ბლოგი უროლოგიაზე

პროსტატა და წამლები



- ექიმო! მოშარდვა მიჭირს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბოლომდე ვერ ვშარდავ, შარდის ნაკადიც შესუსტებულია.

- სავარაუდოდ, პროსტატის ადენომა გაქვთ, ანუ წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

გასინჯვისა და დეტალური გამოკითხვის შემდეგ ვუთხარი, რომ პროსტატა უნდა გამოვიკვლიოთ. დიაგნოსტიკის შედეგებმა ჩემი ვარაუდი დაადასტურა. პაციენტს 54 სმ3 პროსტატა და შარდის ბუშტში ნარჩენი შარდი აღმოაჩნდა. პაციენტს ძალიან გაუკვირდა და შემომჩივლა, რატომ ექიმოო? მეც პროსტატის ადენომის განვითარების რისკფაქტორები ავუხსენი (ასაკი, ჰორმონალური ცვლილებები).

აღმოჩნდა, რომ იგი რეგულარულად იღებდა სხვადასხვა ფიტოპრეპარატებს (ე.წ. მცენარეულ წამლებს) პროსტატის ადენომის სამკურნალოდ, მაგრამ პროსტატა მაინც ეზრდებოდა და ნელ-ნელა უძნელებდა მოშარდვას, სანამ ერთ დღეს საერთოდ ვეღარ მოშარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც სათანადო დახმარება აღმოუჩინეს და უროლოგთან ვიზიტი ურჩიეს.

ტელევიზიით, რადიოთი, ჟურნალ-გაზეთებით პროსტატის ადენომის სამკურნალო ათასგვარი წამლის შესახებ შეიძლება გავიგოთ. მათი უმეტესობა მცენარეული წარმოშობისაა. მათ, ვისაც შესაბამისი ჩივილები აქვთ, ჰგონიათ, რომ ექიმის ჩარევის გარეშე ამ პრეპარატების მიღებით ჯეროვან მკურნალობას იტარებენ. ჩემი რჩევაა:

- ნუ დაიწყებთ მკურნალობას ექიმი სპეციალისტის დანიშნულების გარეშე.

- ფიტოპრეპარატები უროლოგიაში ინიშნება სხვა პრეპარატებთან ერთად. მხოლოდ „მცენარეული“ მედიკამენტებით პროსტატის ადენომას ვერ შევამცირებთ. დღეისათვის არ არსებობს მეცნიერული დასკვნა მცენარეული პრეპარატების მკვეთრად გამოხატული დადებითი როლის შესახებ უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

- მოშარდვის დარღვევისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ უროლოგს, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მხოლოდ სიმპტომების გამწვავების, არამედ მათი გამომწვევი დაავადების არასასურველი განვითარების რისკიც საკმაოდ იზრდება.

- აუცილებელია თქვენი შემოწმება სხვა სავარაუდო პათოლოგიებზე (მაგ.: პროსტატიტი, ცისტიტი, პროსტატისა და შარდის ბუშტის კიბო).

ზუსტი კლინიკური დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს სათანადო სქემით მკურნალობა ენიშნება. პროსტატის ადენომის სამკურნალო წამლები ორი ძირითადი ჯგუფითაა წარმოდგენილი: ალფა-ადრენობლოკატორები და 5 ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორები. წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მართვა უპირველესად მათი მეშვეობით ხდება. სხვა ჯგუფისა და შემადგენლობის პრეპარატები ინიშნება მათთან ერთად, კლინიკური სიტუაციის შესაბამისად.

სპეციალისტთან დროულად და სწორად მიმართვით დიდია ალბათობა, რომ ქირურგიული ჩარევა არ გახდება აუცილებელი და პროსტატის მკურნალობა თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მხოლოდ მედიკამენტოზური მკურნალობით შემოიფარგლება.

კარგი იქნება, თუ პროსტატას სათანადო ყურადღებას მივაქცევთ და მხოლოდ ე.წ. მცენარეული წამლებით არ შევეცდებით თვითმკურნალობას.

გისურვებთ, რომ მოშარდვის პროცესი არ ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუარესების საფუძველი.



თუ ეს პოსტი თქვენთვის საინტერესოა, მოიწონეთ ჩემი ფეისბუქ-გვერდი, სადაც რეგულარულად ქვეყნდება მსგავსი პოსტები სამედიცინო თემებზე.

უროლოგი კონსტანტინე კობალაძე
გამოგზავნილია: პროსტატა, პროსტატის_ადენომა, პროსტატის_ადენომის_მკურნალობა