შარდსადენი მილის (ურეთრის) კიბო

შარდსადენი მილის (ურეთრის) კიბო

ურეთრის კიბო - შარდსადენი მილის საკმაოდ იშვიათი, მაგრამ შემთხვევათა უმეტეს ნაწილში სასიკვდილო დაავადება, რომელიც გვხვდება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

ურეთრის კიბო წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ავთვისებიანი სიმსივნის (კიბოს) უჯრედები შარდსადენი მილის ქსოვილებში წარმოიქმნება. ეს კიბოს იშვიათი სახეობაა, რომელიც უფრო ხშირად გვხვდება მამაკცებში, ვიდრე ქალებში.

კლასიფიკაცია

ყველაზე ხშირად გვხვდება ურეთრის კიბოს შემდეგი ტიპები:

  • გარდამავალუჯრედული (გვხვდება შემთხვევათა დაახლოებით 55%-ში);
  • ბრტყელუჯრედული (21,5%);
  • ადენოკარცინომა (16,4%).

კიბოს სხვა ტიპები (მაგალითად, მელანომა) უკიდურესად იშვიათად გვხვდება. კიბოს თითოეული ტიპისთვის დამახასიათებელია თავისი ლოკალიზაცია. ასე მაგალითად, ქალის ურეთრა პროქსიმალურ ნაწილში გარდამავალუჯრედული ეპითელით არის მოფენილი, მაშინ, როდესაც დისტალური - ბრტყელუჯრედულით. შესაბამისად, გარდამავალუჯრედული კიბო ყველაზე ხშირად განლაგდება პროქსიმალურად, ხოლო ბრტყელუჯრედული - დისტალურად. ამავე დროს ადენოკარცინომა თანაბარი ალბათობით შეიძლება, წარმოიქმნას ურეთრის ნებისმიერ ნაწილში პერიურეთრალური ჯირკვლების მეტაპლაზირებული ჯირკვლოვანი უჯრედებიდან.

მამაკაცის ურეთრა, თავის მხრივ, მოფენილია გარდამავალი ეპითელით ურეთრის წინამდებარე ნაწილში, მრავალბირთვული პრიზმულით აპკისებრ და ბრტყელუჯრედულით ბოლქვიან და მღვიმოვანი ნაწილებში.

ლოკალიზაციის მიხედვით გამოყოფენ ურეთრის კიბოს შემდეგ სახეებს:

ურეთრის დისტალური კიბო

ქალებში: განლაგდება ურეთრის დისტალურ მესამედში;

მამაკაცებში: ურეთრის წინა ნაწილში.

ურეთრის პროქსიმალური კიბო

ქალებში: გაურკვევლად შეზღუდული მდებარეობა ურეთრის დისტალურ მესამედამდე;

მამაკაცებში: განლაგდება ურეთრის ბოლქვიან-აპკისებრ და წინამდებარე ნაწილებში.

ურეთრის კიბოს სიმპტომები

ამ პათოლოგიის მქონე პაციენტები უმეტესწილად აღნიშნავენ შემდეგ ჩივილებს:

  • სისხლდენა ურეთრიდან ან სისხლი შარდში;
  • შარდის სუსტი ან წყვეტილი ნაკადი;
  • მოშარდვის ხშირი ნდომა;
  • შარდის შეუკავებლობა;
  • შორისისა ან სასქესო ასოს შეშუპება;
  • გამონადენი ურეთრიდან;
  • ლიმფოკვანძების გადიდება საზარდულის მიდამოში.

ურეთრის კიბოს განვითრების რისკის ფაქტორები

სტატისტიკური მაჩვენებლებით, ურეთრის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს შემდეგი კლინიკური შემთხვევები:

  • ანამნეზში შარდის ბუშტის კიბოს არსებობა;
  • შარდგამომყოფი გზების ხშირი ინფექციები, უპირველეს ყოვლისა უნდა გამოვყოთ სქესობრივი გზით გადამდები ქრონიკული ინფექციები და დაავადებები;
  • 60 წელზე მეტი ასაკი;
  • მამრობითი სქესი.

