ბლოგი უროლოგიაზე

ცისტიტის მკურნალობის დროს დაშვებული 5 ყველაზე ხშირი შეცდომა



ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიური პროცესია უროლოგიაში. ამ პოსტში მინდა გიამბოთ იმ შეცდომებზე, რომლებსაც ყველაზე ხშირად უშვებენ პაციენტები და, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც, როდესაც ცისტიტს მკურნალობენ.

პირველი შეცდომა ე.წ. ხალხური მეთოდებით თვითნებური მკურნალობა



და ათასგვარი ფიტოპრეპარატის (მცენარეული) გაურკვეველი სქემებითა და დოზით მიღებაა. დავიწყოთ იქიდან, რომ ანთებითი პროცესი უმეტესწილად ბაქტერიოლოგიური გენეზისაა. პათოლოგიური ფლორის მიკროორგანიზმები სწრაფად მრავლდებიან და ამა თუ იმ ორგანოს ქსოვილის ანთებას იწვევენ. მათ წინააღმდეგ ყველა ჯგუფის ანტიბიოტიკიც კი ერთნაირად შედეგიანი არ არის. თუ შარდის ბუშტის ანთება დაიწყო, ხალხური მეთოდებითა და მცენარეული პრეპარატებით შორს მით უმეტეს ვერ წავალთ. თვითნებური მკურნალობა ხშირად ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს და საქმე სერიოზულ გართულებამდეც მიდის.

მეორე შეცდომა ანტიბიოტიკების ქაოტური და უთავბოლო მიღებაა.



„ნათესავმა მითხრა... მეზობელმა მირჩია... ჩემს დაქალს მოუხდა... ჰოდა, მეც „ციპროს“ ვიღებ...“ - ხშირად მესმის ჩემი პაციენტებისაგან. ამასობაში, ბაქტერიებთან ბრძოლა რთული და სერიოზული პროცესია, ასეთი ზერელე მიდგომა კარგს არაფერს მოგვიტანს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველა ჯგუფის ანტიბიოტიკი ერთგვარად ეფექტიანი არ არის. უპირველეს ყოვლისა, უნდა ჩატარდეს ბაქტერიოლოგიური კვლევა, რომ დადგინდეს რომელ პათოგენთან გვაქვს საქმე და ბაქტერიის წინააღმდეგ სამკურნალოდ რომელი ანტიბიოტიკი გამოდგება. ანტიბიოტიკოთერაპიის განსაზღვრა და მართვა რთული პროცესია, რომელსაც ექიმი გეგმავს.

მესამე შეცდომად შეიძლება არაშესაბამისი პროფესიონალის მიერ ჩატარებული მკურნალობა მივიჩნიოთ.



მაგალითად, ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვაწყდები ფაქტს, რომ შარდის ბუშტის ანთებას ოჯახის ექიმები მართავენ. ამ ფუნქციას გინეკოლოგები, ვენეროლოგები, თერაპევტები, კარდიოლოგები, ნეფროლოგები, ნევროლოგებიც კი ითავსებენ ხოლმე და უროლოგთან პაციენტი მხოლოდ გართულებებისა და არაეფექტიანი მკურნალობის შემდეგ ხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ შარდის ბუშტის დაავადებების, კერძოდ, მისი ანთებითი პროცესის მართვა ექიმი უროლოგების პრეროგატივაა. ზოგიერთი კლინიკური პათოლოგიის, მაგალითად, ინტერსტიციალური ცისტიტის მართვა ექიმი უროლოგისთვისაც კი ძალზე რთულია. ამიტომ, თუ შარდის ბუშტის ანთება ან საშარდე სისტემაში მიმდინარე სხვა პროცესი დადგინდა, უროლოგის ჩარევა აუცილებელია.

მეოთხე შეცდომა დიაგნოსტიკის გარეშე ჩატარებული მკურნალობაა.



სხვადასხვა პათოლოგიურ პროცესს შესაძლოა ერთნაირი სიმპტომები ჰქონდეს. ამიტომ დიაგნოსტიკის მხოლოდ ჩივილებითა და ანამნეზის შეგროვებით შემოფარგვლა არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, ტარდება დიფერენციალური დიაგნოსტიკა – ზუსტი კლინიკური დიაგნოზის სხვადასხვა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე განსაზღვრა. მაგალითად, ხშირი შარდვა მხოლოდ შარდის ბუშტის ანთების დროს არ ვლინდება, შეიძლება ამ ჩივილის მიზეზი სხვა ფაქტორებიც გახდეს. მედიცინაში ყველაზე რთული სწორი დიაგნოზის დადგენაა. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ტელეპატები არა ვართ. რასაკვირველია, სამედიცინო ალღო შეიძლება წინასწარ გვკარნახობდეს პაციენტის ჩივილების მიზეზს, მაგრამ მკურნალობის სქემა აუცილებლად სრულ დიაგნოსტიკას უნდა დაეფუძნოს და მისი შედეგების მიხედვით განისაზღვროს.

მეხუთე შეცდომად შეიძლება პაციენტის უმოქმედობა ჩაითვალოს.



ჩემს პაციენტებს შორის ბევრ ხანდაზმულ ქალბატონს ცისტიტი გარდაუვალ და ზოგჯერ ნორმალურ მოვლენადაც კი მიაჩნია. ისინი ასაკის მატებას უკავშირებენ იმ ჩივილებს, რომლებიც ცისტიტის კლასიკური სურათია, ექიმს კი მხოლოდ მაშინ აკითხავენ, როდესაც მკვეთრი გართულებები იჩენს თავს. ეს მცდარი პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას. აუცილებელია დროული, სწორი დიაგნოსტიკა და მისი შედეგებიდან გამომდინარე წარმართული სათანადო მკურნალობა. მერწმუნეთ, რომ უმოქმედობისას თქვენს ჯანმრთელობას უფრო მნიშვნელოვანი საფრთხე შეიძლება დაემუქროს.

იმედი მაქვს, რომ ამ ხუთი შეცდომის დაშვების სტატისტიკური მაჩვენებელი შემცირდება ჩვენს ქვეყანაში და თქვენი ჯანმრთელობა საიმედოდ იქნება დაცული.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და თქვენი შარდის ბუშტის გამართულ ფუნქციონირებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: შარდის_ბუშტის_ანთება, ცისტიტი, ცისტიტის_მკურნალობა