შარდვის შეკავება

შარდვის შეკავება

შარდვის შეკავება უროლოგიური დაავადებაა, რომლის დროსაც პაციენტს არ შეუძლია ბოლომდე დაცალოს შარდის ბუშტი

შარდვის შეკავება (იშურია) ეწოდება შარდის ბუშტის არასრულ დაცლას.

შარდვის შეკავების ფორმები

  • შარდის მწვავე შეკავება – მოშარდვის სრული შეუძლებლობა, ვითარდება უეცრად, რამდენიმე საათის განმავლობაში. ავადმყოფი გრძნობს მოშარდვის ძლიერ მოთხოვნილებას, მუცლის ქვემოთ წარმოიშობა ძლიერი ტკივილი.
  • შარდის ქრონიკული შეკავება – ავადმყოფს შეუძლია მოშარდვა, მაგრამ შარდის ბუშტში რჩება დიდი რაოდენობით შარდი. როგორც წესი, პაციენტი არ გრძნობს მოშარდვის ძლიერ მოთხოვნილებას, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ასევე აღინიშნება ხშირი შარდვა.

ასევე შეიძლება, წარმოიშვას პარადოქსული იშურია. გადავსებული შარდის ბუშტის ფონზე პაციენტს უნებლიედ გამოეყოფა მცირე რაოდენობის შარდი. ეს ხდება შარდის ბუშტის სფინქტერების (ჩამკეტი მექანიზმების) დაჭიმვის ხარჯზე. ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტის გადავსების ფონზე.

შარდვის შეკავების სიმპტომები

  • შარდის ბუშტის დამოუკიდებლად დაცლის შეუძლებლობა;
  • ტკივილი მუცლის ქვემოთ;
  • მოშარდვის მტკივნეული და ძლიერი სურვილი;
  • ტკივილი და მომრგვალო გამობერვა მუცლის ქვედა არეში

მიზეზები

მამაკაცებში შარდვის შეკავების ყველაზე ხშირი მიზეზია ურეთრის სანათურის ობსტრუქცია (დაცობა), რომელიც შეიძლება, გამოიწვეული იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზებით:

  • პროსტატის ადენომა ან კიბო (წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნე);
  • მწვავე პროსტატიტი (წინამდებარე ჯირკვლის მწვავე ანთება);
  • ურეთრის ტრავმა (შარდსადენი მილის მთლიანობის დარღვევა);
  • ურეთრის სტრიქტურა (შარდსადენი მილის სანათურის შევიწროება);
  • კენჭი შარდის ბუშტში ან ურეთრაში;
  • ურეთრის, სწორი ნაწლავის სიმსივნე.

შარდვის შეკავება ასევე შესაძლოა შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევის შედეგი იყოს, როცა ის ნორმალური შეკუმშვის უნარს კარგავს. ჩვეულებრივ ეს შეინიშნება ნერვული სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, როგორებიცაა:

  • თავის ან ზურგის ტვინის სიმსივნე;
  • თავის ან ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანება;
  • თავის ან ზურგის ტვინის ინფექციური ან აუტოიმუნური დაავადებები;
  • რეფლექტორული მიზეზები. გვხვდება მენჯის, მუცლის ორგანოების ოპერაციების, ძლიერი ემოციური დარღვევების, ლოგინში ხანგრძლივი იძულებითი ყოფნის შემდეგ.

არსებობს მედიკამენტოზური პრეპარატებიც, რომელიც იწვევს შარდის ბუშტის მოდუნებას ან პროსტატის ტონუსის მომატებას, რის შედეგადაც შეიძლება, მოხდეს შარდვის შეკავება.

დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკა ემყარება დაავადების სიმტომებისა და ისტორიის ანალიზს. შარდის მწვავე შეკავების მქონე პაციენტების გასინჯვისას შეინიშნება გაფართოებული შარდის ბუშტი. დამატებითი კვლევები დამოკიდებულია შარდვის შეკავების სავარაუდო მიზეზებზე.

მკურნალობა

შარდის შეკავების განვითარებისას პაციენტმა სასწრაფოდ უნდა მიმართოს უროლოგს. მკურნალობის პირველ ეტაპს წარმოადგენს შარდის ბუშტის დაცლა. შარდის დაუყოვნებელი გამოდინების უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე მეთოდი:

  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია (დრენირება). შარდის ბუშტში შარდსადენი მილის გავლით, ხდება პატარა მილის შეყვანა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შარდსადენი მილის ტრავმისა და მწვავე პროსტატიტის დროს აღნიშნული მეთოდი უკუნაჩვენებია.
  • ცისტოსტომია. შარდის ბუშტის საპროექციო არეში კეთდება კანქვეშა პუნქცია. შარდის ბუშტის ღრუში შეყავთ რეზინის მილი, რომლის საშუალებითაც ხდება შარდის გამოდინების უზრუნველყოფა.

შარდის ნორმალური გამოდინების უზრუნველყოფის შემდეგ, აუცილებელია შარდვის შეკავების გამომწვევი მიზეზების მკურნალობა.

შარდვის შეკავების გართულებები

  • შარდის ბუშტის ან შარდსადენი მილის გასკდომა;
  • საშარდე გზების ინფექციების, ასევე ცისტიტის, პიელონეფრიტის განვითარება;
  • თირკმლის უკმარისობის განვითარება.

შარდის შეკავების პროფილაქტიკა

შარდვის შეკავების პროფილაქტიკის საფუძველს წარმოადგენს, შარდვის ნებისმიერი დარღვევების დროს (ხშირი შარდვა, ღამე შარდვა, გართულებული შარდვა), უროლოგისთვის დროულად მიმართვა. მსგავსი სიმპტომების გამომწვევი დარღვევების კორექცია, საშუალებას მოგვცემს მომავალში, თავიდან ავიცილოთ მწვავე შარდვის შეკავების განვითარება.