ბლოგი უროლოგიაზე

რა უნდა ვიცოდეთ გენიტალური ჰერპესის ვირუსის შესახებ?



დღეს მინდა გესაუბროთ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადების - გენიტალური ჰერპესის შესახებ. მის განვითარებას მარტივი ჰერპესვირუსი (HSV) იწვევს და იგი უმეტესად ვლინდება მტკივნეული ბუშტუკების სახით კანის ზედაპირზე გენიტალიებსა და მათ გარშემო.

ჰერპესის ვირუსი ორგვარია (HSV-1 ან HSV-2), ორივე მათგანი უშუალო კონტაქტის დროს ძალიან იოლად გადადის ერთი ადამიანიდან მეორეზე. ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კავშირია. ეს დაავადება გადამდებია იმისდა მიუხედავად, აქვს თუ არ აქვს ინფიცირებულ ადამიანს სიმპტომები. არც სქესობრივი კავშირის ფორმას (ვაგინალური, ორალური, ან ანალური) აქვს მნიშვნელობა. HSV-ს ნებისმიერ ლორწოვან გარსზე (ტენიანი საფარველი) შეუძლია გავრცელდეს, მაგალითად, პირის ღრუში.

ჩემი პაციენტები ხშირად მეკითხებიან, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება და რომელი სიმპტომების შემჩნევისას უნდა მიმართონ ექიმს. მოკლედ ჩამოგითვლით მათ:

- ქავილის შეგრძნება ან გაღიზიანებული უბანი სასქესო ორგანოებსა და ანუსის მიდამოში

- ტკივილი ან წვა

- მცირე ზომის ბუშტუკები, რომლებიც ხავსივით ედება სასქესო ორგანოებს (სასქესო ასოს ან საშოს), ბარძაყის ან რექტალურ უბნებს

- გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის, ცხელება, გადიდებული ლიმფური კვანძები

- დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა

ჰერპესის ვირუსის კლინიკური დიაგნოზის დასმა ექიმს პაციენტის პირადად გასინჯვის ან ლაბორატორიული კვლევის ჩატარების საფუძველზე შეუძლია. გენიტალური ჰერპესი ქრონიკული (ხანგრძლივი, მუდმივი) დაავადებაა. ვირუსი ორგანიზმში რჩება და მდგომარეობა პერიოდულად შეიძლება გამწვავდეს. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ დაავადება ინფიცირებიდან პირველი 2 წლის განმავლობაში საშუალოდ 4-6 ეპიზოდის სახით ვლინდება. ორგანიზმის იმუნიტეტი ვირუსის მიმართ თანდათან მძლავრდება, ამიტომ მწვავე ეპიზოდების სიხშირე დროთა განმავლობაში იკლებს, ზოგჯერ კი დაავადება საერთოდ ფარულად მიმდინარეობს.



რა იწვევს სიმპტომების დაბრუნებას?

სტრესი, ტრავმა, დაღლილობა, სქესობრივი ურთიერთობა, გადატანილი დაავადებები, ქირურგიული ჩარევა - ეს ის რისკფაქტორებია, რომლებსაც, ჩვეულებრივ, შეუძლიათ ჰერპესის ვირუსის რეციდივის გამოწვევა. მთავარი მიზეზი იმუნიტეტის დაქვეითებაა, რადგან დასუსტებულ ორგანიზმს არ შესწევს ვირუსისათვის წინააღმდეგობის გაწევის უნარი.



როგორ შეიძლება შევამციროთ ჰერპესის ვირუსით ინფიცირების რისკი?

ყურადღება გაამახვილეთ შემდეგ ფაქტორებზე:

- მოერიდეთ კოცნას, როდესაც თქვენ ან თქვენი პარტნიორი ჰერპესის ვირუსით ხართ ინფიცირებული

- თავი შეიკავეთ დაუცველი სექსისაგან

- მოერიდეთ სქესობრივ კავშირს ვირუსის მკურნალობის პერიოდში

- ინფიცირებულ უბნებთან შეხების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით



ვის ემუქრება ჰერპესის ვირუსით ინფიცირების საფრთხე?

ვირუსი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეყაროს. მიჩნეულია, რომ განსაკუთრებული საფრთხის წინაშე 20-30 წლამდე ახალგაზრდები არიან, თუ ისინი ხშირად იცვლიან სქესობრივ პარტნიორს.

დროული ვიზიტი ექიმთან და სწორი მკურნალობა ჰერპესის ვირუსით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებისა და რეციდივების რაოდენობის შემცირების საწინდარია.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქგვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: გენიტალური_ჰერპესი, ჰერპესის_ვირუსი