ბლოგი უროლოგიაზე

ადენომა კიბოდ არ გარდაიქმნება



რა არის „პროსტატის ადენომა“ და რა კავშირი აქვს მას პროსტატის სიმსივნის განვითარებასთან. ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შესახებ.



პროსტატის ადენომა მოძველებული, გარკვეულწილად, არასწორი, მაგრამ დანერგილი ცნებაა. თანამედროვე მედიცინა პროსტატის ქსოვილის ზრდას მოიხსენიებს როგორც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიას (წჯკჰ). რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის?

ადენომა არის ჯირკვლოვანი ქსოვილის კეთილთვისებიანი სიმსივნე, ხოლო წჯკჰ მთლიანად წინამდებარე ჯირკვლის (წჯ) ქსოვილის ზრდას ნიშნავს, შესაბამისად, ის არც ონკოლოგიური და არც კიბოს წინმსწრები დაავადება არ არის. წჯკჰ არ ზრდის წჯ-ის კიბოს განვითარების რისკს. ამაში დასარწმუნებლად წჯ-ის აგებულების შესწავლაც კმარა.

წინამდებარე ჯირკვალში გამოყოფენ სამ ჯირკვლოვან ზონას: ცენტრალურს, გარდამავალს - ასოცირებულს წჯკჰ-სთან და პერიფერიულს - ასოცირებულს წჯ-ის კიბოსთან. აქედან გამომდინარე, წჯკჰ არასდროს ტრანსფორმირდება კიბოდ და უმეტეს შემთხვევაში, პროსტატის სრულიად სხვა ნაწილში ვითარდება.

წჯკჰ-ის განვითარების რისკი დამოკიდებულია ასაკზე. დაავადება, ჩვეულებრივ, 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებში ვლინდება, 60 წლის ასაკის მამაკაცებს შორის მისი გავრცელებულობა 50%-ს აჭარბებს, ხოლო 85 წელს ზემოთ 90%-ს აღწევს.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის შესახებ სრულყოფილი წარმოდგენის შესაქმნელად აუცილებელია წჯკჰ-ის კლინიკური სურათის, დიაგნოსტიკის, გართულებებისა და მკურნალობის ვარიანტების შესწავლა.

კლინიკური სურათი

წჯკჰ ხასიათდება შარდვის შეკავების, შარდის ნაკადის შესუსტების, ნოქტურიის (შარდვის მოთხოვნილება ღამით) განვითარებით. დაავადების პროგრესირებისას აღინიშნება მცირე რაოდენობით ხშირი შარდვა, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება, რის შედეგადაც დგება ურგენტული მდგომარეობა, ე.წ. შარდვის მწვავე შეკავება, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ დახმარებას (კათეტერის დაყენებას).

დიაგნოსტიკა

ინფორმაციას წინამდებარე ჯირკვლის სიდიდის, სიმკვრივისა და შესაძლო დაავადების შესახებ ექიმი იღებს ხელით რექტალურად გასინჯვის საშუალებით. დიაგნოსტიკა აგრეთვე მოიცავს სისხლში პსა-ს (პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის) დონის განსაზღვრას, რომელიც იმატებს პროსტატის დაავადებების დროს, შარდის საერთო ანალიზს, უბგ-სა (ულტრაბგერითი კვლევა) და უროფლოუმეტრიას (მოშარდვის ნაკადის სიჩქარის განსაზღვრას).

მკურნალობა

შესაძლებელია მედიკამენტოზური და ქირურგიული მკურნალობა. მედიკამენტოზური მკურნალობა გულისხმობს ალფა-1-ბლოკატორების ან 5-ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორების მიღებას. ქირურგიული ჩარევის დროს სრულდება წჯ-ის რეზექცია (ნაწილობრივი მოკვეთა).

გართულებები

შარდვის ხანგრძლივმა შეკავებამ შესაძლოა გამოიწვიოს მრავალი არასასურველი შედეგი, მათ შორის:

- შარდგამომყოფი სისტემის ორგანოების ანთება - ცისტიტი, პიელონეფრიტი, თირკმელების ქრონიკული დაავადებისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემდგომი განვითარებით;

- შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსი (შარდის უკუდენა შარდის ბუშტიდან შარდსაწვეთში) ჰიდრონეფროზის (თირკმელების მენჯ-ფიალის სისტემის გაფართოება) განვითარებით;

- შარდკენჭოვანი დაავადება.

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მართვას ექიმი უროლოგის ყოველდღიური პრაქტიკის უდიდესი ნაწილი უკავია. თუ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილები აღგენიშნათ, დროულად მიმართეთ მას, რათა თქვენი კლინიკური შემთხვევა განისზღვროს და სამკურნალო სქემა სწორად შეირჩეს.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: პროსტატა, პროსტატის_ადენომა, პროსტატის_კიბო, პროსტატის_სიმსივნე, წინამდებარე_ჯირკვლის_კეთილთვისებიან_ჰიპერპლაზია, წინამდებარე_ჯირკვლის_კიბო, წინამდებარე_ჯირკვლის_სიმსივნე