დიაგნოსტიკა

ამ პათოლოგიის გამოსავლენად და კლინიკური დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის, პაციენტებს უტარდებათ შემდეგი ღონისძიებები:

  • ზოგადი გასინჯვა. დაავადების არსებობაზე მიუთითებს შეშუპების სახით პალპირებადი წარმონაქმნი, სისხლდენა ურეთრიდან, გადიდებული პალპირებადი ლიმფოკვანძები და სხვა.
  • ანამნეზის მონაცემები: ზემოაღნიშნულ სიმპტომებზე ჩივილების არსებობა, შარდსასქესო გზების ინფექციებისა, ან ანამნეზში უკვე არსებული სიმსივნური პროცესების არსებობა;
  • შარდის კლინიკური ანალიზი: საშუალებას იძლევა, გამოვლინდეს შაქრის, ცილის, სისხლისა და ლეიკოციტების შემცველობა შარდში. დიდი რაოდენობით ლეიკოციტების გამოვლენა ადასტურებს საშარდე გზებში ინფექციის არსებობას;
  • შარდის ციტოლოგიური კვლევა: შარდის გამოკვლევა მიკროსკოპის ქვეშ, რათა შემოწმდეს ანომალიური უჯრედების არსებობა;
  • ცისტოსკოპია: პროცედურა საშუალებას იძლევა, ურეთრა და შარდის ბუშტი დათვალიერდეს შიგნიდან, რათა შემოწმდეს ქსოვილების ანომალიური უბნების არსებობა. ცისტოსკოპი (თხელი მილი) შეყავთ შარდის ბუშტში შარდსადენი მილის საშუალებით. აღნიშნილი პროცედურის დროს შესაძლოა ბიოფსიისთვის ქსოვილის მოკვეთა;
  • ბიოფსია: ურეთრიდან, შარდის ბუშტიდან , ზოგჯერ წინამდებარე ჯირკვლიდან უჯრედებისა ან ქსოვილების ამოკვეთა, და შემდეგში კიბოს ნიშნების არსებობაზე მიკროსკოპის ქვეშ მათი განხილვა. სწორედ ბიოფსია იძლევა საშუალებას, დაისვას ურეთრის კიბოს უტყუარი დიაგნოზი და განისაზღვროს სიმსივნის ჰისტოლოგიური ტიპი.

სიმსივნის მეტასტაზირების (გავრცელების) გამოსავლენად ან გამოსარიცხად მიმართავენ ექსკრეტორულ უროგრაფიას, ლიმფანგიოადენოგრაფიას, გულმკერდის რენტგენოგრაფიას, ოსტეოსცინტიგრაფიას, უბგ-ს და მრტ-ს.

მკურნალობა

გამოყოფენ ურეთრის კიბოს მკურნალობის შემდეგ მეთოდებს:

  1. ქირურგიული
    • ღია კვეთა: სიმსივნის ამოკვეთა ქირურგიული გზით;
    • ელექტრორეზექცია ფულგურაციით: ელექტრული დენის მეშვეობით ახალწარმონაქმნების მოცილება;
    • ლაზერული ქირურგია: ლაზერული სხივის გამოყენება უსისხლო გაკვეთისთვისა და დაზიანებული ქსოვილების მოცილებისთვის;
    • ლიმფოდისექცია: ლიმფური კვანძების ამოკვეთა მენჯისა და საზარდულის მიდამოში;
    • ცისტოურეთროექტომია: შარდის ბუშტისა და შარდსადენი მილის მოცილება;
    • ცისტოპროსტატექტომია: მამაკაცებში შარდის ბუშტისა და პროსტატის ამოკვეთა ან წინა ევისცერაცია: ქალებში ურეთრის, შარდის ბუშტისა და საშოს მოკვეთა;
    • ნაწილობრივი პენექტომია: შარდსადენი მილის მიმდებარე სასქესო ასოს ქსოვილების მოცილება;
    • რადიკალური პენექტომია: ოპერაციის შედეგად სასქესო ასოს ყველა ქსოვილის მოცილება.
  2. სხივური თერაპია წარმოადგენს კიბოს მკურნალობის მეთოდს, რომელიც იყენებს მაღალენერგეტიკულ რენტგენის სხივებს ან გამოსხივების სხვა სახეებს და რომელიც ანადგურებს კიბოს უჯრედებს.
  3. ქიმიოთერაპიის დროს ხდება სპეციალური სამედიცინო პრეპარატების გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს ზრდის შეჩერებას და კლავს სიმსივნურ უჯრედებს.

პროგნოზი

ურეთრის კიბოს პროგნოზი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • პირველადი სიმსივნის ანატომიური ლოკალიზაცია;
  • სიმსივნის ზომა;
  • კიბოს სტადია;
  • სიმსივნის შეღწევის სიღრმე;
  • პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა;
  • ადგილი აქვს თუ არა სიმსივნური უჯრედების გავრცელებას ახლომდებარე ქსოვილებში, ლიმფურ კვანძებსა ან სხეულის მოკვეთილ უბნებში;
  • პირველადი ან კიბოს განმეორებითი წარმოქმნა.

პროფილაქტიკა

ურეთრის კიბოს პროფილაქტიკას წარმოადგენს:

  • შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროული და სრულფასოვანი მკურნალობა;
  • უროლოგთან დროული მიმართვა შარდის გამომყოფი გზების არასასიკეთო მდგომარეობის ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენისას;
  • უროლოგთან ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევა, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის.