ტკივილის სინდრომთან. კონკრემენტს შეუძლია ნაწილობრივ ან მთლიანად გადაკეტოს შარდის დინება, რაც ახდენს შარდის ბუშტის არასრული დაცლის პროვოცირებას. ურეთრაში კენჭების ხანგრძლივი არსებობა, იწვევს სხვადასხვა გართულებებს - ფისტულის, შარდის შეუკავებლობის, ან ანთებითი პროცესების განვითარების სახით.

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები სხვადასხვაგვარია, რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებსა და წარმონაქმნების მდებარეობაზე.

ხშირ შემთხვევაში პაციენტები უჩივიან მუცლის ქვედა არეში ტკივილს რომელიც გადაეცემა შორისის არეს. ძლიერ რთულდება შარდის გამოყოფა, რაც მძიმე შემთხვევებში იწვევს შარდვის სრულ დარღვევას. დიდი რაოდენობით პატარა წარმონაქმნი ახდენს სრულ ან ნაწილობრივი შეუკავებლობის პროვოცირებას.

ურეთრის უკანა ნაწილში კენჭების არსებობისას, ადამიანი განიცდის დისკომფორტს სიარულის ან ჯდომის დროს. ასევე შესაძლებელია გამოიხატოს ტემპერატურის მომატება, შემცივნება, საერთო სისუსტე.

დიაგნოსტიკა

მამაკაცებში შარდსადენი მილის კენჭების აღმოჩენა უმეტეს შემთხვევაში შესაძლოა პალპატორულად, განსაკუთრებით თუ ის მდებარეობს ურეთრის პენილურ ნაწილში (ასოში). ქალებში კონკრემენტების უმრავლესობა შესაძლოა გაისინჯოს საშოს კედლიდან.

უფრო სრული სურათის მისაღებად, მათ შორის საშარდე სისტემის სხვა ნაწილებში კენჭების გამოსავლენად, გამოიყენება ულტრაბგერითი კვლევა, რენტგენოლოგიური ტესტები და კომპიუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა

შარდსადენი მილიდან კენჭების ამოღებისთვის, უროლოგს შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა ხელსაწყო – პინცეტიდან დაწყებული ცისტოსკოპით დამთავრებული.