ბლოგი უროლოგიაზე

დაუცველი სექსის სერიიდან



სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციას - გონორეას ბაქტერია Neisseria gonorrhoeae (გონოკოკი) იწვევს. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით გონორეით ინფიცირების 60 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხება.

გონორეას, ჩვეულებრივ, სხვა სიმპტომებთან ერთად გენიტალური ტრაქტისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ახასიათებს, მას შეუძლია გავრცელდეს ირგვლივ მდებარე ქსოვილებში და გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი (სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება), პროსტატიტი, ურეთრიტი, მენჯის ანთებითი დაავადება. გონორეამ შეიძლება დააინფიციროს სახსრები და გულის სარქვლები, უფრო იშვიათად - ყელი და თვალები. ყველაფერთან ერთად, ეს დაავადება უნაყოფობის მიზეზიც შეიძლება გახდეს.

გონორეა კოცნით, ჩახუტებით, საცურაო აუზისა და პირსახოცის გაზიარებით, როგორც წესი, არ გადადის, რადგან ბაქტერია გონოკოკი ადამიანის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ცოცხლობს. მშობიარობისას გონორეა შესაძლებელია დედიდან შვილს გადაეცეს. დაავადება ძირითადად ვრცელდება ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კონტაქტის გზით. სახიფათოა ინფიცირებულ ადამიანთან ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირი, მათ შორის, ვაგინალური, ანალური, და ორალური.

გონორეის სიმპტომები მეტად საყურადღებოა. მათი აღმოჩენისას გირჩევთ შეიკავოთ თავი სქესობრივი კავშირისაგან და სასწრაფოდ მიმართოთ ექიმს. ინფიცირებისას მამაკაცის სასქესო სისტემისათვის დამახასიათებელია:

- ჩირქოვანი გამონადენი სასქესო ასოდან

- სათესლე ჯირკვლის შეშუპება ან შეწითლება

- წვის შეგრძნება შარდვისას

- მტკივნეული ერექცია

გონორეის დიაგნოსტირება ხდება ნაცხის ანალიზის საშუალებით. მამაკაცებში დიაგნოსტიკისათვის შარდის ანალიზიც გამოდგება, თუმცა ყველაზე ინფორმაციულად და ოქროს სტანდარტად აღიარებულია ნაცხის პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია) ანალიზი, რომელიც, ბაქტერიოლოგიურ კვლევასთან ერთად, აუცილებელია სრულყოფილი დიაგნოსტირებისათვის.

ერთი თვის წინანდელ შემთხვევას გავიხსენებ: გონორეით ინფიცირებული ჩემი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა სწრაფად უმჯობესდებოდა, მაგრამ კვლავ დაინფიცირდა, რადგან, როგორც გაირკვა, მის პარტნიორს არ მიუმართავს ექიმისათვის და არ უმკურნალია. შედეგად, რეციდივი გამოვლინდა და ჩემი პაციენტიც ხელმეორედ დაავადდა. აუცილებელია, რომ სიმპტომების აღმოჩენისას პარტნიორებმა თანადროულად მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ სწორად შერჩეული მკურნალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უსიამოვნო შედეგი მივიღოთ.

გონორეა სქესობრივად აქტიურ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეეყაროს, განსაკუთრებით, ახალგაზრდას, რომელიც ხშირად იცვლის პარტნიორს და სქესობრივი კონტაქტის დროს არ იყენებს თავდაცვის ისეთ ბარიერულ მეთოდს, როგორიცაა პრეზერვატივი. ამიტომ მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო და გირჩიოთ პრეზერვატივის გამოყენება ყოველი სქესობრივი აქტის დროს, რათა დაცული იყოთ გონორეისა და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებებისაგან.

გისურვებთ უპრობლემო და სასიამოვნო სქესობრივ ცხოვრებას.

P.S.

თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქგვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: გონოკოკი, გონორეა, დაუცველი_სექსი