შარდსაწვეთის კიბო

შარდსაწვეთის სიმსივნე საკმაოდ იშვიათი დაავადებაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს

შარდსაწვეთის კიბო წარმოადგენს შარდსაწვეთის ლორწოვანი გარსის ავთვისებიან ახალწარმონაქმნს. ეს კიბოს საკმაოდ იშვიათი ფორმაა. შარდსაწვეთის კიბო თავისი მახასიათებლებით ძალიან ჰგავს შარდის ბუშტის ყველაზე მეტად გავრცელებულ კიბოს.

თავდაპირველად დაავადება აზიანებს მხოლოდ შარდსაწვეთის ლორწოვან შრეს, თუმცა მოგვიანებით ის ვრცელდება ლორწოსქვეშა და კუნთოვანი შრეების სიღმრეში, იწვევს თირკმელის ატროფიასა და ჰოდრონეფროზს, ასევე ხშირად მეტასტაზირებს.

შარდსაწვეთის კიბოს სიმპტომები

შარდსაწვეთის კიბოს მრავალრიცხოვან სიმპტომებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • ჰემატურია (სისხლი შარდში)
  • ტკივილი შარდვის დროს
  • მოშარდვის ხშირი სურვილი
  • ტკივილი წელის არეში
  • ტკივილი შარსაწვეთის მიმართულებით
  • ტემპერატურის მომატება
  • მადისა და სხეულის მასის შემცირება

შარდსაწვეთის კიბოს განვითარების მიზეზები

შარდსაწვეთის კიბოს ძირითად გამომწვევ ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მოწევა – ახდენს კანცეროგენული ნივთიერებების შარდში მოხვედრის პროვოცირებას, რაც თავის მხრივ შარდსაწვეთის ლორწოვანაზე აისახება.
  • მთელი რიგი ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (ხშირად პროფესიულ საქმიანობასთან ასოცირებული ნივთერებები როგორიცაა საღებავი და სხვა)
  • შარდ-კენჭოვანი დაავადება – ლორწოვანას კონკრემენტებით (კენჭებით) გაღიზიანება პროვოცირებს მის ჰიპერპლაზიას და შესაძლებელია გამოიწვიოს ქსოვილების ავთვისებიანად გარდაქმნა.
  • შარდსასქესო სისტემის ქრონიკული ანთება – საშარდე გზებში ინფექციის არსებობის დროს, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.
  • ზოგიერთი ტოქსიკური სამკურნალო საშუალებების მიღება
  • აღნიშნული დაავადების, მემკვიდრეობით განვითარების დიდი ალბათობა

შარდსაწვეთის კიბოს დიაგნოსტიკა

შარდსაწვეთის კიბოს დიაგნოსტიკა მოიცავს ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების შემდეგ კომპლექსს:

  • სისხლის საერთო ანალიზი ტარდება ანთების ზოგადი ნიშნების, ორგანიზმის ინტოქსიკაციის სისტემური რეაქციების გამოსავლენად;
  • შარდის ციტოლოგიური ანალიზით ხდება ატიპიური უჯრედების აღმოჩენა;
  • თირკმელების ულტრაბგერითი კვლევა ტარდება თირკმლის პარენქიმაში სიმსივნის ინფლიტრაციის გამოსავლენად; ასევე ახალწარმონაქმნების თირკმლისა და შარდსაწვეთის რენტგენონეგატიური კენჭებისგან დიფერენცირებისთვის;
  • ექსკრეტორული უროგრაფია და რეტროგრადული ურეთეროგრაფია ავლენს სიმსივნის ადგილას შარდსაწვეთის კონტრასტული შევსების დეფექტს, შარდსაწვეთისა და მენჯის დილატაციას, ჰიდროურეთერონეფროზს;
  • ცისტო- და ურეთეროსკოპია საშუალებას იძლევა, ვიზუალურად დათვალიერდეს შარდსაწვეთის სიმსივნის მდებარეობა, გაკეთდეს ქსოვილის ბიოფსია მორფოლოგიური გამოკვლევის ჩასატარებლად;
  • თირკმლის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული (კტ) კვლევით ხდება, თირკმლის გარეთ სიმსივნის გავრცელების, ლიმფური კვანძებისა და მეზობელი ორგანოების პროცესში ჩართულობის შეფასება;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) უტარდებათ იმ პაციენტებს, რომელთათვისაც არაა სასურველი კტ-ს ჩატარება იოდის შემცველ, კონტრასტულ ნივთირებებთან ერთად, მისი რადიაციული დატვირთვის გამო.

შარდსაწვეთის კათეტერიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, ტარდება პუნქციური ანტეგრადული პიელოურეთეროგრაფია.

დაშორებული მეტასტაზების გამოსავლენად, აგრეთვე შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლების სცინტიგრაფია, ღვიძლის ულტრაბგერითი კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია და სხვა აუცილებელი გამოკვლევები.

შარდსაწვეთის კიბოს მკურნალობა

შარდსაწვეთის კიბოს მკურნალობა, უპირატესად ქირურგიულია. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგიულ ჩარევასთან ერთად ტარდება რადიო- და ქიმიოთერაპია. შედარებით მცირე ზომისა და ნაკლებად აგრესიული სიმსივნე შესაძლებელია ამოიკვეთოს ენდოსკოპიურად. იმ შემთხვევაში, თუ შარდსაწვეთის კიბო ორგანოს კედლების უფრო ღრმა ფენებში განვითარდა, ან მისი მახასიათებლები დაავადების გავრცელების მაღალ რისკზე მიუთითებს, მაშინ ხდება თირკმლისა და შარდსაწვეთის ქირურგიული გზით მოცილება. ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია, ჩატარდეს შარდსაწვეთის მხოლოდ დაზიანებული ნაწილის რეზექცია და მოხდეს მისი დანარჩენი ნაწილისა და თირკმლის შენარჩუნება.

შარდსაწვეთის კიბოს პროგნოზი

პროგნოზი, თუ როგორ წარიმართება დაავადება დამოკიდებულია ორგანოების მეტასტაზურ დაზიანებაზე და მეზობელ სტრუქტურებში სიმსივნის გავრცელებაზე.

შარდსაწვეთის კიბოს განვითარების პროგნოზირებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობის დროული დაწყება. შარდსაწვეთის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ უროლოგს, თუ შარდში სისხლს შენიშნავთ, ან შეგაწუხებთ წელის ტკივილი და ზემოთ ჩამოთვლილი სხვა სიმპტომები.

შარდსაწვეთის კიბოს პროფილაქტიკა

გარდა ეფექტური დიაგნოსტიკისა და დროული, სწორი მკურნალობისა, სიმსივნესთან ბრძოლის ყველაზე ადრეული მეთოდი მისი პროფილაქტიკაა. შარდსაწვეთის კიბოს პროფილაქტიკის ღონისძიებებს მიკუთვნება უარის თქმა მოწევაზე, მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის შეწყვეტა/შემცირება, ქრონიკული ანთებითი ინფექციებისა და შარდ-კენჭოვანი დაავადების სრულფასოვანი მკურნალობა და საკუთარი ჯანმრთელობის რეგულარული კონტროლი.