ბლოგი უროლოგიაზე

ქლამიდიოზის არასწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშიშროება



ქლამიდიოზი - ვერაგი ინფექციაა, რომელიც სექსუალური გზით ვრცელდება და დაინფიცირებულთა უმრავლესობაში უსიმპტომოდ ან გაურკვეველი არასპეციფიკური სიმპტომებით ვლინდება. გაიგეთ ქლამიდიოზის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სირთულეებისა და მნიშვნელობის შესახებ.



საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქლამიდიოზი უმეტესად უსიმპტომო ფორმით მიმდინარეობს (შემთხვევათა 50%-ზე მეტი). მაშინაც კი, როდესაც კლინიკური შემთხვევა ჩივილებით არის გამოხატული, სიმპტომები საკმაოდ არასპეციფიკურია, აქედან გამომდინარე, ეს დაავადება შეიძლება სხვა დაავადების ნიღბის ქვეშ იმალებოდეს. მიუხედავად ამისა, ზუსტი დიაგნოსტიკა და სწორად წარმართული მკურნალობა ამ დაავადებისაგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა. ასევე აუცილებლია დიფერენციალური დიაგნოსტიკა სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების (ჰონორეა, ტრიქომონიაზი, მიკოპლაზმოზი) გამოსარიცხად.

კლინიკურმა შემთხვევამ, რომელიც ჩემს ერთ-ერთ 30 წლის პაციენტთან გამოვლინდა, კიდევ ერთხელ დამარწმუნა, თუ რაოდენ აუცილებელია ქლამიდიოზის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორად დაგეგმვა. თანამედროვე მსოფლიოში ქლამიდიოზის დიაგნოსტიკის უტყუარი მეთოდია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (პჯრ), მაგრამ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მისი ჩატარების რეკომენდაციას ექიმები ყოველთვის არ იძლევიან. ჩემი პაციენტის შემთხვევაშიც ასე მოხდა.

აქტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე პაციენტმა გამოსაკვლევად მიმართა სამედიცინო ცენტრს. გარდა ყელის ტკივილისა ქრონიკული ფარინგიტის გამწვავების გამო, მას არანაირი ჩივილი არ ჰქონდა. გაუკეთდა სისხლის საერთო და ბიოქიმიური ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ურეთრის ნაცხის ბაქტერიოლოგიური ნათესი. ანალიზების შედეგების მიხედვით დადგენილი ანთებითი პროცესი ფარინგიტს მიეწერა, შარდის ანალიზში ლეიკოციტების მომატება - შარდის შეგროვების ტექნიკის დარღვევას. ამასთანავე, ბაქტერიოლოგიური ნათესი უარყოფითი იყო.

ვერავინ მიხვდა ქლამიდიოზის არსებობას; ჩივილების არქონის, ლაბორატორიულ და ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევებში სპეციფიკური ცვლილებების არგამოვლენის გამო, პაციენტს შეატყობინეს, რომ ფარინგიტის გარდა მას არაფერი აღმოაჩნდა. ფარინგიტის სამკურნალოდ დანიშნული ანტიბიოტიკები კი ქლამიდიაზე გავლენას არ ახდენს.

მარტივი ბაქტერიოლოგიური ნათესით ქლამიდია არ ვლინდება, რამდენადაც ის ობლიგატური უჯრედშიდა ბაქტერიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ უჯრედის გარეთ ქლამიდია ვერ ცოცხლობს, ამიტომ მის გასამრავლებლად უჯრედების კულტურა გამოიყენება.

ამრიგად, პაციენტს 7 წლის განმავლობაში ჰქონდა დუნედ მიმდინარე ქლამიდიოზი. თანმხლები პათოლოგიის მიზეზით (I ტიპის შაქრიანი დიაბეტი) ავადმყოფი გამოკვლევასა და მკურნალობის კორექციას რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა კლინიკებში გადიოდა, მაგრამ ჩივილების არარსებობის გამო ქლამიდიოზი არავინ ივარაუდა.

პაციენტმა მომმართა შემდეგი სიმპტომებით: ცხელება 39 გრადუსამდე, შეციება, შარდვის დარღვევა, ტკივილი წელის არეში და კანკალი. დიაგნოზი - მწვავე პიელონეფრიტი - აშკარა იყო, მაგრამ მიზეზი - გაუგებარი. პიელონეფრტის მკურნალობის შემდეგ გულდასმით შევაგროვე პაციენტის ანამნეზი (ჰქონდა აქტიური სქესობრივი ცხოვრება). ვინაიდან აქამდე არ ჩატარებულა, ჩემი პირველი რეკომენდაცია სწორედ ურეთრის ნაცხის პჯრ ანალიზის გაკეთება იყო, რათა სქესობრივი გზით გადამდები შესაძლო ინფექცია გამოგვევლინა. ამასთანავე, პაციენტს ავუხსენი, რომ აუცილებელი იყო ინფექციის მკურნალობა, რათა პიელონეფრიტის განმეორებითი განვითარება აგვეცილებინა თავიდან.

მომდევნო დღეს პასუხი მზად იყო. პჯრ ანალიზი - Clamydia trachomatis – შედეგი „დადებითი“. პაციენტს დაენიშნა სათანადო სამკურნალო საშუალებები რომელიც აღწევს უჯრედის შიგნით. ანტიბაქტერიული თერაპიის აღნიშნული კურსის შემდეგ პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, საკონტროლო ტესტშიც ქლამიდიაზე უარყოფითი პასუხი გამოვლინდა. მისი საერთო მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელი გახდა.



P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება პოსტები მსგავს სამედიცინო თემებზე.



უროლოგი კონსტანტინე კობალაძე





გამოგზავნილია: პჯრ_ანალიზი, სქესობრივი_გზით_გადამდები_ინფექციები, ქლამიდიოზი