ტკივილი შარდვის დროს

მტკივნეული შარდვა

ტკივილი შარდვის დროს (სტრანგურია) სხვადასხვა უროლოგიური დაავადებების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია და აუცილებლად საჭიროებს სრულფასოვან გამოკვლევებს.

მტკივნეული შარდვა, იგივე სტრანგურია, წარმოადგენს უროლოგიურ დაავადებათა ხშირ სიმპტომს, რომელსაც ახასიათებს უროგენიტალურ ზონაში უსიამოვნო შეგრძნების გაჩენა, და ასე თუ ისე დაკავშირებულია შარდვის პროცესთან. ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება შესაძლებელია თან ახლდეს შარდვის პროცესს დასაწყისში, დასასრულს ან შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფის მთელი აქტის განმავლობაში. ასევე გვხვდება სიტუაციები, როცა ეს სიმპტომი ჩნდება შარდვის პროცესის დასრულებიდან მცირე დროის შემდეგ.

ეს ჩივილები ორივე სქესისთვისაა დამახასიათებელი. მამაკაცებში შარდვის დასაწყისში უსიამოვნო შეგრძნება, უფრო ხშირად, განპირობებულია როგორც სპეციფიკური ეტიოლოგიის მქონე (სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული), ასევე არასპეციფიკური ბაქტერიული მიკროფლორით გამოწვეული ურეთრიტით. ზოგჯერ დისკომფორტი შარდვის აქტის დასაწყისში, შეიძლება გამოწვეული იყოს ურეთრის გარეთა ხვრელის მიდამოში ჰერპესული გამონაყარით. გარდა ამისა ეს ჩივილი შესაძლებელია ბალანოპოსტიტისა და ფიმოზის დროსაც.

დისკომფორტი შარდვის პროცესში და დასასრულს, ჩვეულებრივ, მიუთითებს შარდის ბუშტისა და ურეთრის პროსტატული ნაწილის დაზიანებაზე. ეს ხდება მწვავე პროსტატის, ვეზიკულიტის, კოლიკულიტის, მწვავე ჰემორაგიული ცისტიტის დროს. გარდა ამისა ტკივილი შეიძლება განჩნდეს შარდის ბუშტში არსებული კენჭების, ურეთრის სტრიქტურისა და შარდის ბუშტის ყელის სკლეროზის გამო. პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას ჩივილები შარდვის დროს ჩვხლეტებსა და წვაზე, როგორც წესი, იშვიათად გვხვდება. ძლიერი ტკივილები შესაძლებელია შარდის ბუშტისა და პროსტატის დიდი სიმსივნის შემთხვევაში.

შარდვის დროს ტკივილისა და დისკომფორტის ხანმოკლე ფაქტები შეინიშნება თირკმლიდან და შარდის ბუშტიდან კონკრემენტების გამოსვლის გამო.

ქალებში ანალოგიური დისკომფორტი შარდვის აქტის განმავლობაში შესაძლებელია ურეთრიტის დროს. მწვავე ცისტიტის შემთხვევაში ასეთი შეგრძნებები უმეტესად გამოხატულია შარდვის დასასრულს. გარდა ამისა დისკომფორტი შარდის ბუშტისა და ურეთრის მიდამოში შეიმჩნევა შარდკენჭოვანი დაავადების და შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცის დროსაც. ზოგ შემთხვევაში კი მსგავსი ჩივილები შეიძლება, განპირობებულ იქნას არა უროლოგიური პათოლოგიებით, არამედ მცირე მენჯისა და გენიტალიის ორგანოების სხვადასხვა დაავადებებით (ენდომეტრიოზი, ენდომეტრიტი, კოლიტი და ვულვოვაგინიტი). იშვიათად, შარდვის პროცესის დარღვევები და ტკივილის შეგრძნებები შეიძლება წარმოიშვას სწორი ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში (ჰემოროი, ანალური ნახეთქი, პარაპროქტიტი, ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი).

უნდა აღინიშნოს, რომ ტკივილებს შარდვის დროს, საკმაოდ ხშირად თან ახლავს სხვა გამოვლენები. ეს შეიძლება იყოს:

  • გახშირებული შარდვა;
  • დღე-ღამის განმავლობაში შარდვის რიტმის ცვლილება;
  • შარდვის ყველა პროცესის განმავლობაში გამოყოფილი შარდის რაოდენობის ცვლილება.

მტკივნეულ და გახშირებულ შარდვასთან ხშირად თან ერთვის შარდში სისხლის გაჩენა. ასევე შესაძლებელია, შარდის ნაკადის შემცირება და სხვა ზონებში ლოკალიზებული სხვაგვარი ტკივილის შეგრძნების კომბინაცია. მამაკაცებში ურეთრიტის დროს შეიძლება, შეინიშნოს შარდსადენი მილიდან სხვადასხვა გამონადენი. ქალებში შარდვისას ტკივილის შეგრძნებას გინეკოლოგიური პათოლოგიების არსებობისას შეიძლება თან ახლდეს გამონადენი საშოდან, სისხლის წვეთები, სხეულის ტემპერატურის მატება. სწორი ნაწლავის პათოლოგიების დროს პაციენტები შეიძლება, უჩიოდნენ სისხლის გაჩენას დეფეკაციის აქტის შემდეგ, განავალის ხასიათის შეცვლას.

ყველა შემთხვევაში, მტკივნეული შარდვა საჭიროებს უროლოგის კონსულტაციასა და კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას. პრინციპულ გამოკვლევას წარმოადგენს შარდის საერთო ანალიზი ან/და შარდის ბაქტერიული კვლევა. ჩატარებული კვლევების შედეგების საფუძველზე, უროლოგი განსაზღვრავს სათანადო სამკურნალო ტაქტიკას.