ბლოგი უროლოგიაზე

„ექიმო, მალე ვათავებ! მიშველეთ!“



ჩემი ახალგაზრდა პაციენტების უმრავლესობა თავის სამწუხარო ამბავს ამ ფრაზით იწყებს. რამდენიმე თვის წინ ძალზე საინტერესო პაციენტი მყავდა, რომელიც ნაადრევ ეაკულაციას (მალე გათავება) უჩიოდა, მისი ამბავი მაგალითად გამოგვადგება. ვიდრე ჩემთან მოსვლას გადაწყვეტდა, მან თითქმის ყველა გელი და საცხი იყიდა, რაც კი ინტერნეტით მოიძია. მათ შორის, საქვეყნოდ ცნობილი „ტიტან-გელიც“, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი იმედი ვერცერთმა საშუალებამ ვერ გაამართლა.

ამბავი დაწვრილებით გამოვკითხე და გაირკვა, რომ სქესობრივი კავშირი არარეგულარულად ჰქონდა, წარუმატებლობის შიშის გამო პაუზა რამდენიმე თვესაც კი აღწევდა. დიაგნოსტიკის საფუძველზე პაციენტს არანაირი ორგანული პრობლემა არ დაუდგინდა. ვურჩიე, ხშირად დაკავებულიყო სექსით და ეაკულაციაც (გათავება) დარეგულირდებოდა. მართლაც, ერთი თვის შემდეგ გახარებულმა გამომიარა თავის მეგობარ გოგონასთან ერთად და ეს საქმეც დაიხურა.

ეს მაგალითი რომ განვაზოგადოთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ეაკულაციასთან მიმართებით რეგულარული სექსი უმნიშვნელოვანესია. თუ თქვენ ქალბატონის გარემოცვაში წელიწადში სულ რამდენჯერმე ხვდებით, ნაადრევი ეაკულაცია ბუნებრივიცაა.

გარდა ამისა, ნაადრევი ეაკულაცია ანატომიური, ორგანული და პათოლოგიური პროცესების გამოც შეიძლება განვითარდეს.

ანატომიურ მიზეზად



მოკლე ლაგამი (კანის ნაწილი, რომელიც ჩუჩას სასქესო ასოსთან აერთებს) ითვლება, რომელიც ერეგირებული სასქესო ასოს თავს ხრის და ნაადრევი ეაკულაციის გარდა, დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს; სექსის დროს შეიძლება ჩაიხეს კიდეც და სისხლდენა განვითარდეს. ასეთ ვითარებაში თუ აღმოჩნდით, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმ უროლოგს. ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ, იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი სექსის დროს დისკომფორტსა და ტკივილს უჩივის, მოკლე ლაგამის კვეთას გეგმიურადაც ვატარებთ.

ორგანული მიზეზი



შეიძლება განპირობებული იყოს, როგორც წელის არეში სხვადასხვა ტრავმით, ისე სისხლძარღვოვანი პათოლოგიებითა და ნეიროგენური დარღვევებით, რომელთა შედეგად სასქესო ასოს მგრძნობელობა იმატებს.

თუ პაციენტს ნაადრევ ეაკულაციასთან ერთად შარდსასქესო სისტემის ანთებითი პათოლოგიური პროცესებიც აღენიშნება, აუცილებელია მათი საწყის ეტაპზე ან პარალელურად კუპირება. ზუსტი მიზეზის დადგენისა და შესაბამისი მკურნალობის დასაგეგმად, უპირველეს ყოვლისა, დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს.

ნაადრევი ეაკულაციის მიზეზის დადგენის შემდეგ სათანადო მკურნალობა უნდა განისაზღვროს. არ გირჩევთ თვითნებურად მკურნალობას და ამ ჩივილებით წლობით სიარულს. დროული სამედიცინო დახმარება ყოველთვის ზრდის გამოჯანმრთელების შანსს.

გისურვებთ რეგულარულ და სასიამოვნო სექესობრივ ცხოვრებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: მალე_გათავების_მიზეზები, ნაადრევი_ეაკულაცია