ბლოგი უროლოგიაზე

პროსტატის ყველა პრობლემა ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო) არ არის



ამ პოსტში მინდა ისევ პროსტატის (წინამდებარე ჯირკვალი) პრობლემებს დავუბრუნდე. სამწუხაროდ, პროსტატის დაავადებები, მათი სიხშირიდან გამომდინარე, აქტუალობას არ კარგავენ. ჩემი პირადი პაციენტების მომართვიანობა პროსტატასთან დაკავშირებული პრობლემებით ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. განსაკუთრებით შესამჩნევია მათი უმეტესობის უიმედო განწყობა, რადგან პროსტატის ნებისმიერ პრობლემას პირდაპირ, და ხშირად უსაფუძვლოდ, პროსტატის კიბოსთან აკავშირებენ. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ჩემს ბლოგშიც დავუბრუნდე წინამდებარე ჯირკვლის თემას და განვიხილო მასთან დაკავშირებული პათოლოგიური პროცესები.

მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე ჯირკვალი, ნორმაში, ზომით კაკალზე მეტი არ არის, მისი მდებარეობისა და ფუნქციონალურობის გამო, ბევრი მწვავე ჩივილის მიზეზი შეიძლება გახდეს.

პროსტატა, თავისი ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე, ჩართულია შემდეგ პროცესებში:

- შარდის გამოყოფა

- შარდის ნაკადი და პასაჟი (შარდის ნაკადის ცვლილება ხშირად პროსტატაში დაწყებული პრობლემების ადრეული სიმპტომია)

- ეაკულაცია

- სპერმატოზოიდების კვება და ტრანსპორტი

ასაკის მატებასთან ერთად, პროსტატამ შეიძლება ბუნებრივად მოიმატოს ზომაში, რაც დაბერების პროცესის ნაწილად ითვლება. ამ დროს მამაკაცები ხშირად უჩივიან მოშარდვის გაძნელებას, მოშარდვის შემცირებას, შარდის ნაკადის წყვეტილად გამოყოფას. შეიძლება აღინიშნოს ხშირი შარდვა, განსაკუთრებით ღამით, და შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება. ეს სიმპტომები შეიძლება სხვადასხვა დაავადებაზე მიუთითებდეს, თუმცა ყველა პრობლემა, რომელიც პროსტატას უკავშირდება ყოველთვის როდია კიბო.

ჩამოთლილ სიმპტომთა ნაწილი შესაძლოა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (პროსტატის ადენომის) ნიშანი იყოს. სახელიდან გამომდინარე ეს დაავადება არ გულისხმობს კიბოს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - არ ზრდის კიბოს რისკს. იგივე ჩივილები ან მათი ნაწილი შესაძლოა მიუთითებდეს პროსტატიტზე (პროსტატის ანთება), რომელიც იმდენად გავრცელებულია, რომ მამაკაცების 70%-ს აღენიშნება მისი სიმპტომები. მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ინფექცია პროსტატიტის უმთავრეს მიზეზად სახელდება, წინამდებარე ჯირკვლის ანთება ბაქტერიული კომპონენტის გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს. ქრონიკულ არაბაქტერიულ პროსტატიტად ფასდება მსუბუქი და მზარდი ტკივილი, რომელიც გრძელდება 3 თვეზე მეტხანს და არ უკავშირდება ბაქტერიულ ინფექციას. ამ პათოლოგიას მენჯის ქრონიკულ ტკივილსაც ეძახიან.

ავთვისებიანი სიმსივნე (პროსტატის კიბო), პროსტატის ყველაზე რთულ და საშიშ პათოლოგიად მიიჩნევა. სამწუხაროდ, პროსტატის კიბო ხშირია სხვადასხვა ასაკის მამაკაცებში (მიმდინარე სტატისტიკით, საქართველოში, პროსტატის კიბო მეორე ადგილზეა) და რაც უფრო ადრეულ ასაკში ვითარდება, მით უფრო აგრესიული ხასიათის და რთულად სამართავია. სიმსივნის ეს ფორმა ადრეულ სტადიებზე ხშირად ასიმპტომურია (პაციენტს ჩივილები არ აღენიშნება). ზუსტად ეს ფაქტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროფილაქტიკური დიაგნოსტიკის მნიშვნელოვან როლს დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენასა და მკურნალობაში.

ახლა შევაჯამოთ -

პროსტატა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა სხვადასხვა სასიცოცხლო ფუნქციით. მათ შორის, ის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სექსუალურ ცხოვრებაშიც რადგან მისი დაავადებები უარყოფით ზეგავლენას ახდენენ ერექციულ ფუნქციაზე.

პროსტატის პათოლოგიებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შესაძლოა წინამდებარე ჯირკვლის სხავდასხვა პრობლემაზე მიგვითითებდნენ, და ავთვისებიანი სიმსივნე უალტერნატივო განაჩენი ნამდვილად არაა.

თუმცა გამოვლენილი სიმპტომების ყველა შესაძლო მიზეზი თავისთავად ყურადსაღებია და მათი დროული გამოვლენა ამ დაავადებებისაგან თავის დაღწევის აუცილებელი პირობაა.

ამიტომ, მამაკაცებო, ნუ უგულებელყოფთ პროსტატის პათოლოგიისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, ნუ დაელოდებით „თავისით გავლას“ და ნუ გადადებთ ექიმ უროლოგთან ვიზიტს ჩივილების პირველივე შემჩნევისას. გარდა ამისა, ჩაიტარეთ რეგულარული პროფილაქტიკური დიაგნოსტიკა (რეკომენდირებულია 40 წელს ზევით მამაკაცებში). და დამერწმუნეთ, რომ დროული და სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობა დადებითად აისახება თქვენ ჯანმრთელობაზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას!

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: გადიდებული_პროსტატა, მოშარდვის_გაძნელება,, მოშარდვის_შემცირება, პროსტატა, პროსტატის_ადენომა, პროსტატის_კიბო, პროსტატიტი, ხშირი_შარდვა