ბლოგი უროლოგიაზე

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV – Human Papillomavirus)



დღეს მინდა განვიხილო ვირუსული ინფექცია, რომელსაც ადამიანის პაპილომა ვირუსი ეწოდება (HPV-Human Papillomavirus). ის საკმაოდ გავრცელებულია და ინფიცირება ხშირად სქესობრივი კავშირის დროს ხდება.

რა არის პაპილომა?

პაპილომა ერთი ან რამდენიმე მომრგვალებული, არათანაბარი, რბილი, რამდენიმე ფორმირების ღია ყავისფერი, თეთრი ან ვარდისფერი ღეროვანი წანაზარდებია („ხორცმეტი“); მისი გავრცელების არეალი ფართოა და შეიძლება აღმოჩნდეს სასქესო ორგანოებზე, სახეზე, პირის ღრუში, ქვედა კიდურებზე, გულმკერდსა და კისერზე.

პაპილომა ვირუსის 100-მდე გენოტიპი არსებობს. ზოგიერთი მათგანი (13 ტიპი) მაღალი რისკისაა (ონკოგენური ანუ სიმსივნესთან ასოცირებული) და შემთხვევების 80%-ში იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს. დაახლოებით 40 გენოტიპი დაბალი რისკისაა და გენიტალური (სასქესო) ორგანოების, ვულვის, ვაგინის, სწორი ნაწლავის, ანუსის მეჭეჭების წარმოქმნას იწვევს.

ინფექცია ყველაზე ხშირად ვლინდება:

- მამაკაცებში - ჩუჩის, სასქესო ასოს თავის, შორისის, სათესლე ჯირკვლების პარკის (სკროტუმი), შარდსადენი მილის არეში

- ქალებში - სასქესო ბაგეების, საშოს, საშვილოსნოს ყელის, შარდსადენი მილისა და ანუსის ზედაპირზე

მინდა გითხრათ, რომ დღეს გენიტალური პაპილომავირუსული ინფექცია ერთ-ერთ რთულ პათოლოგიად ითვლება ხშირი რეციდივებისა და ონკოლოგიური საშიშროების გამო. აქვე უნდა ითქვას, რომ პაპილომა ვირუსით ინფიცირებულ მამაკაცებში კიბოს განვითარების საფრთხე არ ვლინდება, ეს საფრთხე მხოლოდ ქალბატონებს ეხება.

პაპილომავირუსის მქონე ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ იწყება კლინიკური გამოვლინება („ხორცმეტები“). ამ ვირუს ფარული პერიოდიც აქვს, რომელიც საშუალოდ 1-დან 12 თვემდე მერყეობს.

წანაზარდებს თუ არ ჩავთვლით, კლინიკური გამოვლენები პაპილომავირუსულ ინფექციას არ აქვს. ადამიანმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ინფიცირებულია. მისი ზუსტი დიაგნოსტირება ხდება მხოლოდ პჯრ (PCR) – პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქციით და PAP ტესტით ქალებში.

პაპილომა ვირუსით ინფიცირების რისკფაქტორებია:

- სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლა

- პრეზერვატივის არ გამოყენება სქესობრივი აქტის დროს

მინდა აღვნიშნო, რომ პაციენტს შეიძლება არა ერთი, არამედ რამდენიმე ტიპის ადამიანის პაპილომა ვირუსი ჰქონდეს. ყველაზე ხშირად ამ დაავადებით ინფიცირება და გამოვლენა 18-დან 35 წლის ასაკში ხდება.

მკურნალობა მოიცავს წანაზარდების მექანიკური გზით მოცილებასა და ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღებას.

ექიმთან დროული ვიზიტი და სათანადო მკურნალობა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ პაპილომა ვირუსისაგან გამოწვეული გართულებები.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: pap_ტესტი, პაპილომა, პაპილომა_ვირუსი, პაპილომა_ვირუსით_ინფიცირების_რისკფაქტორები, პაპილომას_დიაგნოსტიკა, პაპილომას_მკურნალობა, პოლიმერაზულ-ჯაჭვური_რეაქცია, პჯრ_(pcr)_