შარდის უნებლიე შეუკავებლობა

შარდის შეუკავებლობა, ასევე ცნობილი როგორც შარდის უნებლიე გამოყოფა, უროლოგიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხხშირი პრობლემაა

შარდის შეუკავებლობას უწოდებენ შარდის უნებლიე გამოყოფას. ეს დაავადება არამარტო სამედიცინო, არამედ სოციალურ პრობლემასაც წარმოადგენს.

კლასიფიკაცია

შარდის უნებლიე შეუკავებლობა იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად. უკანასკნელი, თავის მხრივ, იყოფა 4 ტიპად:

  • სტრესული შეუკავებლობა - ვლინდება აბდომინალური წნევის მომატებისას, მაგალითად ხველების, ან ცემინების დროს;
  • ურგენტული შეუკავებლობა - ვლინდება შარდის ბუშტის მომატებული აქტიურობისას, რომელიც გამოწვეულია გამაღიზიანებელი სტიმულებით თვით შარდის ბუშტში ან ნერვული სისტემის მხრივ მასზე კონტროლის დაკარგვით;
  • შერეული შეუკავებლობა - წარმოადგენს შარდის სტრესული და ურგენტული შეუკავებლობის კომბინაციას;
  • შარდის შეუკავებლობა შარდის ბუშტის გადავსებისას - გულისხმობს შარდის უნებლიედ გამოყოფის შემთხვევებს შარდის ბუშტის დაცლის შეუძლებლობისას. ასეთ პაციენტებში შარდის გამოდენა ხდება მოშარდვის გაუცნობიერებელი ნდომის გარეშე.

შარდის შეუკავებლობის გამომწვევი მიზეზები

შარდის შეუკავებლობის გამომწევევი მიზეზები შესაძლოა განვასხვავოთ თავად პრობლემის ტიპის მიხედვით. მაგალითად:

  1. შარდის ურგენტულ შეუკავებლობას შესაძლოა მიზეზად დაედოს:
    • შარდის ბუშტის დეტრუზორის (შარდის ბუშტის კუნთის) ჰიპერაქტიურობა, ნევროლოგიური დაავადებების არმქონე პაციენტებში;
    • შარდის ბუშტის დეტრუზორის ჰიპერაქტიურობა, ნევროლოგიური პრობლემების, მაგალითად ზურგის ტვინის ტრავმის მქონე პაციენტებში.
  2. შარდის ბუშტის გადავსებასთან დაკავშირებული შეუკავებლობა შესაძლოა გამოწვეული იყოს:
    • შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევებთან, რაც ყველაზე ხშირად, შეინიშნება ნევროლოგიური დაავადებების დროს, ან განპირობებულია ხანგრძლივი ობსტრუქციით.
  3. შარდის სტრესული შეუკავებლობა შესაძლოა უკავშირდებოდეს:
    • ანატომიურ მიზეზებს (მაგალითად, შარდის ბუშტის ყელის მობილურობა);
    • შიდა სფინქტერის უკმარისობას (უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის შარდის ბუშტის ყელის დისფუნქცია, რაც შარდის გამოყოფის კონტროლს უზრუნველყოფს)

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, აღსანიშნავია შარდის ფუნქციური შეუკავებლობა რომლის გამომწვევ მიზეზთა შორისაა:

  • საშარდე გზების ინფექცია;
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება;
  • სამკურნალო საშუალებების მიღება;
  • შარდის გადაჭარბებული გამოყოფა;
  • შეზღუდული მოძრაობა.

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა

შარდის შეუკავებლობის დიაგნოსტიკა კომპლექსურ მიდგომას ითვალისწინებს და, უმეტეს შემთხვევებში, მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  • პაციენტების ჩივილებისა და ანამნეზის შეგროვება. დაავადების წარმოშობის, დროისა და მისი განვითარების დინამიკის განსაზღვრა;
  • პაციენტის მიერ დღიურის შევსება, სადაც ასახული იქნება შარდვის სიხშირე და მოცულობა;
  • ხველების ტესტის ჩატარება დაძაბულობის დროს შარდის შეუკავებლობის გამოსავლენად;
  • ზოგადი გასინჯვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ შარდ-სასქესო გზების ანატომიური ანომალიები (მამაკაცებში პროსტატის ჰიპერტროფია, ქალებში ატროფიული ვაგინიტის არსებობა);
  • შარდის საერთო და ბაქტერიოლოგიური ანალიზები, შარდ-სასქესო გზების ინფექციის ნიშნების გამოსავლენად ან გამოსარიცხად.

