ბლოგი უროლოგიაზე

მამაკაცის მასტურბაცია - 5 საინტერესო ფაქტი



ეს კვირა იუმორისტულ ჟანრში წარიმართა - პაციენტების უმეტესობა მასტურბაციის შესახებ მისვამდა შეკითხვებს, ჩემს გვერდზე მიღებული წერილებიდან კი 4 ეხებოდა საკითხს - „შეიძლება ონანირება თუ არა“. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ კვირის ყველაზე აქტუალური თემის - მასტურბაციის შესახებ ერთი პატარა პოსტი დამეწერა.

მასტურბაციას (ჩუკენობა) საქართველოში სამარცხვინოდ თვლიან. ეს იმ სერიიდანაა, რომ ამბობდნენ, საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო. მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისე როგორც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, მასტურბაცია საკმაოდ ხშირია. სექსოლოგიური სტატისტიკის მონაცემებით, მამაკაცების 95.7%-ს, ხოლო ქალბატონების 91.3%-ს, ერთხელ მაინც მიუმართავს მასტურბაციისათვის.

რა არის მასტურბაცია? - ეს არის სასქესო ორგანოების სტიმულაცია, რომლის მიზანიც ორგაზმის შეგრძნებაა და სასარგებლო უფროა, ვიდრე ვიდრე საზიანო.

მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო 5 ფაქტზე, რომლებიც შესაძლოა თქვენ აქამდე არ იცოდით და რომლებმაც შეიძლება გაგაკვირვოთ კიდეც.

1. მასტურბაციას არ აქვს ისეთივე გამაჯანსაღებელი ეფექტი, როგორც სექსს



სამხრეთ ილინოისის მედიცინის სკოლის პროფესორს ტობიას კოლერს (Tobias S. Köhler, MD, MPH) თუ დავესესხებით, „ყველა ორგაზმი ერთნაირად არ არის შექმნილი“. კვლევებმა აჩვენა, რომ სექსი მამაკაცებში ამცირებს სტრესს და დეპრესიას. ის დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე, გულზე, ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს, ავითარებს ყნოსვას. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მასტურბაციაც ამდენადვე სიკეთის მომტანია ჯანმრთელობისათვის. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. მეცნიერებისათვის ჯერ დაუდგენელია, თუ როგორ ასხვავებს ორგანიზმი მასტურბაციასა და სექსს, მაგრამ ფაქტია, რომ სხეულში ცვლილებები სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს და მასტურბაციისა და სექსის დროს გამოყოფილი სპერმის შემადგენლობაც კი განსხვავდება. თუმცაღა, მასტურბაციის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, მასტურბაცია ამცირებს პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

2. არ არსებობს მასტურბაცია რისკის გარეშე



რასაკვირველია, ამ რისკების მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია. მასტურბაცია ყველაზე უსაფრთხო სექსის ფორმად ითვლება, მაგრამ ხშირმა და უხეშმა მასტურბაციამ შეიძლება მამაკაცის სასქესო ასოს კანი გააღიზიანოს. ძლიერი ფიზიკური ზემოქმედებით ასევე შეიძლება დავაზიანოთ კავერნოზული სხეულები და გარსის მთლიანობა. ჩემს რამდენიმე პაციენტს ინტენსიური ონანირების გამო ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა.

3. არ არის დადგენილი მასტურბირების სიხშირის დასაშვები ნორმა



ეს იმიტომ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, თქვენს ცხოვრებაში მისი როლი და შედეგი განსაზღვროთ. თუ თქვენ დღეში რამდენჯერმე მასტურბირებთ და ეს ბედნიერებასა და კმაყოფილებას განიჭებთ, მაშ საგანგაშოც არაფერია. მაგრამ თუ მასტურბირების გამო დეპრესიული ხართ და უარს ამბობთ სექსზე, მაშინ უმჯობესია ფსიქოგენური ფაქტორების (მაგ.: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა) დასადგენად ექიმს მიმართოთ, რათა მკურნალობა სათანადოდ წარიმართოს.

4. მასტურბირება არ ნიშნავს, რომ სქესობრივ პარტნიორს უგულებელყოფთ



მითია, რომ თუ მამაკაცი ონანირებს, ე.ი. მის სქესობრივ ცხოვრებაში რაღაც ვერ არის წესრიგში. არადა, პარტნიორთან ბედნიერი მამაკაციც შეიძლება დაკავდეს მასტურბაციით, როდესაც მარტოობას განიცდის ან, თუნდაც, სტრესის მოხსნა უნდა. ფაქტია, რომ ჩვენ, ადამიანები, ვმასტურბირებთ და, სექსოლოგიური თვალსაზრისით, ამაში არაბუნებრივი არაფერია.

5. მასტურბაცია ეხმარება ადამიანს სქესობრივი გემოვნებისა და მიდრეკილებების შეცნობაში



მასტურბაციის შედეგად ბევრი ადამიანი თავის სქესობრივ გემოვნებასა და მისწრაფებებს ეცნობა. სექსიც უფრო მრავალფეროვანი და ხარისხიანი ხდება. მასტურბაცია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სქესობრივი დისფუნქციის დაძლევაში.

როგორც ხედავთ, მასტურბაცია უმეტესწილად უვნებელი სარგებლის მომტანია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის, სქესობრივი ცხოვრებისა და ემოციური მდგომარეობისთვის. ამ, იმედია, საინტერესო ფაქტების ფონზე, გისურვებთ ჰარმონიულ, სასიამოვნო და დამაკმაყოფილებელ სქესობრივ ცხოვრებას.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქგვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: მასტურბაცია, ონანირება, ჩუკენობა