ადენომა

პროსტატის ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია)

პროსტატის ადენომა, რომელსაც ასევე მოიხსენიებენ როგორც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემაა მოწიფული ასაკის მამაკაცებში.

პროსტატის ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, BPH) - კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირად გვხვდება 40-50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს შორის.

რატომ ვითარდება პროსტატის ადენომა?

ექსპერიმენტარული და კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა ორი ძირითადი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს პროსტატის ადენომის განვითარებას:

  • ჰორმონალური ეფექტები
  • სიბერე

რა სიმპტომები მიგვანიშნებენ პროსტატის ადენომის არსებობაზე:

  • შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება
  • გახშირებული შარდვა
  • წყვეტილი შარდვა
  • იმპერატიული მოთხოვნილება (სასწრაფოდ მოშარდვის სურვილი)
  • შარდის ნაკადის შესუსტება
  • მოშარდვის გაძნელებულად დაწყება (ჭინთვები შარდვის დროს)
  • ნოქტურია ( ხშირი შარდვა ღამით)

პროსტატის ადენომის დიაგნოსტიკის ეტაპები:

  • პირველადი გასინჯვა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ წინამდებარე ჯირკვლის ზომა და კონსისტენცია
  • ლაბორატორიული კვლევები:
    • პროსტატ- სპეციფიური ანტიგენი (PSA). მისი განსაზღვრის შემთხვევაში შეგვიძლია ჩავატაროთ პროსტატის ადენომისა და კიბოს დიფერენციალური დიაგნოსტიკა.
    • კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა. (ადენომამ შესაძლებელია გამოიწვიოს შარდის ქრონიკული შეკავება და შემდგომ ზედა საშარდე გზების დილატაცია და თირკმლის უკმარისობა).
    • შარდის საერთო ანალიზი. (საშარდე სისტემის სხვა დაავადებების გამოსარიცხად)
  • კვლევის ინსტრუმენტალური მეთოდები:
    • პროსტატის ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად შესაძლოა დადგინდეს პროსტატისა და ადენომის ზომა, ასევე კვანძებისა და კენჭების არსებობა. ეს აუცილებელია მკურნალობის მეთოდის შესარჩევად. ასევე იკვლევენ საშარდე ბუშტის მდგომარეობას, ნარჩენი შარდის არსებობას (მოშარდვის შემდეგ), თირკმელებისა და შარდსაწვეთების მდგომარეობას.
    • უროფლოუმეტრიის მეთოდით განისაზღვრება მოშარდვის გართულების ხარისხი. ამ კვლევის დროს, მოშარდვისას, სპეციალური აპარატი განსაზღვრავს შარდის ნაკადის სიჩქარეს და შარდვის პროცესის ხანგრძლივობას.

პროსტატის ადენომის მკურნალობის მეთოდები:

პროსტატის ადენომის მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს, რომლებიც დამოკიდებულია მოცემული პათოლოგიის ხარისხისა და ხასიათის სირთულეზე.

ამ მეთოდების დაყოფა, პირობითად, შესაძლოა ორ ძირითად ჯგუფად:

  • მედიკამენტური მკურნალობა პროსტატის ადენომის მედიკამენტური მკურნალობის დროს, ძირითადად გამოიყენება პრეპარატების 2 ტიპი:
    1. ალფა - 1 - ადრენობლოკერები - ადუნებენ პროსტატისა და შარდის ბუშტის ყელის გლუვ მუსკულატურას, რათა არ მოხდეს ურეთრის ობსტუქცია და არ იყოს დარღვეული შარდის პასაჟი.
    2. 5-ალფა-რედუქტაზის ბლოკერები (ინჰიბიტორები) - ხელს უშლიან დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას, რაც განაპირობებს პროსტატის ადენომის ზრდის შეჩერებას და ეტაპობრივად მის ზომებში შემცირებას.
    ზოგიერთ შემთხვევაში, ამ პრეპარატებით ჩატარებულმა კომბინირებულმა მკურნალობამ შესაძლოა უფრო ეფექტური და მყარი შედეგები მოგვიტანოს, ვიდრე მონოთერაპიამ თითოეული პრეპარატის ცალკე გამოყენებით.
  • ქირურგიული მკურნალობა:
    1. პროსტატის ტრანსურეთრალურ რეზექციას (TUR-P) მიიჩნევენ ქირურგიული მკურნალობის სტანდარტად. ამ ოპერაციის დროს, პროსტატის ადენომატოზური ქსოვილის ამოკვეთა ხდება ენდოსკოპიური გზით.
    2. ადენომექტომია - პერიტონეუმის წინა კედლის გაკვეთისას ხორციელდება პროსტატის ადენომატოზური კვანძების ამოკვეთა. ამ გზას მიმართავენ, მაშინ როდესაც პროსტატის ადენომა მკვეთრად დიდი ზომისაა.
    3. სხვადასხვა სახის ლაზერული თერაპია, პროსტატის ვიზუალური ლაზერული აბლაცია (PVLA), პროსტატის ინტერსტიციალური ლაზერული კოაგულაცია (PILC), ან ჰოლმიური ლაზერით რეზექცია. პროსტატის ტურ-ისა და პროსტატექტომიის ალტერნატივად, ითვლება პროსტატის ჰოლმიური ლაზერით რეზექცია (მიუხედავად ნებისმიერი ანატომიური კონფიგურაციისა).
    4. პროსტატის ტრანსურეთრალური მიკროტალღური თერმოთერაპია და ტრანსურეთრული აბლაცია წარმოადგენენ მცირე ინვაზიურ ჩარევებს, და გამოიყენება მაღალი საოპერაციო რისკის დროს.

რა საფრთხეს ქმნის პროსტატის ადენომა?

  • საშარდე გზების ინფექციები (ცისტიტი, პროსტატიტი, პიელონეფრიტი) -შესაძლოა განვითარდეს შარდის ბუშტში ნარჩენი შარდის არსებობის დროს, რაც ხელსაყრელი გარემოა ბაქტერიების ინტენსიური ზრდისათვის.
  • შარდის მწვავე შეკავება (წარმოადგენს ადენომის ხშირ გართულებას) - ამ დროს მოშარდვა შეუძლებელი ხდება, პროსტატის შეშუპებისა და შარდსადენის სრული ობსტრუქციის გამო. აუცილებელია ექიმის სასწრაფო გადაუდებელი დახმარება.
  • პროსტატის ადენომას, ხშირად, თან ახლავს, საშარდე სისტემაში კენჭების არსებობა.
  • დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.

წელიწადში ერთხელ, 40 წლის ზემოთ ასაკის მამაკაცები, საჭიროებენ პროფილაქტიკურ გამოკვლევას ექიმ უროლოგთან. პროსტატის ადენომის პროფილაქტიკა და მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ექიმი უროლოგის მეთვალყურეობით. არ არის რეკომენდებული თვითმკურნალობა ხალხური საშუალებებით, რადგანაც ასეთი მიდგომა სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე შესაძლოა უკიდურესად სახიფათო აღმოჩნდეს ჯანმრთელობისთვის. მკურნალი ექიმის დანიშნულებით და მასთან შეთანხმებით, მკურნალობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ ხალხური მედიცინის მეთოდებიც.