ჰემატოსპერმია

ჰემატოსპერმია (სისხლი სპერმაში)

ჰემატოსპერმია, ანუ სპერმაში სისხლის არსებობა - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი რითაც მამაკაცები ექიმ უროლოგს მიმართავენ

ჰემატოსპერმია – სპერმაში სისხლის არსებობა. იმის გამო, რომ უმეტეს შემთხვევაში სპერმის გამოყოფა ხდება საშოში, ეს დაავადება ხშირად გარეგნულად შეუმჩნეველი რჩება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალზედ საყურადღებოა პრობლემაა. სქესობრივად მომწიფებულ მამაკაცს ჰემატოსპერმია ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოუვლინდეს. დაავადების ფარული მიმდინარეობის შემთვევების სიხშირის ფონზე ზუსტი სტატისტიკა უცნობია.

რა იწვევს ჰემატოსპერმიას?

40 წლამდე მამაკაცებში ჰემატოსპერმიის გამომწვევი მიზეზები, როგორც წესი, კეთილთვისებიანია, ხოლო შემდგომ ასაკში, და განსაკუთრებით სიბერეში, ჰემატოსპერმია ხშირად დაკავშირებულია ავთვისებიან დაავადებებთან.

ყველაზე ხშირად ჰემატოსპერმიას იწვევს, წინამდერე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკებში მიმდინარე ანთებითი პროცესები. როგორც წესი, ჰემატოსპერმიის ნიშნები ანთების გადატანიდან 1 – 2 თვის შემდეგ ქრება. თუ პრობლემა გაგრძელდა 2 თვეზე მეტ ხანს, აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება და სპეციალისტის კონსულტაცია.

როგორც უკვე აღვნიშნე, უმეტესწილად გამომწვევი მიზეზები წინამდებარე ჯირკვალსა და სათესლე ბუშტუკების პრობლემებს უკავშირდება. წინამდებარე ჯირკვალთან დაკვაშირებულ მიზეზებს მიეკუთვნება:

  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • პროსტატის კიბო;
  • ურეთრის საპროსტატე ნაწილში ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • პროსტატის კენჭები;
  • ურეთრის კისტოზური წარმონაქმნები;
  • პროსტატის ბიოფსიისა და ტურ-ის ჩატარების შემდგომი პერიოდი;
  • ბრახითერაპიის ჩატარების შემდგომი მდგომარეობა;
ჰემატოსპერმიის მიზეზებს, რომელიც დაკავშირებულია სათესლე ბუშტუკებთან, მიეკუთვნება:
  • სათესლე ბუშტუკების შეძენილი და თანდაყოლილი კისტოზური წარმონაქმნები.
  • სათესლე ბუშტუკების ამილოიდოზი.

გარდა ზემოთ მოყვანილისა, ჰემატოსპერმიის გამომწვევ მიზეზთა შორის განასხვავებენ ქვემოთ განხილულ სხვა ჯგუფებს.

მიზეზები, რომელიც დაკავშირებულია ურეთრასთან:

ჰემატოსპერმიის გამომწვევი სხვა დაავადებები:

  • ტუბერკულიოზი.
  • შიდსი.
  • ციტომეგალოვირუსი.
  • სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებები.
  • შისტოსომოზი.
  • ექინოკოკოზი.

სისტემური დაავადებები, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰემატოსპერმიის განვითარებაზე:

  • არტერიალური ჰიპერტენზია.
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა.
  • ლიმფომა.
  • ამილოიდოზი.
  • ვილლებრანდის დაავადება.

დიაგნოსტიკა:

სრული და კვალიფიციური დიაგნოსტიკისთვის აუცილებელია სპერმაში სისხლის აღმოჩენისთანავე მიმართოთ ექიმ-უროლოგს, რათა დროულად შედგეს აუცილებელი გამოკვლევების ნუსხა და შეგროვდეს მაქსიმალური ინფორმაცია ჰემატოსპერმიის მიზეზების გამოსავლენად.

ყველაზე ხშირად აუცილებელ კვლევებში მოიაზრებენ:

  • შარდის საერთო ანალიზს და შარდის დათესვას მიკროფლორაზე.
  • სპერმოგრამას და სპერმის დათესვას.
  • პროსტატის ტრანსრექტალურ ულტრაბგერით კვლევას.
  • პსა-ს (პროსტატის სპეციფიური ანტიგენი) 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში.
  • კოაგულოგრამას – 2 თვეზე მეტ ხანს ჰემატოსპერმიის არსებობის შემთხვევაში.
  • ცისტოურეთროსკოპიას – ურეთრისა და შარდის ბუშტის ენდოსკოპიური კვლევას.

მკურნალობა:

არსებობს ჰემატოსპერმიის მკურნალობის მედიკამენტოზური და ქირურგიული მეთოდები. მკურნალობის გზის შერჩევისას, უდიდეს როლს თამაშობს პაციენტის ასაკი, ასევე ჰემატოსპერმიის სიხშირე და მასთან დართული ჰემატურია (სისხლიანი შარდი). ჰემატოსპერმიის მკურნალობის საბოლოო შერჩევა შესაძლოა მხოლოდ მისი გამომწვევი მიზეზების კვალიფიციური და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. გადაწყვეტილება მედიკამენტოზური თუ ქირურგიული მეთოდის არჩევის შესახებ მიიღება ინდივიდუალურად ყოველ ცალკეულ შემთხვევაში.

იმ შემთხვევაში, თუ ჰემატოსპერმია განიკურნა და პაციენტი არ განიცდის ტკივილს და დისკომფორტს, დაკვირვება აღარაა აუცილებელი. ქრონიკულ (2 თვეზე მეტი ხნის გარძელების) ან განმეორებითი ჰემატოსპერმიის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა გაიაროს დამატებითი კვლევები პირველ ეტაპზე ჩატარებული გამოკვლვებისა და ჩივილების გათვალისწინებით.