ზოგიერთ შემთხვევაში სფინქტერის, ურეთრის მდგომარეობის შესაფასებლად და შარდის ბუშტის პათოლოგიური ცვლილებების გამოსარკვევად აგრეთვე ტარდება შემდეგი გამოკვლევები:

  • ურეთროცისტოსკოპია;
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა;
  • ურეთროცისტოგრაფია;
  • ექსკრეტორული უროგრაფია;
  • უროდინამიკური გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ სფინქტერისა და დეტრუზორის ფუნქცია;
  • ვალსალვის სინჯი, სფინქტერის უკმარისობის გამოვლენის მიზნით;
  • რეტროგრადული პერფუზიული სფინქტერომეტრია;
  • ურეთრალური წნევის პროფილის გამოკვლევა;
  • სფინქტერის ელექტრომიოგრაფია, ნევროლოგიურ დარღვევებზე ეჭვის შემთხვევაში;
  • შარდის ნაკადის სრული ვიდეო-უროდინამიკური გამოკვლევა, დეტრუზორის ფუნქციონირების შესაფასებლად.

შარდის შეუკავებლობის მკურნალობა

შარდის შეუკავებლობის მკურნალობა შეიძლება წარიმართოს კონსერვატიული ან ქირურგიული გზით. ორივე შემთხვევაში, მკურნალობის კონკრეტულ მეთოდს ირჩევს ექიმი უროლოგი ჩატარებული გამოკვლევების შედეგების საფუძველზე.

მკურნალობის კონსერვატიული მეთოდი შესაძლოა მოიცავდეს:

  • სამკურნალო პრეპარატების მიღებას;
  • მენჯის ფსკერის კუნთების ვარჯიშის;
  • მენჯის ფსკერის კუნთების ელექტრულ სტიმულაციას.

ქირურგიული მკურნალობა, მეორეს მხრივ, აერთიანებს ოპერატიული ჩარევის შემდეგ სახეებს:

  • შარდის ბუშტის კათეტერიზაცია;
  • სლინგური (მარყუჟოვანი) ოპერაციები;
  • შარდისბუშტ-ურეთრალური ანატომიის აღდგენის, კორექციის, კუნთოვან-მყესოვანი აპარატის ფიქსაციის ოპერაცია და სხვა.

შარდის შეუკავებლობის განვითარების რისკ-ფაქტორები

ქალებში შარდის შეუკავებლობის განვითარების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ასაკი;
  • ორსულობა;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ესტროგენების მიღება;
  • სიმსუქნე;
  • შარდ-სასქესო ორგანოების ინფექციური დაავადებები;
  • ფუნქციური და კოგნიტიური დარღვევები;
  • ნევროლოგიური დარღვევები.

მამაკაცებში შარდის შეუკავებლობის განვითარების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს ოპერაცია მცირე მენჯის ორგანოებზე და, უპირველეს ყოვლისა, რადიკალური პროსტატექტომია (წინამდებარე ჯირკვლის ამოკვეთა, სიმსივნის არსებობის შემთხვევაში).

შარდის შეუკავებლობის პროფილაქტიკა

შარდის უნებლიე შეუკავებლობის პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:

  • რეგულარული სამედიცინო შემოწმება და შარდის ანალიზის ჩაბარება, რათა მოხდეს დაავადების დროული გამოვლენა. ამ პათოლოგიის შემთხვევაში, პაციენტს საწყის ეტაპზე შესაძლოა არ ჰქონდეს დაავადების არანაირი აშკარა გამოვლინება.
  • მენჯის კუნთების გამაგრება;
  • შარდის ბუშტის დაცლა (მოშარდვა), შეძლებისამებრ, მოშარდვის სურვილის პირველივე შეგრძნებისას;
  • სწორი კვება და მავნე ჩვევების უარყოფა (მაგალითად, ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარებისგან თავის შეკავება).