ბალანიტი | ბალანოპოსტიტი

ბალანიტი | ბალანოპოსტიტი

ბალანიტი | ბალანოპოსტიტი

ბალანიტი სასქესო ასოს თავის კანის ანთებაა. უფრო ხშირად ვითარდება სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიდა ფურცლის ანთება – ბალანოპოსტიტი. ეს დაავადება შესაძლოა, განვითარდეს ინფექციური (გონორეა, ტრიქომონიაზი, კანდიდოზი, ჰერპესი, სიფილისი) ან არაინფექციური (შაქრიანი დიაბეტი, ფსორიაზი და სხვ.) პროცესის გართულებით. ბალანოპოსტიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შედეგია - ფიმოზი ან ჩუჩის შევიწროება, რაც ხელს უშლის სასქესო ასოს თავის მთლიან გაშიშვლებას.

რა არის ბალანოპოსტიტის მიზეზები?

შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ზრდასრულ ადამიანებში ბალანოპოსტიტის წარმოქმნას უკავშირდება.

სხვა მიზეზებს შორის შეიძლება გამოვყოთ:

  • პირადი ჰიგიენის წესების დაუცველობა;
  • ქიმიური გამაღიზიანებლები (საპონი, ვაზელინი);
  • სითხის შეკავება ორგანიზმში, ისეთ მდგომარეობაში, როგორიცაა: გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, თირკმელების დაავადებები;
  • ალერგიები სამკურნალო საშუალებებზე (ანტიბაქტერიულ პრეპარატებზე, ვიტამინებზე, აცრებზე) – ალერგიული ბალანოპოსტიტი;
  • სიმსუქნე;
  • ზოგიერთი მიკროორგანიზმი და ვირუსი, მათ შორის:
    • კანდიდა (სოკო) ყველაზე ხშირად შეიძლება შეგვხვდეს შაქრიანი დიაბეტის დროს;
    • ანაერობული ინფექცია;
    • ადამიანის პაპილომა ვურუსი (აპვ), მახვილწვეტიანი კონდილომები;
    • გარდნერელა ვაგინალისი (Gardnerella vaginalis);
    • მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum) – სიფილისის გამომწვევი;
    • ტრიქომონადები (Trichomonas vaginalis) – ტრიქომონიაზის გამომწვევი;
    • ა და ბ ჯგუფის სტრეპტოკოკები.

ბალანოპოსტიტის გამომწვევი მიზეზები განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობას. ეს შეიძლება იყოს, როგორც ჩვეულებრივი ანთებითი პროცესი გაღიზიანებითა და ეროზიით, ასევე ქსოვილების განგრენა.

როგორია ბალანოპოსტიტის კლინიკური სურათი?

პირველ რიგში აუცილებელია ბალანოპოსტიტის დიფერენცირება შემდეგი დაავადებებისაგან:

  • ქსეროტიული მაობლიტირირებელი ბალანიტი (სკლეროზული ლიქენი) – სასქესო ასოს კანის ქრონიკული დაავადება, ვლინდება მოთეთრო ბალთებით და ფარავს სასქესო ასოს თავსა და ჩუჩას;
  • ზოონის ბალანიტი (Zoon balanitis) – სასქესო ასოს თავის შეწითლება მოწითალო პრიალა ლაქების სახით, რომელიც არ სცილდება სასაქესო ასოს თავისა და ჩუჩის კანის დონეს;
  • რეიტერის დაავადება – სასქესო ასოს თავის, რგოლისებრი დაზიანება, რომელსაც თან ახლავს, მამაკაცის გენიტალიების ლორწოვანი გარსის ეროზიის წარმოქმნა;
  • ფსორიაზი;
  • სასქესო ასოს ლეიკოპლაკია;
  • სასქესო ასოს კიბო.

მარტივი ბალანოპოსტიტის დროს შეინიშნება სასქესო ასოს თავის კანისა და ჩუჩის შიგნითა ფურცლის ჰიპერემია (შეწითლება), შეშუპება და გაღიზიანება. პროცესის შემდგომი მიმდინარეობისას, ჰიპერემიისა და შეშუპების ფონზე, ყალიბდება სხვადასხვა ფორმისა და ზომის იზოლირებული ზედაპირული და ერთმანეთთან შერწმული ეროზია. ეროზიები დაფარულია ჩირქოვანი გამონაყოფით, პერიფერიულად მათში შეინიშნება მაცერირებული ეპითელიუმის ნაფლეთები. დაავადებულებს მენჯის არეში აწუხებთ მსუბუქი წვა და ქავილი.

ეროზიული ბალანოპოსტიტის დროს წარმოიქმნება მკვდარი ეპითელიუმის თეთრი შესიებული უბნები. შემდეგ პერიფერიაზე ყალიბდება მკვეთრად გამიჯნული მსხვილი კაშკაშა წითელი ზედაპირული ეროზიები მაცერაციის რკალით. ხშირად პროცესს თან ახლავს მტკივნეული რეგიონალური ლიმფანგიტი და საზარდულის რეგიონული ლიმფური კვანძების მწვავე ანთებითი ლიმფადენიტი.

ბალანოპოსტიტის დიაგნოსტიკა

  • ზოგადი დათვალიერება
  • სისხლშიGგლუკოზის (შაქრის) დონის განსაზღვრა – როგორც პაციენტის ყოველმხირივი გამოკვლევის ნაწილი შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად;
  • ურეთრიდან, სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ზედაპირიდან გამონადენის ბაქტერიული ნათესი;
  • სიფილისის გამოვლენის სეროლოგიური ტესტი;
  • ნაცხი-ანაბეჭდი სასქესო ასოს თავისა და ჩუჩის ზედაპირიდან;
  • ცალკეულ შემთხვევებში აივ-ის, ადამიანის პაპილომა ვირუსის ტიტრის განსაზღვრა.

ბალანოპოსტიტის მკურნალობის მეთოდები

თერაპიის მიზანს წარმოადგენს ინფექციის აღმოფხვრა და ბალანოპოსტიტის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკა. გამოიყენება ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო, ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები, ადგილობრივი ანთების სააწინააღმდეგო მკურნალობა. უმეტეს შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა – ჩუჩის მოკვეთა.